ოჯახურ გარემოს მოკლებული ბავშვებისთვის მზრუნველობის ალტერნატიული ფორმების განვითარებაზე საქართველომ მუშაობა 1999 წლიდან დაიწყო. მინდობითი აღზრდა მზრუნველობის ერთ-ერთი ასეთი ალტერნატივაა.

მინდობით აღზრდა სახელმწიფოსა და მიმღებ ოჯახს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, გარკვეული ვადით, ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის უზრუნველყოფაა, რომელსაც 18 წლამდე ასაკის პირები ექვემდებარებიან.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ფრონტლაინ ჯორჯია კლუბში დისკუსია გაიმართა.

ანდრო დადიანი – ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია EvereyChild საქართველოს ფილიალის ხელმძღვანელი:

“მიღწევა არის ის, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან, ალბათ, ყველაზე დიდი რაოდენობა არსებობს მიმღები მშობლებისა და შეიძლება ჩაითვალოს, რომ ბავშვზე ზრუნვის ეს ალტერნატივა ყველაზე ქმედითადაა წარმოდგენილი საქართველოში.

დღეს, 1000-ზე მეტი ბავშვი ცხოვრობს მინდობით აღზრდაში და ეს სახუმარო ციფრები არ არის. სხვა ქვეყნებს თუ შევადარებთ, მასშტაბები აბსოლუტურად წარმოუდგენელია და მიღწევა სახეზეა. ამ მიღწევას უარყოფითი მხარეებიც აქვს.

დღეს, სახელმწიფოს, როდესაც საქმე მინდობით აღზრდის სისტემას შეეხება, სამწუხაროდ, ვერ ვხედავ იმას, რომ რაიმე ხედვა გააჩნდეს. ბოლოს 3-4 წლის წინ იყო, როდესაც ინტენსიურად მიმდინარეობდა მუშაობა ამ სისტემის ელემენტებზე.

ეს სისტემა გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას, მოიძიოს, მოამზადოს, შეინარჩუნოს, მხარდაჭერა და მონიტორინგი გაუწიოს მიმღებ მშობლებს და მინდობით აღზრდას, როგორც ალტერნატიული ზრუნვის ფორმას.

ბოლოს, 4 წლის წინ მიმდინარეობდა მუშაობა იმაზე,  რომ სახელმწიფოს თავის სისტემურ ელემენტად შეექმნა რაღაც რგოლი, რომელიც  სწორედ ამ ფუნქციით იქნებოდა აღჭურვილი – მოიძიებდა, უზრუნველყოფდა მომზადებას, შენარჩუნებას, მხარდაჭერასა და მონიტორინგს. სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სამინისტროს ერთ-ერთ დეპარტამენტთან მუშაობა მიმდინარეობდა იმაზე, რომ ეს სისტემური ელემენტი ჩამოყალიბებულიყო.

დღეს სახეზე გვაქვს ის, რომ მიმღებ მშობელს არ მოეთხოვება, მომზადებული იყოს.

რისკებს რაც შეეხება – რისკები ყველაზე მაღალია. 800-ზე მეტი მიმღები მშობელია და ვიტყოდი, რომ გაძარცვული სოციალური მომსახურების სისტემა გვაქვს და სოციალურ მუშაკებს არანაირი სამუშაო პირობები არ აქვთ იმისა, რომ ზედამხედველობა სრულფასოვნად განახორციელონ. მათ ოფისში სამუშაო პირობები არ აქვთ, არც ფული და რესურსები მონიტორინგის განსახორციელებლად. ამ პირობებში ათმაგად იზრდება რისკი იმისა, რომ ეს ათასი ბავშვი, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბითაა მიმოფანტული, შესაძლოა მხარდაჭერის არქონისა და შესუსტებული ზედამხედველობის პირობებში დაზარალდეს და ჩრდილი მიადგეს თავად ინსტიტუციას”.

