ჭიათურაში, პერევისის მაღაროში აფეთქების შედეგად 2 მუშა მძიმედ დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაცია მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირების გაერთიანებამ გაავრცელა. მისი ხელმძღვანელი, თამაზ დოლაბერიძე ამბობს, რომ ჭიათურაში, “პერევისის” მაღაროში აფეთქების შედეგად 26 წლის ზურაბ გამეზარდაშვილი და 50 წლის ტარიელ ბიწაძე დაშავდნენ – გამეზარდაშვილს ორივე თვალი დაუზიანდა და მხედველობა დაკარგა, ბიწაძეს კი ერთი თვალი აქვს დაზიანებული, ამასთან, სხეულის დამწვრობაც აღენიშნებათ. ამ დროისთვის ორივე მათგანი თბილისშია გადმოყვანილი. ექიმების თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
კომპანია ჯორჯიან მანგანეზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ზაქარია ზალიკაშვილმა “რუსთავი 2”- თან საუბარში თქვა, რომ შემთხვევა ტექნიკური სამუშაოების შესრულების დროს მოხდა – მუშებმა მადნის გამოსატანად დახურული მაღარო ააფეთქეს.
თუმცა, გაერთიანებული პროფკავშირი აცხადებს, რომ მაღაროებში უსაფრთხოების ნორმები დაცული არ არის.
მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით დაიწყო.