მოგმართავთ არასამთავრობო ორგანიზაცია ‘იდენტობას’ სახელით, რომელიც ლგბტი პირთა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ორგანიზაციაა.

როგორც თქვენთვის ცნობილია, ევროპარლამენტმა ერთ-ერთ განცხადებაში აღნიშნა, რომ საქართველომ რეფორმების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. საქართველოს, ისევე როგორც ევროპის დანარჩენ სახელმწიფოებს, ყველა საჭირო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა გააჩნია. მეორეს მხრივ, ჯერ კიდევ დიდი პროცესია გასავლელი სრულფასოვანი წევრობისკენ. ნამდვილად საჭიროა ქვეყნის ყველა რეფორმის კონსოლიდაციას, რათა დასრულდეს სამართალის შერჩევითი და პოლიტიკური გამოყენება და დაიწყოს სიღრმისეული მუშაობა დისკრიმინაციის აღმოფხვრის, სოლიდარობის, ტოლერანტობის, პლურალიზმისა და თანასწორობის პრინციპების გამყარებისკენ.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენ კიდევ ერთხელ გვსურს თქვენი ყურადღება გავამახვილოთ “იდენტობას” და ქართული ლგბტი თემის  ერთ-ერთ მთავარ მიზანზე – ლგბტი პირთა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ფართო სამოქალაქო საზოგადოების  ჩართულობის გაძლიერებაზე. ამ მიზნის ფარგლებში ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ჩამდენ პირთა დაუსჯელობის პრობლემა, რაც, როგორც კონკრეტულ დამნაშავეთა პასუხისმგებლობის საკითხს, ასევე უშუალოდ საქართველოს მთავრობას ეხება, რომელიც არ იძიებს სისხლის სამართლის იმ საქმეებს, რომლებიც სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულს წარმოადგენენ. ჩვენ ვთვლით, რომ ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლებას  უნდა მოსთხოვოს  პასუხი იმისთვის, რომ მან არ გამოიძია სიძულვილით მოტივირებული არცერთი დანაშაული. ასევე, ხელისუფლებისგან უნდა მოითხოვოს საჭირო მონაცემების შეგროვება და ევროკავშირის წევრობისთვის შესაბამისი წინაპირობების განსაზღვრა მოლაპარაკებებისა და კომუნიკაციის პროცესში.

როგორც ორგანიზაცია “იდენტობას”, ასევე მთლიანად ქართული ლგბტი მოძრაობის მეორე მთავარი მიზანი საზოგადოების დისკრიმინაციული და ნეგატიური დამოკიდებულებების აღმოფხვრაა. ჩვენი მიზანია ქართული ლგბტი თემის დაცვა ძალადობისგან, მათ შორის სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისგან. უფლებათა დარღვევის ფაქტების დოკუმენტირებით “იდენტობა” ცდილობს წინ წამოწიოს ის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მასშტაბებს, ასევე იმის საჭიროებას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ქმედითი ზომები მიიღოს ლგბტ პირთა უფლებათა დარღვევის პრევენციისათვის, საჭიროების შემთხვევაში კი მიმართონ სასამართლოს და გამოიყენონ საერთაშორისო ადვოკატირება. ჩვენ ასევე ვახდენთ რისკის შემცველი ადგილების იდენტიფიცირებას და ვიყენებთ ამ ინფორმაციას იმისათვის, რომ პოლიციასთან თანამშრომლობით მოხდეს უსაფრთხოების ზომების გაზრდა,  ინფორმაციის მოძიება და მტკიცებულებაზე დაფუძნებული გამოსავლის პოვნა ლგბტი თემის წევრებისთვის, რომლებიც უნდა იყვნენ, თუმცა, სამწუხაროდ, არ არიან ძალადობისგან დაცული.

