სოციალური ცენტრი “კავშირი ადამიანებისთვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ” დაფინანსების შეწყვეტის გამო შესაძლოა დაიხუროს. სოციალური ცენტრის წარმომადგენლის განცხადებით, მათი ცენტრი აქამდე უცხოური დონორი ორგანიზაციების დაფინანსების შედეგად ფუნქციონირებდა, 2015 წლის ბოლოს კი ისინი დაფინანსების გამოყოფას წყვეტენ.

“17 მაისთან” საუბრისას სოციალური ცენტრის მენეჯერმა, თორნიკე რაზმაძემ აღნიშნა, რომ სახელმწიფო აღნიშნულ ცენტრს საკმარისი რაოდენობის თანხით ვერ აფინანსებს და მხოლოდ 11 ლარიანი ვაუჩერული სისტემით შემოიფარგლება. მისი თქმით, უშუალოდ ვაუჩერულ დაფინანსებაშიც გარკვეული პრობლემებია.

“ჯანდაცვის სამინისტრო ერთ ბენეფიციარზე 11 ლარს იხდის. რაც საკმარისი არ არის. გარდა კომუნალური, კვების და საწვავის ხარჯებისა (რასაც ვაუჩერული დახმარება ანაზღაურებს), ჩვენ  წელიწადში 215 ათასი ლარი გვჭირდება, რასაც აქამდე დონორი ორგანიზაციები ანაზღაურებდნენ, სწორედ ამ თანხაზეა საუბარი. თუმცა, აქ პრობლემების მთელი ჯაჭვია. ჯანდაცვის სამინისტროს ვაუჩერების გაცემისთვის კონკრეტული თანხა აქვს გამოყოფილი. ხშირ შემთხვევაში აღნიშნული თანხა საკმარისი არ არის, რომ ყველა ბენეფიციარმა მიიღოს კუთვნილი 11 ლარი. ადამიანი იმსახურებს ამ თანხის მიღებას, თუმცა ვერ აძლევენ. როდესაც საკმარისი თანხა არ არის, არსებობს ვაუჩერის რიგში ჩადგომა, სადაც ადგილი მხოლოდ ორ შემთხვევაში თავისუფლდება- ერთი, რომ ვინმემ უარი უნდა თქვას ვაუჩერის მიღებაზე, რაც ძალიან იშვიათი შემთხვევაა და მეორე, ვინმე უნდა მოკვდეს. ჩვენს ცენტრში 55 ბენეფიციარია, მათგან 42 ბენეფიციარი იღებს ვაუჩერს, დანარჩენი 13 კი ყოველგვარი დაფინანსების გარეშეა დარჩენილი”.

თორნიკე რაზმაძის თქმით, მათი ბენეფიციარების გარკვეული ნაწილი 11 ლარს სრულად ვერ იღებს, რადგან სახელმწიფოს შემუშავებული აქვს დამატებითი კრიტერიუმები – 11 ლარს იღებს ის ბენეფიციარი, რომელიც სიღარიბის ზღვარს მიღმაა, ხოლო ის ბენეფიციარები, ვინც სიღარიბის ზღვარს მიღმა არ იმყოფებიან, ვაუჩერის სახით 11 ლარის 75% იღებენ, რაც დაახლოებით 8 ლარი და 25 თეთრია.

ცენტრის წარმომადგენლის თქმით, ისინი დაუკავშირდნენ როგორც ჯანდაცვის სამინისტროს, ისე თბილისის მერიასა და საკრებულოს.

“ თბილისის მერიისგან ჩვენი ცენტრი კონკრეტული სახის დახმარებას იღებს. მას შემდეგ, რაც ჩვენმა ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, სახელმწიფოს ვალდებულებების ერთ-ერთ პუნქტს წარმოადგენს შშმ პირების ევროპული კონვენციის შესრულება, რომლის მიხედვითაც, შშმ პირებს უნდა მიეცეთ დასაქმების შესაძლებლობა. ამის გამო, მერიამ გვითხრა, რომ ის გადაგვიხდიდა იმ 11 ლარის დაკლებულ 25 პროცენტს. აქედან გამოდის ის, რომ ბენეფიციარი მაინც 11 ლარს იღებს, მერიას კი ეს ყველაფერი გაკეთებულ საქმეში ეთვლება. რაც შეეხება საკრებულოს, ჩვენ ჯერ კიდევ 2015 წლის აპრილში დავწერეთ პროექტი დაფინანსებასთან დაკავშირებით. ახლა ვიცით, რომ მიმდინარეობს 2016 წლის ბიუჯეტის განხილვა და წლის ბოლომდე ველოდებით მათგან პასუხს”.

თორნიკე რაზმაძის თქმით, უცხოური დონორი ორგანიზაციების მხრიდან დაფინანსების შეწყვეტის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს სწორედ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა წარმოადგენდა, რადგან ამ ყველაფრის შემდეგ მსგავსი ტიპის დღის ცენტრებზე ზრუნვა სახელმწიფოს მოვალეობებში შედის.

სოციალურ ცენტრის “კავშირი ადამიანებისთვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ” მენეჯერის თქმით, მათ დახმარებისთვის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებსაც მიმართეს, თუმცა მათგან პასუხი ვერ მიიღეს.

“ძალიან არ მინდა, რომ კონკრეტული ბრენდები ვთქვა. თითქმის ყველას დავუკავშირდით, ძალიან დიდ ორგანიზაციებსა და ბიზნეს ჯგუფებს საქართველოში, მათ შორის საქართველოს ბიზნესმენთა ასოციაციასაც, სადაც მსხვილი ბიზნესის თითქმის ყველა წარმომადგენელია გაერთიანებული. ავუხსენით სიტუაცია, ბევრს ვთხოვეთ თანამშრომლობა და არა ის, რომ უანგაროდ დაგვხმარებოდა. უბრალოდ, არც კი შეგვხვდნენ, უმრავლესობამ მითხრა, რომ ელ. ფოსტაზე გადამეგზავნა ჩემი თხოვნა და ელ.ფოსტიდან არანაირი პასუხი არ მიმიღია. თუ არ გაქვს ვინმესთან პირადი ნაცნობობა, რომელიმე დღის ცენტრიდან მოსულ მენეჯერს არავინ არ დაუჯდება და არ დაელაპარაკება”.

“კავშირი ადამიანებისთვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ” და მისი სტრუქტურული ერთეული „სოციალური თერაპიის სახლი“ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, კერძოდ, გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ზრდასრულ ადამიანებს 1990 წლიდან ემსახურება. თერაპიულ სახელოსნოებში 55 შშმ პირი საქმიანობს და ჩართულია მხატვრულ და კულტურულ აქტივობაში.

ცენტრის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს სულ 7 სხვადასხვა პროფილის სახელოსნო-საწარმო: საქსოვი, სადურგლო, სტამბა, სანთლების, ხელოვნების, მეორადი ქაღალდების და სამზარეულო, რომლებშიც ბენეფიციარები პროდუქციას ყოველდღიურ რეჟიმში ამზადებენ.

გარდა შშმ პირების სოციალური თერაპიისა, „კავშირი ადამიანებისთვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ“ საგამომცემლო და საგანმანათლებლო საქმიანობასაც ეწევა. ორგანიზაციის მიერ თარგმნილი და გამოცემულია 18 წიგნი. ასევე ტარდება სხვადასხვა კურსები სოციალ-თერაპევტების მოსამზადებლად.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s