ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში, მათი პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებები, პასუხისმგებლობები და ედალტიზმის პრობლემა საქართველოსა და მსოფლიოში. ეს ის თემებია, რომლებიც ანა აბაშიძის ლექციაზე “ბავშვად ყოფნის ფილოსოფია” განიხილეს.

იურისტის, ანა აბაშიძის თქმით, ზრდასრულების უმრავლესობას არასწორი და სტერეოტიპული დამოკიდებულება აქვს ბავშვების მიმართ, რაც ყველა სხვა პრობლემის საწყისია.

“მე მსურს ახლიდან დავიწყოთ ფიქრი იმაზე, თუ რას ნიშნავს იყო ბავშვი. იმიტომ, რომ მაქვს დიდი ეჭვი, რომ გვაქვს არასწორი წარმოდგენები და არამარტო ჩვენ. ძალიან ბევრ ქვეყანაში ბავშვების მიმართ არასწორი დამოკიდებულებები არსებობს. ყოველთვის ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ბავშვი არის უკიდურეს სიღარიბეში, რომ ძალადობენ მასზე და ა.შ. და არ ვსაუბრობთ საწყის პრობლემაზე –  ვინ არის და რას ნიშნავს იყო ბავშვი- არასწორად არის გაგებული საზოგადოებაში”.

ლექციაზე დიდი დრო დაეთმო ედალტიზმზე, ანუ ზრდასრულობის სინდრომზე საუბარს და იგი რასიზმთან და სექსიზმთან გაათანაბრეს. აბაშიძის თქმით, სწორედ ზრდასრულობის პრინციპია ბავშვების სხვა ბევრი პრობლემის საწყისი.

“როდესაც ამ თემაზე ვსაუბრობთ, არის ორი სუბიექტი – ჩვენ, ანუ ზრდასრულები და ისინი – ბავშვები. ანუ ჩვენ იმთავითვე გამოვყოფთ მათ სოციუმიდან და ვამბობთ, რომ ისინი სხვები არიან. სწორედ ამაშია მთავარი პრობლემა. ამას ინგლისურად ედალტიზმს უწოდებენ, ანუ ზრდასრულობის სინდრომი, რომელსაც მე პირადად, რასიზმთან და სექსიზმთან ვათანასწორებ, იმიტომ, რომ ჩვენ, ზრდასრულები სხვებზე, ანუ ბავშვებზე, ვფიქრობთ ისე, თითქოს ისინი არიან ისეთი სულიერი არსებები, რომლებიც განსხვავდებიან ჩვენგან ანატომიით, აგებულებით, სხეულის სიდიდით, ფიზიკური სიძლიერით, ანუ ისეთ ნიშან-თვისებებს ვამბობთ ამ განსხვავებებში, როგორებსაც ამბობენ რასისტები, როგორსაც ამბობენ სექსისტები როცა ლაპარაკობენ ქალის სისუსტეზე და ხაზს უსვამენ სწორედ ამ განსხვავებებს. ბავშვების და ქალების სოციალური როლი და მათი აღქმა არის თანაბრად ნეგატიურად წარმოდგენილი. ორივეზე ბატონობენ, ორივეზე ფიქრობენ, რომ არიან სუსტები და ორივე, როგორც ადამიანთა კლასი, წარმოდგენილია როგორც მეორეხარისხოვანი. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ამ ადამიანებს აღვიქვამთ როგორც არსებებს, მაგრამ ვათანაბრებთ ცხოველებთან და არ აღვიქვამთ ჩვენნაირად. ამის ბრალი კი ჩვენი სტერეოტიპული და არასწორი აღქმებია”.

ლექციაზე საუბარი იყო ბავშვების პოლიტიკურ და სამოქალაქო უფლებებზე. არჩევნების მონაწილეობის შესაძლებლობებზე და მის დადებით მხარეებზე. ბავშვების პოლიტიკით დაინტერესებისა და მასში ჩართვის გზებზე. იურისტის აზრით, ბავშვები ჩართულები უნდა იყვნენ პოლიტიკურ პროცესებში, რადგან მათ ამის სრული უფლება აქვთ:

“ ბავშვებს უნდა ვკითხოთ აინტერესებთ თუ არა მათ პოლიტიკა. მაგრამ არ უნდა ვკითხოთ – გაინტერესებს ვინ არის ბიძინა ივანიშვილი? ან გაინტერესებს ვინ არის ოპოზიცია? ესე დასმული შეკითხვა ჩემი აზრით არც არავის არ უნდა აინტერესებდეს, მაგრამ ბავშვს რომ ჰკითხავთ – გაინტერესებთ როგორი უნდა იყოს საბავშვო ბაღი? გაინტერესებთ სკოლაში როგორ უნდა გექცეოდნენ? გაინტერესებთ როგორი პროგრამები უნდა გადიოდეს ტელევიზიით? თქვენ ამ კითხვებზე მიიღებთ პასუხს და სწორედ ეს არის პოლიტიკა.
ბავშვს, ისევე როგორც სრულწლოვანს, აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის მშენებლობაში, პოლიტიკაში, მას კანონმდებლობით ამის უფლება აქვს, თუმცა კანონმდებელი რას შვრება, ეუბნება, რომ შენ კი გაქვს უფლება, მაგრამ მე ამ უფლების განხორციელების შესაძლებლობას 18 წლამდე არ მოგცემ. მე კი ვამბობ და არა მარტო მე, ძალიან მიხარია, რომ მყავს თანამოაზრეები იურიდიულ წრეებში, ოღონდ არა საქართველოში, მაგრამ იმედი მაქვს რომ დადგება დღე, მარტო არ ვისაუბრებ ამ საკითხზე, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ბავშვმა უნდა მისცეს ხმა, აირჩიოს თავისი წარმომადგენელი სახელმწიფო მშენებლობაში”.

ანა აბაშიძის აზრით ბავშვების პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობა მათ უფრო პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეებად ჩამოაყალიბებს.

“ზოგადად განვითარების პროცესში და იმ პროცესში, როცა პასუხისმგებლობის გრძნობები გიყალიბდება სხვადასხვა მოვლენებისა და საკუთარი თავის მიმართ, ძალიან მნიშვნელოვანია არჩევნებში მონაწილეობა, რადგან შენ უფრო მეტ სიახლოვეს გრძნობ სახელმწიფოსთან, სახელმწიფო კი ანგარიშვალდებული ხდება შენთან”.

იურისტის, ანა აბაშიძის აზრით აღნიშნულ საკითხებზე საუბარი დაგვიანებულიც კი არის და მიიჩნევს, რომ თუ ბავშვების მიმართ არსებული არასწორი დამოკიდებულება შეიცვლება, საზოგადოებაში პოზიტიური ცვლილებები მოხდება როგორც ბავშვების მდგომარეობის კუთხით, ისე საზოგადოების განვითარების კუთხით.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s