გვსურს გაგაცნოთ საქართველოში ბოლო პერიოდის საგანგაშო პროცესები ლგბტი უფლებების სფეროში:

2015 წლის 23 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ადამიანი გაამართლა (ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები), რომლებიც 2013 წლის 17 მაისს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს გამართული  მშვიდობიანი აქციის დარბევაში მონაწილეობდნენ. მტკიცებულების სახით წარმოდგენილი იყო ვიდეო ჩანაწერები, რომლებიც ადასტურებდნენ იმას, რომ  სასულიერო პირებმა და აქტივისებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს, გაემართნენ აქციის მონაწილეებისკენ და გამოედევდნენ ავტობუსს, რომელიც ღონისძიების 30 ორგანიზატორის ევაკუაციას ცდილობდა. მიუხედავად ამისა, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდებულების დანაშაულის დამადასტურებელი საკმარისი რაოდენობის მტკიცებულება არ არსებობდა. პროკურატურამ 23 ოქტომბრის თაობაზე კითხვას, გაასაჩივრებდა თუ არა განაჩენს, უზენაეს სასამართლოში პასუხი არ გასცა.  ჩვენთვის კარგად არის ცნობილი, რომ საქართველოს ხელისუფლება  საერთაშორისო არენაზე ხმამაღალ განცხადებებს აკეთებს იმის შესახებ, რომ სამართლიანობა აღდგება, თუმცა გარწმუნებთ, რომ ამ შემთხვევაში ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ის განცხადებები, რაც ევროპულ ფორუმებზე კეთდება, იქვე რჩება. ხელისუფლების წარმომადგენლებს არასოდეს აუსრულებიათ ის დაპირებები, რასაც ისინი ქვეყნის საზღვრებს გარეთ აკეთებენ: განახორციელონ ის ცვლილებები, რომლებიც ლგბტი ძალადობის მსხვერპლებს ეფექტურად დაიცავს. სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები არ არის გამოძიებული, არც პოლიციის რეფორმა ჩატარებულა, რომელიც ლგბტი მეგობრული დანაყოფის შექმნას ითვალისწინებს, არ გახსნილა ცხელი ხაზიც.

ზუსტად ერთი წლის წინ ახალგაზრდა ტრანსგენდერი ქალი საბი ბერიანი მოკლეს, მის დაქირავებულ ბინას ცეცხლი წაუკიდეს. ამ მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი თბილისის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე კვირის წინ გაამართლა. ეჭვმიტანილი დამნაშავედ მხოლოდ საცხოვრებელი ბინის დაწვისთვის ცნეს და არა  საბი ბერიანის მკვლელობისთვის. როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლებისთვის საკუთრების დაზიანება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ადამიანების სიცოცხლის მოსპობა.

საქართველო ოჯახების მსოფლიო კონგრესის ჩატარების ადგილად შეირჩა, რომელიც 2016 წლის 16-18 მაისს არის დაგეგმილი. საინტერესოა, რომ ეს ღონისძიება  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს მიერ დამკვიდრებულ “ოჯახის სიძლიერის და მშობელთა პატივისცემის დღეს”, ასევე 17 მაისს – ჰომოფობიას, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს ემთხვევა. ღონისძიების ორგანიზატორები, როგორც ამერიკული, ასევე ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, ლგბტი თემის მიმართ ულტრა-რადიკალური დამოკიდებულებებით გამოირჩევიან, ხოლო მათი ძირითადი დევიზი იკითხება როგორც “შემოქმედის მიერ დამკვიდრებული  ბუნებრივი, ადამიანური ოჯახის განმტკიცება”. მათ ძალები გააერთიანეს ულტრა-რადიკალ მილიონერ ლევან ვასაძესთან და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან. ვშიშობთ, რომ მომავალი წლის 17 მაისი კარგად არ დასრულდება. სწორედ ეს ორი აქტორი გაერთიანდა 2013 წელსაც. სწორედ მათი მხრიდან დაფინანსების შედეგი იყო ის მოვლენები, რაც მსოფლიომ 2013 წლის 17 მაისს თბილისში იხილა.

