უნდა არსებობდეს თუ არა სავალდებულო სამხედრო სამსახური? სჭირდება თუ არა სახელმწიფოს სავალდებულო გაწვევის სისტემა? თუ კი, რა ფორმით უნდა არსებობდეს ის? ეს უნდა ეყრდნობოდეს რაღაც გათვლებს და რაციონალურ მსჯელობას? – აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველის ინიციატივით, ევროკავშირის პროექტის ფარგლებში, თსუ-ში დისკუსია მოეწყო.

ირაკლი მჭედლიშვილი – თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს გამგეობის წევრი:

“საქართველოს პოლიტიკა ამ სისტემასთან მიმართებაში, არ ყოფილა სწორხაზოვანი დამოკიდებულება საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველოში თავდაცვის სისტემა არ შეცვლილა. ახალი სისტემის დანერგვა არ მომხდარა. მათ შორის გაწვევის სისტემაც შენარჩუნდა. შემდეგ კომერციალიზაცია განიცადა ამ სისტემამ და თავის დახსნის საშუალება მიეცათ იმ ადამიანებს, ვისაც არ უნდოდა ჯარში წასვლა, გადაიხდიდნენ ფულს და გადავადდებოდა ეს. შემდეგ, შეიქმნა ალტერნატიული სამსახური და ამან სისტემა ცოტათი უფრო დაუახლოვა დასავლურ სტანდარტებს.

შემდეგ დაიწყო მუშაობა იმისთვის, რომ მომხდარიყო ქართული შეიარაღებული ძალების პროფესიონალიზაცია. ეს ნიშნავს, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურზე ქვეყანა ამბობდა უარს. საბოლოოდ, დარჩა 2500-3000 ახალწვეული ყოველწლიურად, რომლებიც არა სამხედრო სამსახურში, არამედ შშს-ს მეთაურობის ქვეშ მსახურობდნენ და ევალებოდათ გარკვეული ობიექტების დაცვა.

2008 წლის ომის შემდეგ, კვლავ დაიწყო საუბარი გაწვეულების ზრდაზე და შემდეგ ასეც მოხდა.

ახლა ვართ გარდამავალ ეტაპზე, არ ვიცით, რა და როგორ უნდა გავაკეთოთ. ეს არ არის მხოლოდ თავდაცვის საკითხი, ეს არის ადამიანის უფლებების საკითხი, ეკონომიკის და ა.შ”.

თამარ გაბიანი – თავდაცვის სფეროში სახალხო დამცველთან არსებული ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსი:

“მარტიდან რამდენიმე სამხედრო ბაზაზე მივედით და ახალწვეულების მდგომარეობა შევაფასეთ, თუ რითი არიან ისინი დაკავებულები. დავაკვირდით გაწვევის პროცესს.

გაწვევის პროცედურებთან დაკავშირებით, ჩვენი დაკვირვებით, ხარვეზია კანონმდებლობაში. კანონში მკაფიოდ წერია, რომ უწყება წვევამდელს უნდა გადაეცეს. თუმცა, ვადები, როდის უნდა გადაეცეს და რამდენ ხანში მოხდეს წვევამდელის უშუალოდ რეგიონალურ პუნქტში გამოცხადება, არ არის განსაზღვრული.

შემოწმების დროს არ არის დაცული მათი კონფიდენციალურობა. ღირსების შემლახველიც კია მათი ჯგუფური გადაადგილება. დიაგნოზების გაჟღერება ხდება სხვებთან ერთად და ეს მათთვის პატივის და ღირსების შემლახველია.

ჩვენ დავაკვირდით გაწვეულების ფსიქიატრთან გასაუბრების პროცესს. ეს არის დაახლოებით ათწუთიანი საუბარი. შესაძლოა, ადამიანს ჰქონდეს დაზიანებები, მაგრამ მის ნებაზეა დამოკიდებული, გააცხადებს თუ არა, რომ ეს თვითდაზიანებაა ან რაიმე სხვა ფორმით მიადგა. იმ პირობებში, როდესაც ფსიქიატრიული პრობლემის გამოსავლენად ათი დღეა საჭირო, რათა დადგინდეს პრობლემა არსებობს თუ არა, 10 წუთიანი გასაუბრება საკმარისი არ არის.

