დღეს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის დღე ყოფილა…
რა უცნაურია, ხანდახან ვერც კი აცნობიერებ, რომ არც ისე ცოტა ხნის წინ თავად ძალადობის მსხვერპლი იყავი. ყველაზე რთული ნაიარევის მოშუშება კი არა, შეცდომის აღიარება ყოფილა.

შენ აღიარე შეცდომა.

რამდენიმე წლის წინ მეგობარმა ყელზე დიდი სილურჯე შეგნიშნა, რომლის ტონალური კრემით დაფარვა, როგორც აღმოჩნდა, კარგად ვერ შეძელი. ყელს ვერც კიბეს მიარტყამდი, ვერც კედელს. დამალვას აზრი არ ჰქონდა. მაშინ რამდენიმე ცრემლი გადმოგცვივდა. ახლაც არ იცი, რატომ პატიობდი უპატიებელს, რატომ გებრალებოდა მარტოობისთვის, რატომ გჯეროდა, რომ თავს მოიკლავდა ადამიანი, რომელსაც მხოლოდ საკუთარი თავი უყვარს.

რა უნდა იყოს იმაზე ცინიკური, როცა სიკვდილს თვალებში სწორედ ის ადამიანი ჩაგახედებს, რომელიც ერთ დროს სამყაროს გერჩივნა… როდესაც საკუთარი თავის გადასარჩენად, დანას ფანჯრიდან ისვრი და არ ფიქრობ, რომ ვინმე შეიძლება შეეწიროს იმას, რომ შენ უსუსური ქალი ხარ, რომელზეც ხელი აწიეს, სიკვდილს გაუწოდეს შენი სხეული, მერე მუხლებში ჩაგივარდნენ, პატიება გთხოვეს, ნაიარევი დაგიმუშავეს და შენ აპატიე. აპატიე იმიტომ, რომ თვითმკვლელობით გაშინებდნენ.

ყოველთვის, როცა რაღაცას არასწორად იტყოდი ან გააკეთებდი, კარს გაიხურავდა და დილამდე არ მოვიდოდა, ან სადარბაზოში თავის მოსაკლავად გავარდებოდა. შენ მუხლებში ვედრებით ჩაუვარდებოდი იმ ფიქრით – მართლა რომ გადახტეს, ამ სიმძიმით ვერ ვიცხოვრებო.

სამსახურში გამოგიგზავნიდა გადაჭრილი ხელის სურათს და გეტყოდა – აი ხედავ, რა მდგომარეობამდე მიმიყვანე, შენ გამო ამას ვაკეთებ და ა.შ.

შენ ცრემლიანი შეხვალ უფროსთან და იმ დღეს გათავისუფლებას სთხოვ, რაღაც უაზრო მიზეზით. იმისი თქმის ხომ შეგრცხვება, რომ საყვარელი ადამიანი გადასერილი ხელებით გაშინებს, ან იმუქრება – აბები დავლიე რომ მოხვალ, აღარ დაგხვდებიო.

მალე სამსახურსაც დაკარგავ, მერე ბოლომდე დაკარგავ საკუთარ მეს, ოღონდ არ აღიარო დაშვებული შეცდომა. საკუთარ თავს თვალებში ნაცარსაც კი შეაყრი.

ერთ დღეს გეტყვის, რომ ისე ძალიანაც აღარ უყვარხარ, როგორც ეს ადრე იყო. შენ ყველა სხვა გოგოსთვის გაგზავნილი მისი შეტყობინებაც გაგახსენდება, რომელიც თავის დროზე ამობეჭდე და მერე სამსახურის ნაგვის ურნაში გადაუშვი, რადგან ესეც უნდა გეპატიებინა.

მერე რა იქნება, წლები რომ გავა? სულ ჩამოგიხმება სხეული, არც მეგობრები დაგრჩება, არავისი სიყვარული, იქნებით შენ და ეს მუდმივი შიში.

სანამ შენ სამყაროს თავისუფალი, ჭკვიანი და ემანსიპირებული ქალი ჰგონიხარ, მორიგი მხდალი ქალბატონი ხარ, რომელიც მაკიაჟით ცდილობს შიშისა და ტკივილის დაფარვას.

სანამ შენ მაგალითი ხარ სხვისთვის, მაგრამ არა საკუთარი თავისთვის, ფიქრობ იმაზე, როგორ გამოიქცე სახლიდან უბრალოდ ცოცხალი.

სანამ ცხელ-ცხელ პოსტებს წერ იმაზე, რომ ჩაგრულებმა ხმა უნდა ამოიღონ, ყურებში სხვადასხვა ნივთების ლეწვის ხმა ჩაგესმის და თითქოს არ გინდა იმის გაფიქრება, ხმა ჯერ თავად რომ გაქვს ამოსაღები.

ერთ დილას შენ დაალაგებ სახლს, დაიწყებ ბარგის ჩალაგებას, მანამდე კი ყველა დანას საგულდაგულოდ გადამალავ.

როდესაც შენი ბავშვობის ლოგინზე ჩამოჯდები, ამოისუნთქავ და იტყვი, ესეც დასრულდა! ის კი არც ხელებს გადაიჭრის, არც აივნიდან გადახტება, არც აბებს დალევს. ნამუსიანი კაცის ნიღბით სიარულს განაგრძობს და კრინტსაც კი არ დაძრავს იმაზე, რომ შენ ის უარყავი. ბევრი ტყუილიც არ გაგიკვირდეს, თავადაც ხომ იტყუებოდი, რომ კარგად ხარ?! ახლაც ხომ იტყუები, როდესაც ისევ ხელს აფარებ?…

დაიბრუნე დაკარგული გოგონა, რომლითაც ერთ დროს ამაყობდი.

ანონიმი ავტორი

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s