ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და ამ მიმართულებით ვითარების გაუმჯობესებისთვის საკანონმდებლო ცვლილებები მზად არის. კანონპროექტის ავტორი “ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელია”. ორგანიზაციამ კანონპროექტი პოლონეთის საელჩოს პროექტის ფარგლებში მოამზადა, რომელიც, თავის მხრივ, მიზნად ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერებას ისახავს.

ორგანიზაციის ინიციატივა ორ კანონს – “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა” და “ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” სპეციალურ კანონს ეხება.

“ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის” წარმომადგენლების თქმით, ერთ-ერთი მთავარი შედეგი, რაც ამ ცვლილებებს მოყვება, შესაბამისი თვითმმართველობების ტერიტორიაზე ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის/კრიზისული ცენტრის შექმნა იქნება.

კერძოდ:

კანონი “ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ”:

“კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის VI/1 თავი – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მონაწილეობა ოჯახში ძალადობის პრევენციასა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების სფეროში.

პუნქტი 3. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები უფლებამოსილნი არიან:

(კანონმდებლობით დადგენილი წესით ქონების გადაცემის ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფორმით/საშუალებით) ხელი შეუწყონ შესაბამისი თვითმმართველობის ტერიტორიაზე ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის/კრიზისული ცენტრის მოწყობას და/ან კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყონ შესაბამისი თვითმმართველობის ტერიტორიაზე ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის/კრიზისული ცენტრის შექმნა”.

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” 24-ე მუხლს, კი შემდეგი შინაარსის ქვეპუნქტი ემატება”:

“მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, განსაზღვროს ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების ხელშემწყობი პროგრამები(პროექტები) და აღნიშნულ სფეროში მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოების მონაწილეობის ფორმები”.

“ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ქმედითი ბრძოლა შესაძლებელია მხოლოდ ყველა სახელისუფლო რგოლის ძალისხმევით. ამას ითხოვს სტამბულის კონვენციაც და საერთაშორისო სტანდარტებიც.

დღეს საქართველოს კანონმდებლობა შედარებით განვითარდა დასჯის კუთხით, ანუ მოძლადეების მიმართ შეიძლება მკაცრი ადმინისტრაციული პოლიტიკა გატარდეს, სისხლის სამართლის კოდექსითაც ვსჯით მათ, მაგრამ კანონმდებლობაში პრევენციული ნაწილი ნაკლებად არის გათვალისწინებული. პრევენციისთვის სახელისუფლებო სისტემიდან დამატებითი რგოლების ჩართვა აუცილებელია. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი გახლავთ თვითმმართველობა”, – ამბობს გია გოგიბერიძე, “ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის” იურისტი.

პარლამენტის გენდერული საბჭოს წევრი, გუგული მაღრაძე კი მიიჩნევს, რომ რეგიონებში კრიზისული ცენტრების შექმნა აუცილებელია, რადგან ძალადობის მსხვერპლ ადამიანებს დროული დახმარება გაეწიოთ.

“ხშირ შემთხვევაში, ძალადობის მსხვერპლებს სჭირდებათ დაცვა ძალადობის განხორციელების მომენტში. ამიტომ, როცა არ არის შესაძლებლობა, რომ ეს ადამიანები დროებით მაინც გაერიდონ იმ ადგილს, სადაც მასზე ძალადობენ, არ არის თავშესაფრები, ნიშნავს, რომ მათ ხანგრძლივი ძალადობისთვის ვწირავთ.

იორმუღანლოს შემთხვევას მოგახსენებთ, სადაც ქალმა თავი მოიკლა, იმიტომ, რომ ქმრის ნათესავებმა სცემეს. იქ რომ კრიზისული ცენტრი ყოფილიყო, სადაც მას დაიცავდნენ, ეს ვითარება არ იქნებოდა, ადამიანის სიცოცხლე გადარჩებოდა. ამიტომ არის აუცილებელი, კრიზისული ცენტრები ადგილზე იყოს.

ადგილობრივ თვითმმართველობას საკანონმდებლო საფუძველი აუცილებლად სჭირდება”.

შეთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებებითაც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმის უფლებამოსილება განესაზღვრებათ, თუმცა მათი შესრულება სავალდებულო არ არის.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი კახიძე ამბობს, რომ სასურველი იქნება, მუნიციპალიტეტებს რამდენიმე წელიწადში გარკვეული ვალდებულებებიც დაეკისროთ.

“სამინისტროს შეთავზება არის ასეთი: შეგვიძლია, პირველ ეტაპზე უბრალოდ ნებაყოფლობითი უფლებამოსილება, შემდეგ კი გავწეროთ დელეგირებული უფლებამოსილება და ვთქვათ, რომ, მაგალითად, 2019 ან 2020 წლიდან ყველა მუნიციპალიტეტი ვალდებული იქნება, ეს განახორციელოს. ანუ შევიმუშაოთ გარდამავალი დებულება თვითმმართველობის კოდექსში.

ასევე, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის სტატუსის მინიჭება კანონპროექტში განსაზღვრულია, როგორც სახელმწიფოს უფლებამოსილება. რაც შეეხება მუნიციპალიტეტის ჩართულობას, მუნიციპალიტეტების და სახელმწიფოს უფლებები უნდა იყოს გამიჯნული და უნდა იყოს განსაზღვრული, რომელი რაზეა პასუხისმგებელი”.

“ძალადობისგან დაცვის ეროვნულმა ქსელმა” “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა” და “ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტი პარლამენტის დეპუტატებსა და მთავრობის წარმომადგენლებს მრგვალ მაგიდაზე წარუდგინა. საკანონმდებლო ორგანოში კანონპროექტების დარეგისტრირება უახლოეს მომავალში იგეგმება.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s