ბატონო პატრიარქო,

ამ წერილის დაწერა ჩვენს ეკლესიაში გამეფებულმა საშინელმა მდგომარეობამ გადამაწყვეტინა. დეტალებზე არ ვისაუბრებ, ჩემზე კარგად მოგეხსენებათ, თქვენს წიაღში რაც ხდება. მე, როგორც ეკლესიის წევრი, არ ვაპირებ გაჩუმებას და გულგრილად ყურებას, თუ როგორ იხრწნება ის ადგილი, რომელიც ყველასთვის მაგალითის მიმცემი უნდა იყოს. გამოდგება კი ჩვენი ეკლესია რამის მაგალითად, გარდა გარყვნილების, გაუნათლებლობის, მომხვეჭველობის, სულმდაბლობისა და სიცრუისა? ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ, რომ არა, არ გამოდგება. მაშ ვის გგონიათ ატყუებთ? ამ ყველაფერზე დამთანხმებელ მრევლს, ეკლესიის გარეთ მყოფებს, ახალდაბადებულ ჩვილებს თუ ღმერთს?

ჰო მართლა, რაც შეეხება ღმერთს. სულ მინდოდა მეკითხა, პირადად თქვენ და სინოდის წევრებს გჯერათ ღმერთის არსებობის? ეს კითხვა შემთხვევით არ გამჩენია. პატრიარქო, ნუთუ არასოდეს გიგრძვნიათ უხერხულობა იმის გამო, რომ ეკლესიის შიგნით, მრევლში, არავინ გყავთ, ვინც შეგედავებოდათ, შეგეკამათებოდათ, ან არ დათანხმდებოდა იმ ჭაობს, რომლის სათავეშიც თქვენ და საეკლესიო იერარქია დგახართ? ნუთუ ქრისტიანობა მაქსიმალურ კომფორტს ნიშნავს, ნუთუ მაცხოვარმა მოგვატყუა, როცა გვითხრა, რომ სოფელი იღებს თავისას, თქვენ კი არ ხართ ამ სოფლის და შესაბამისად, ის ვერ გიღებთო. საკითხი ასე დგას – ან თქვენ არ ხართ ქრისტიანი, ან მაცხოვარია მატყუარა. განა ქრისტეს მემკვიდრეებს ისინი წარმოადგენენ, ვინც ამა სოფლის ძლიერთათვის ყველა დროში მისაღებნი და სასურველნი არიან?

არ გავაგრძელებ თქვენს დამუნათებას. პასუხი აქაც ჩემზე უკეთ იცით. თუ თქვენ მეტყვით, ეს ყველაფერი იმისთვის კეთდებოდა და კეთდება, რომ ეკლესია არ გამქრალიყო და გაძლიერებულიყო, შეგახსენებთ, რომ ეკლესია ქვის და ბეტონის კედლები არ არის, ეს ადამიანთა კრებულია, ცოცხალი ორგანიზმია. მისი უპირველესი საზრუნავი საკუთარი სულია და აქედან გამომდინარე სხვა ყოველივე. თქვენ კი უპირველეს საზრუნავად გაიხადეთ ხორცი და სული უკუაგდეთ, რამაც ეკლესიის კვდომა და ხრწნის პროცესი გამოიწვია. თქვენ ხომ არ გინდათ, თვალებში ნაცარი შემაყაროთ და მითხრათ, ეს პოლიტიკური ორგანიზაცია სახელად სმმ (საქართველოს მართლმადიდებლური მოძრაობა) ქრისტეს სახლია?

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ბრალს ვდებ ქრისტეს სულის განდევნაში, სიცრუის ჭეშმარიტებად გასაღებაში და მოვითხოვ, იმ ეპისკოპოსების სასწრაფოდ განკვეთა დაიწყოს, ვინც სამარცხვინოდ დაეუფლა ქრისტეს ტახტს და საკუთარი ავი ზნის მიხედვით სჯის და განაგებს. უპირველეს ყოვლისა ეს ქორეპისკოპოს იაკობს ეხება, რომელიც განკვეთას საეკლესიო კრების არაერთი მუხლის მიხედვით ექვემდებარება.

კანონი 14: ეპისკოპოსს არა აქვს უფლება თავისი ეპარქია დატოვოს და სხვაგან გადავიდეს, თუნდაც ამაში ბევრი ვინმე არწმუნებდეს. ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ამას რაიმე საპატიო მიზეზი აიძულებს, როცა შეუძლია დიდი სარგებელი მოუტანოს იქაურ მრევლს ღვთისმსახურების სიტყვით, და ეს უნდა გააკეთოს არა თვითნებურად, არამედ მრავალი ეისკოპოსის გადაწყვეტილებითა და თავისი ღრმა რწმენით. (მოც. 33; I მსოფლ. 15; IV მსოფლ. 5; ტრულ. 20; ანტიოქ. 13,16,18,21; სარდიკ. 1,2,17; კართ. 48).

კანონი 27: ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი, რომელიც გალახავს, დაჩაგრავს და ამ გზით მოინდომებს დამნაშავის დაშინებას, ასეთი პირის სასულიერო წოდებიდან განკვეთას ვბრძანებთ, რამეთუ ეს უფალს ჩვენთვის სრულებითაც არ უსწავლებია, პირიქით L სცემდნენ და იგი არ პასუხობდა დარტყმებით, “… ევნებოდა და იგი არავის აგინებდა, ევნებოდა და არავის უთქუმიდა…” (I პეტ. 2,23).