ზოგადად ექიმები დამოკიდებულები არიან იმაზე, რას განუცხადებს მას წვევამდელი, აწუხებს თუ არა რაიმე. თუ ის არ იტყვის, რომ რაიმე აწუხებს, ან არც იცის თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მას დამატებით გამოკვლევაზე არ აგზავნიან და დიდი შანსია, რაიმე გამორჩეთ.

პრობლემაა ასევე ის, რომ ადამიანს საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ უწევს ჯარში წასვლა. მათ ხშირად ემართებათ ნერვული აშლილობები, ადაპტაციის პრობლემები აქვთ და ადგილზე მისულებს ფსიქოლოგები არ ხვდებათ.

განათლების კუთხითაც პრობლემაა: კანონში გვიწერია, რომ შეიძლება გადავადდეს სამხედრო სამსახური, თუ სწავლის პირველივე წელს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან გამოსული პირი, რომელიც ეროვნულ გამოცდებს გაივლის და წარმატებით ჩააბარებს. ასეთ პირს აქვს შესაძლებლობა განათლების უფლება გამოიყენოს. სხვა შემთხვევაში, თუ ის მეორე წელს მოხვდა უნივერსიტეტში, ან პირველივე წელს ვერ შეძლო სწავლის დაწყება, ვალდებულია სავალდებულო სამხედრო სამსახურში წავიდეს.

არის შემთხვევებიც, როდესაც მსახურების გამო, მათთვის მნიშვნელოვანი სამსახურის დატოვება უწევთ.

რაც შეეხება განუკურნებელ დაავადებებს, პირი, რომელსაც არ აქვს მინიჭებული შშმ პირის სტატუსი, მაგრამ აქვს პრობლემები და ეს დაავადება განუკურნებელია, მისი გაწვევის გადავადება ხდება სამი წლით. მაგ: თუ პირს კიდური აქვს მოკვეთილი, მაგრამ არ აქვს სტატუსი, სამ წელიწადში ერთხელ ვალდებულია, მივიდეს გაწვევის კომისიაში და თავიდან გაიაროს ეს პროცესი.

პრობლემაა ეთნიკური უმცირესობების საკითხი: როდესაც მათ არ იციან თავიანთი მშობლიური ენის გარდა სხვა ენა, რთული წარმოსადგენია, საერთო შეკრებებზე გააგებინონ თავიანთი უფლებების შესახებ.

პრობლემა იყო, როდესაც ეროვნებით აზერბაიჯანელი პირი გაიწვიეს. მას ჰყავდა ორი კვირის შვილი და წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ შეეძლო სამი წლით გადაევადებინა თავისი სამსახური. ახლა ჯარში მსახურობს და ვერ ტოვებს სამხედრო სამსახურს. ეს იმის შედეგი იყო, რომ მას თავისი უფლებები წინასწარ არ გააცნეს”.

ანა დოლიძე – თავდაცვის მინისტრის მოადგილე:

“გაწვევასთან დაკავშირებულ შენიშვნებს ვიზიარებთ. ბევრი პრობლემაა ამ სისტემაში. გაწვევა საქართველოში მომავალ წელს რადიკალურად მცირდება და 2017 წელს თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილი აქვს, რომ თავისი დაკვეთით აღარ განახორციელოს გაწვევა.

ადამიანებს არ უნდა დავაძალოთ ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა, თუ მათ ეს არ სურთ. თუმცა, სახელმწიფო თავდაცვის განხორციელება ერთი კონკრეტული ჯგუფის ფუნქცია არ უნდა იყოს. ჩემი მოსაზრებაა, რომ ყველა ადამიანი მონაწილეობდეს ამ ფუნქციის შესრულებაში. თუ გაწვევა არ იქნება, უნდა მოვიფიქროთ, ვინ შეასრულებს იმას, რასაც ეს ადამიანები ასრულებდნენ.