საქართველოს პრემიერმინისტრი კვლავ განაგრძობს საჯარო გამოსვლებში ჰომოფობიური ხასიათის დაპირებების გაკეთებას იმის თაობაზე, რომ ის საქართველოს კონსტიტუციას სწორედ შეცვლის და მასში ოჯახი განსაზღვრული იქნება, როგორც მხოლოდ კაცსა და ქალს შორის კავშირი.

საგნის  “მე და საზოგადოება”  სწავლება  საქართველოს საჯარო სკოლებში 2015-2016 წლისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა  შემდეგი აკადემიური წლისთვის გადაიდო. საუკეთესო შემთხვევაში საგანში “მე და საზოგადოება” უნდა შესულიყო შემდეგი თემები: საზოგადოების და სახელმწიფოს მოწყობა, მთავარი ადამიანური ღირებულებები, ადამიანის უფლებები და თავისუფლებები და ა. შ. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ დაიბარა საქართველოს განათლების მინისტრი და საგანში გარკვეული კორექტივების შეტანა მოსთხოვა, რადგან, მათი აზრით, არსებული ვერსია “მოსწავლეების მენტალობას დაამახინჯებდა”. საქართველოს განათლების სამინისტრომ აღიარა, რომ ტერმინები, როგორიცაა “გენდერული იდენტობა”, “ლიბერალიზმი” და “დემოკრატიული ღირებულებები” ამოღებულ იქნა სახელმძღვანელოებიდან, ეკლესიასთან შეხვედრის შემდეგ. საპატრიარქოს მტკიცებით, აღნიშნული სახელმძღვანელო აკნინებს მართლმადიდებლობის, როგორც სახელმწიფოს დომინანტური რელიგიას, არსს. ჩვენი ღრმა რწმენით კი, ეს პრეცედენტი საქართველოს, როგორც სეკულარული სახელმწიფოს აღქმას წერტილს დაუსვამს.

შეჯამებისთვის, ჩვენ გვსურს კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი იმ ფაქტებს, რომლებიც არა მხოლოდ აფერხებს არსებულ დემოკრატიულ პროცესებს, არამედ წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს და საგანგაშოა ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის თვალსაზრისით, რასაც ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია ითვალისწინებს. უნდა აღინიშნოს, რომ რელიგიური თავისუფლება, შეუწყნარებლობა, რაც ეთნიკურ და ლგბტი იდენტობებს ეფუძნება, სიძულვილის ენა და ქსენოფობია – კვლავ რჩება ქვეყანაში ადამიანის უფლებების კუთხით მთავარ პრობლემებად, როგორც ეს იყო ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ვითარება არ შეცვლილა  მედიის მიერ უმცირესობებთან დაკავშირებული პრობლემატური საკითხების გაშუქებისა და უმცირესობის სხვადასხვა ჯგუფის მიმართ არატოლერანტული დამოკიდებულებების კუთხითაც. სამართალდამცავი  ორგანოების მხრიდან რეაგირება თავდასხმებზე, გენდერულ და რელიგიურ იდენტობაზე დაფუძნებულ დევნაზე, კვლავ არაადეკვატურია. შესაბამისად, გამოძიებები დროში გაწელილი, ასევე გონივრულ საფუძველს მოკლებულია, ან უშედეგოდ სრულდება.

ჩვენ მოგიწოდებთ მხედველობაში გქონდეს ეს გარემოებები ყოველთვის, როდესაც ამ საკითხებთან გექნებათ შეხება საქართველოსთან მიმართებით.

თანასწორობის, სამართლიანობის და უმცირესობათა ადამიანის უფლებების დაცვის გარეშე საქართველო ვერასოდეს გახდება დემოკრატიული სახელმწიფო.

პატივისცემით,

ირაკლი ვაჭარაძე

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s