ია შეყრილაძე – კლინიკური სოციალური მუშაობის კონსულტანტი და სოციალურ მუშაკთა ასოციაციის გამგეობის წევრი:

“დღესდღეობით, მინდობით აღმზრდელების სერიოზული კრიზისია საქართველოში. სოციალური მუშაკები ვერ პოულობენ არა გადაუდებელ, არამედ გრძელვადიან მინდობით აღმზრდელებსაც კი. მიზეზი სწორედ ის არის, რომ არ ხდება ამ მნიშვნელოვანი კომპონენტის საჭიროების სათანადოდ გააზრება. სახელმწიფომ გარკვეული ბიუჯეტი ამისთვის უნდა გამოყოს. დღევანდელ დღეს სოციალურ მუშაკს, რომელსაც უამრავი ფუნქცია და საშინელი სამუშაო პირობები აქვს, დამატებით ვერ მოვთხოვთ, თემში პოტენციური მინდობით აღმზრდელები მოიძიოს.

როდესაც მთელი მიმართულება მინდობით აღმზრდელების მოზიდვაზე, შერჩევაზე, მომზადებაზე, სკრინინგზე მუშაობს და მერე უკვე ამ შერჩეულ კადრს მიაწოდებს სახელმწიფო სოციალურ მუშაკს, ეს სისტემის უზარმაზარი დახმარება იქნება. ასე კეთდებოდა ადრე და ამის ხარჯზე იყო ეს სისტემა წარმატებული. ეს გამოწვევა დღეს დგას და უნდა მოგვარდეს.

ვხედავთ, რომ მინდობით აღმზრდელების პრობლემა თბილისშია და წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობა იქნება რეგიონებში მაშინ, როდესაც ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, ის რაც შეიძლება ახლოს უნდა იყოს ბიოლოგიურ მშობელთან. მინდობით აღზრდა სწორედ ბიოლოგიური ოჯახის გაძლიერებას და მასში დაბრუნებას ითვალისწინებს, თუმცა ამის ფუფუნება სააგენტოს სოციალურ მუშაკს არ აქვს.

სოციალურ მუშაკებს სამუშაო პირობები არ აქვთ და არც არავინ ცდილობს ეს პირობები გააუმჯობესოს. მათ არ ემსახურებათ მანქანა, რათა დანიშნულ ადგილას მონიტორინგზე იარონ.

მინდობით აღსაზრდელს, რომელიც სახელმწიფო ზრუნვის ქვეშაა, სოციალური მუშაკის გარდა რომელი სახელმწიფო წარმომადგენელი ნახულობს? არც არავინ. რეალურად, მინდობით აღზრდის პროცესში თუ რამე ცუდად წავიდა ყველაზე დაუცველი სწორედ ბავშვია. თუ სოციალური მუშაკი არ გაუწევს მონიტორინგს, ბავშვი ხმას ვერ მიაწვდენს ვერავის. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური მუშაკი იყოს ძალიან გაძლიერებული. ჩვენ გვჭირდება გაძლიერებული სოციალური მუშაკი, რომელიც შეძლებს ოჯახის გაძლიერებას, სათანადო მონიტორინგს და მას უნდა ჰქონდეს შესაბამისი სამუშაო პირობები”.

იმ შემთხვევაში, თუ ბავშვის მინდობით აღზრდა გსურთ, უნდა მიმართოთ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სოციალური მუშაკი მოახდენს ბავშვის საჭიროებებისა და ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველ პირთა შემოწმებას. სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე, გადაწყვეტილებას მიიღებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

One Comment

  1. მსურს უფასოდ ანუ მოხალისედ ვიმუშაო ამ სფეროში! მე უცხოეტში ვცხვრობ და ვიცნობ ამ სფეროს და აუცილებელია ესენი სისტემატურად სემოწმდნენ რომ ბავშვებს არა ავნონ. ეს ძალინა სერიოზული საკიტხია და ამას რეგულარუად უნდა სემოწმება

    Like

    პასუხი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s