კანონი 30: ეპისკოპოსი, რომელიც საერო მთავრებს დაიხმარებს და მათი მეშვეობით მიიღებს ეკლესიაში საეპისკოპოსო ძალაუფლებას, განკვეთილ და განყენებულ იქნეს, ასევე, ყველა მისი თანამოაზრე. (I მსოფლ. 4; VII მსოფლ. 3; ლაოდ. 13).

კანონი 44: ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი, რომლიც მოვალისაგან სარგებელს მოითხოვს, – დაცხრეს, თუ არადა, განიკვეთოს. (I მსოფ. 17; ტრულ. 10; ლაოდ. 4; კართ. 5,16; ბასილი დიდი 14; გრიგოლ ნოს. 6).

კანონი 45: ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი, რომელიც მწვალებლებთან ერთად მხოლოდ და მხოლოდ ილოცებს, განყენებულ იქნეს ; ხოლო თუ მათ ნებას მისცემს იმოქმედონ როგორც ეკლესიის მსახურებმა, განკვეთილ იქნეს. (მოც. 10,11,46,64; III მსოფ. 2,4; ლაოდ. 6,9,32,33,34,37; ტიმოთე ალექს. 9).

კანონი 52: ეპისკოპოსი ან მღვდელი, რომელიც ცოდვისაგან მოქცეულს არ შეიწყნარებს, არამედ განაძევებს, სამღვდელო წოდებიდან განიკვეთოს, რადგან ის თავისი ქმედებით ქრისტეს ეწინააღმდეგება, რომელმაც თქვა : “… ესრეთ იყოს სიხარული ცათა შინა ერთისათვის ცოდვილისა…” ( ლუკ. 15,7).

კანონი 58: ეპისკოპოსი ან მღვდელი, რომელიც არ ზრუნავს კლირზე და მრევლზე, და არ ასწავლის მათ ღვთისმოსაობას, განყენებულ იქნეს ; ხოლო თუ ამის შემდეგაც იმცონარებს და არ შეასრულებს თავის მოვალეობას – განიკვეთოს. (ტრულ. 19; სარდ. 11; ლაოდ. 19; კართ. 71,121,123).

კანონი 59: ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი, რომელიც გაჭირვებულ კლირიკოსს არსებობისათვის საჭირო სახსრებს არ აძლევს, განყენებულ იქნეს ; ხოლო თუ კვლავ ულმობელი დარჩება კლირიკოსთა მიმართ, განიკვეთოს, როგორც ძმის მკვლელი. (მოც. 4,38,41; ღანგ. 7,8; კართ. 37; თეოფილე ალექს.8).

კანონი 74: ეპისკოპოსი, რომელსაც რაიმეში ბრალი ედება ისეთი პირების მხრიდან, რომლებიც საზოგადოებაში ნდობას იმსახურებენ, აუცილებლად უნდა გამოიძახონ სხვა ეპისკოპოსებმა, და თუ წარსდგება მათ წინაშე და აღიარებს, ანდა მხილებულ იქნება, ეპიტიმია განეწესოს ; ხოლო თუ გამოიძახებენ და არ გამოცხადდება, მეორედ იქნეს გამოძახებული, მასთან წარგზავნილი ორი ეპისკოპოსის საშუალებით. თუკი მაინც არ შეისმენს, მესამედ მიავლინონ მასთან ორი ეპისკოპოსი, ხოლო თუ კვლავ უპატივცემულობას გამოიჩენს და არ გამოცხადდება, მაშინ კრებამ განაჩინოს, როგორც მას სათნოდ უჩანს ; ნურავის ეგონება, რომ სასამართლოსაგან თავის არიდებით, რაიმე სარგებელს მიიღებს. (მოც. 34,37,75; II მსოფ. 6; IV მსოფ. 9,17,19,21; ტრულ. 8; ანტიოქ. 14,15,20; ლაოდ. 40; სარდ. 4; კართ. 8, 10,11,12,15,18,19,59,104,107,128,129,130,132; ორგზ. 13; თეოფილე ალექს. 9).

კანონი 81: ჩვენ განვაცხადეთ, რომ უმართებულოა ეპისკოპოსის ან მღვდლისათვის საერო – საზოგადოებრივ საქმეების მმართველობაში ჩაბმა ( ისინი განუშორებლად საეკლესიო საქმეებზე უნდა ზრუნავდნენ ); ან ირწმუნონ, რომ ეს მათი საქმე არ არის, ან არადა – განიკვეთოს, რამეთუ უფლის მცნების თანახმად ” ვერვის ხელ – ეწიფების ორთა უფალთა მონებად…” ( მათ. 6,24).

მე, როგორც მრევლი, აქ წარმოდგენილი მუხლების საფუძველზე მოვითხოვ, იქნეს მოწვეული ფართო კრება და ეს საკითხები იქნეს ან უარყოფილი, ან განიკვეთოს ქორეპისკოპოსი იაკობი, რომელსაც ბირჟაზე ძველი ბიჭებიც არ დაიყენებენ გვერდით, არათუ წმინდა კრებული ეკლესიაში.

წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის მრევლი,

ნინო მოზესი

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s