გაეროს ეგიდით, ქალთა ძალადობის წინააღმდეგ, 25 ნოემბერს 16 დღიანი კამპანია იწყება.

საქართველოში “ქალთა მოძრაობის” წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ წლევანდელი კამპანია მთლიანად ადრეული ქორწინების პრობლემატიკას მიეძღვნება. მათი თქმით, ადრეული ქორწინება მთელ საქართველოში დიდ პრობლემას წარმოადგენს და მნიშვნელოვანია, რომ ამ კუთხით სახელმწიფოს მხრიდან ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას.

ქალთა მოძრაობის ერთ-ერთი წარმომადგენლის, ბაია პატარაიას თქმით, სახელმწიფოს არ აქვს კონკრეტული ხედვა და პოლიტიკა ამ პრობლემის მოსაგვარებლად:

“საქართველოში საკმაოდ გავრცელებულია ადრეული ქორწინება, გვხვდება ისეთი ადრეული ასაკები, როგორიცაა 12 წელი, მაშინ, როდესაც ოფიციალურად ქორწინების ასაკი 18 წელია. უფრო ხშირად, პატარა გოგონებს მშობლების გადაწყვეტილებით ათხოვებენ. გვინდა, რომ სახელმწიფომ ყურადღება მიაქციოს ამ პრობლემას, ვინაიდან არ არსებობს არანაირი ხედვა და არანაირი პოლიტიკა ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად”.

25 ნოემბერს, საღამოს 8 საათზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წინ აქცია გაიმართება. გარდა ამისა, პერფომანსის სახით, აქციის მონაწილეები შეეცდებიან, საზოგადოების და სახელმწიფოს ყურადღება მიიქციონ, რათა სახელმწიფომ შეიმუშაოს კონკრეტული პოლიტიკა, დაიწყოს გოგონების უფლებების დაცვა და ადრეული ქორწინების წინააღმდეგ კამპანია.

ბაია პატარაიას თქმით, ადრეული ქორწინების კუთხით მეტად პრობლემური რეგიონები ქვემო ქართლი, აჭარა და კახეთია.

“ადრეული ქორწინების ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, რადგან ადრეული ქორწინების დროს ხშირად არ ხდება ხელმოწერა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ 16 წლამდე ხდება ეს ქორწინება, ბუნებრივია, რომ ის ვერ იქნება რეგისტრირებული. მაგრამ ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ირიბი მონაცემები, მათ შორის- ყოველდღე საქართველოში 4 არასრულწლოვანი გოგონა ხდება დედა, რაც არის კავშირში ადრეულ ქორწინებასთან” , – აღნიშნავს პატარაია.

იურისტის, ანა აბაშიძის განცხადებით, ადრეული და იძულებითი ქორწინების შემთხვევაში საზოგადოების წევრებმა არ იციან, თუ რა ტიპის დანაშაული ხდება და რომ ამ დროს ბავშვის უფლებები და თავისუფლებები იზღუდება. მისი თქმით, ადრეული ქორწინება სექსუალური ხასიათის დანაშაულს წარმოადგენს.

“ხშირად, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ადრეული ქორწინების ნეგატიურ მხარეებზე, ეს გაუგებარია საზოგადოებისთვის და ზოგიერთი ჯგუფის წარმომადგენელი ამბობს, რომ თითქოს ეს არის ბავშვის თავისუფალი გადაწყვეტილება. სწორედ აქაა მთელი პრობლემა. პირველი ის, რომ საზოგადოებამ არ იცის, რა დანაშაულს სჩადის, რომ ბავშვის მიმართ ხდება გარკვეული იძულებითი მოქმედებები. ხანდახან შეიძლება თითქოს თვითონ ბავშვი დათანხმდეს ქორწინებას, მაგრამ ყველაზე ხშირად აქ ვუშვებთ შეცდომას. როგორც ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის თვალსაზრისით, განსაკუთრებით კი გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტის, რომელიც ბავშვთა უფლებების დაცვის უმაღლესი ორგანოა, ადრეულ ასაკში ქორწინება, იქნება ეს იძულებითი თუ ნებაყოფლობითი, სექსუალურ ძალადობას წარმოადგენს”, – აცხადებს ანა აბაშიძე.

მისი თქმით, ადრეული ქორწინების პრობლემატიკა დაყენებულია ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთ მთავარ განსახილველ საკითხად. გარდა ამისა, მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ შეცვალოს არსებული დამოკიდებულება ადრეულ ქორწინებასთან დაკავშირებით და აღიაროს ის, როგორც ბავშვთა მიმართ ჩადენილი დანაშაული, ძალადობა და მათი უფლებების დარღვევა.

“დღევანდელ დღეს, ჩვენი მცდელობა მიმართულია საზოგადოებისკენ, რომ უნდა გავიგოთ, რომ თითქოს ჩვენი კეთილი სურვილებითა და განზრახვით ჩადენილი ქმედებები, განსაკუთრებით მაშინ, როცა მშობლები აქტიურობენ, გოგონებისთვის ფატალურად მთავრდება. ამიტომ უნდა გავიგოთ, რომ ჩვენი ქმედება ბავშვთა უფლებების საწინააღმდეგოა და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ როგორც კი საზოგადოება ამას მიხვდება, საგრძნობლად დაიკლებს მაჩვენებელი”, – აღნიშნავს ანა აბაშიძე.

“ქალთა მოძრაობის” კიდევ ერთი წარმომადგენლის, თეო ხატიაშვილის თქმით, ადრეული ქორწინება საზოგადოების სტერეოტიპული აზროვნების შედეგია და ეს ყოველივე ხელს უწყობს პრობლემის არსებობასა და გავრცელებას. გარდა ამისა, მიიჩნევს, რომ ადრეული ქორწინება ფემიციდის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია.

“ჩვენი მოძრაობა, “ქალთა მოძრაობა” ჩამოყალიბდა ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში და ხშირ შემთხვევაში, ფემიციდის მიზეზი სწორედ ნაადრევი ქორწინებაა, როდესაც ოჯახი სრულიად ხელოვნურადაა შექმნილი, სადაც არ არის არც სიყვარული, არც ურთიერთგაგება და ურთიერთობები მკაცრად იერარქიულია. ამ ყველაფერს კი ხშირად დრამატულ შედეგებამდე მივყავართ”, – აღნიშნავს თეო ხატიაშვილი.

25 ნოემბერს თბილისის გარდა აქცია პარალელურად საქართველოს 10 ქალაქში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ 25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s