ეს მტკივნეული ინსტიტუციური ცვლილებაა, რომელიც საკმაოდ კარგად მიმდინარეობს. ეს პროცესი ამის მიუხედავად განხორციელდება. ერთი ფორმა, რაზეც ვმსჯელობთ, ესაა პროფესიული ჯარი და აქტიური რეზერვი. ჩვენს კონცეფციას კი წლის ბოლოს წარვადგენთ”.

ირაკლი სესიაშვილი – თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე:

“შეიარაღებულ ძალებს გარკვეული კონცეფცია აქვთ და უფლება აქვთ უარი თქვან წვევამდელებზე, მაგრამ მე ამას არ ვიზიარებ. წინააღმდეგი ვარ, გაუქმდეს სავალდებულო სამხედრო სამსახური. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ არ მაქვს ალტერნატიული შეთავაზება. ეს ჩემი იდეაა, რომელსაც სხვადასხვა უწყებებთან ერთად ვამუშავებ.

ჩემთვის ამომავალი წერტილი ისაა, რომ რა ტიპის გაწვევაც არ უნდა გვქონდეს, ის უნდა ემსახურებოდეს თავდაცვას. თუმცა, არსებობს ორი კომპონენტია: მშვიდობიანი პერიოდი და საომარი, ან საგანგებო მდგომარეობა.

მშვიდობიანობის პერიოდში სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეების სხვადასხვა სამსახურში გამოყენება, რესურსების ეკონომიაა და ნუ გვგონია, რომ ეს ცუდია. ეს იაფი ხელია. ასევე, ადგილი და საშუალება, სადაც ახალგაზრდებს გარკვეულ უნარ-ჩვევებს ვასწავლით. მიმაჩნია, რომ წვევამდელები გვჭირდება ორი მიზეზით: პიროვნებები ჩამოვაყალიბოთ პატრიოტული ღირებულებებით და მეორე კომპონენტი – წვევამდელი ჯარისკაცი უნდა გამოვიყენოთ თავდაცვისთვის.

ჩემი აზრია, რომ წვევამდელები გამოვიყენოთ ყველგან, სადაც საჭიროა, მაგრამ მათი პირდაპირი ინტეგრირება უნდა მოხდეს სარეზერვო სამსახურში.

მაგალითად: 6 თვე შეიძლება წვევამდელმა იმსახუროს სასჯელაღსრულების სისტემაში, ბადრაგის სამსახურში, შემდეგ ავტომატურად გადავა თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში და სარეზერვო სამსახურს გაივლის სამი თვით. საერთო ჯამში გამოუვა 9 თვე (ეს ციფრები პირობითია) და სამინისტროს ექნება გარანტირებული რესურსი, რომელიც მეტ ნაკლებად მომზადებული იქნება.

მიმაჩნია, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურთან ერთად სავალდებულო სამოქალაქო სამსახურიც უნდა არსებობდეს. ამის ბუნებრივი მაგალითი ახალგაზრდებმა 13 ივნისის შემდეგ მოგვცეს. ის, ვინც არ მიდის სამხედრო სავალდებულო სამსახურში, მისი რესურსი უნდა იყოს აღრიცხული და საჭიროების შემთხვევაში, სამოქალაქო მიმართულებით გამოყენებული. რეგიონალური პრინციპებით უნდა მოხდეს იმავე ასაკში სამოქალაქო მიმართულებით ადამიანების გაწვევა. შესაძლოა, სტუდენტებიც გაიწვიონ სამოქალაქო სამსახურში. მათ ჩაუტარდებათ მომზადება და საჭიროების შემთხვევაში, მოხდება მათი მობილიზება. მაგალითად, გამწვანების პროცესში შესაძლოა, სამოქალაქო ვალდებულების მქონე პირებმა მიიღონ მონაწილეობა და სახელმწიფომ ისინი გაიწვიოს საზოგადოებრივად სასარგებლო სამსახურისთვის.

მე წინააღმდეგი ვარ, რომ სამხედრო მოსამსახურეები ჩაერთონ სტიქიური უბედურებების ლიკვიდაციაში, ეს უკიდურეს შემთხვევაში უნდა ხდებოდეს” .

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s