სამოქალაქო პლატფორაში «არა ფობიას!» წევრი, ასევე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები «სტუდიო კამპუსის» დირექტორის, მიხეილ ხუნდაძის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით ამბობენ, რომ ქმედებას სათანადო კვალიფიკაცია უნდა მიეცეს და გათვალისწინებულ იქნას საქმეში მკვეთრად გამოხატული რელიგიურ-იდეოლოგიური ნიშნით სიძულვილის მოტივი.

მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აუცილებელია გამოძიებამ დანაშაულის გარემოებების აღწერის დროს მიუთითოს საქმეში სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 31 ნაწილის (სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის) ნიშნების არსებობის შესახებ.

საქმე 15 ნოემბერს მომხდარ ინციდენტს ეხება, როცა „სტუდიო კამპუსის“ დირექტორი, მიხეილ ხუნდაძე ცივი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა „კამპუსის“ ორგანიზებით მოწყობილ საჯარო ლექციაზე, მილორავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში მოხდა. ამ ეტაპზე დაჭრილი, მძიმე ოპერაციის შემდეგ, რეაბილიტაციას გადის.

ხუნდაძის თქმით, თავდამსხმელთა გაღიზიანება, სავარაუდოდ, „სტუდიო კამპუსში“ ჩატარებული ლექციების შინაარსმა გამოიწვია.

„ეს დაიწყო მას შემდეგ, რაც ჩვენ დიდი საჯარო ლექცია გავაკეთეთ ნიცშეზე, ნოემბრის დასაწყისში. გაჟღერდა ნიცშეს ტექსტის განსაზღვრება, რომელიც არის „ასე იტყოდა ზარატუსტრაში“ – „ღმერთი მოკვდა“. მაგ ლექციაზე ბევრი სტუმარი გვყავდა, 180 სტუდენტი, ამიტომ გამოვიყენეთ ხმის გამაძლიერებლები და ეს ხმები უბანშიც ისმოდა. ვვარაუდობთ, ამის გამო ჩათვალეს, რომ ჩვენ სექტანტები და სატანისტები ვართ“ – თქვა ხუნდაძემ ჟურნალ „ლიბერალთან“ ინტერვიუში.

“მას შემდეგ, რაც 15 ნოემბერს, ღონისძიებაზე დამსწრეთა ნაწილმა ლექციის ჩაშლა სცადა, ცენტრის ხელმძღვანელმა მიხეილ ხუნდაძემ მათ მკაცრად მოსთხოვა სივრცის დატოვება. სიტყვიერი კონფლიქტი მალე ფიზიკურ ძალადობაში გადაიზარდა. ლექციიდან გასულმა ახალგაზრდებმა მოიყვანეს პიროვნება, რომელმაც სადარბაზოსთან სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდეგ, ხუნდაძე მკერდის არეში დანით დაჭრა.

თვითმხილველები ყვებიან, რომ ინციდენტის შემდეგ ამავე უბანს მაცხოვრებლები აღნიშნავდნენ „ახია  თქვენზე“, „აბა რა გეგონათ“, „თქვენ ხართ სატანისტები“, „რა ლექციებს ატარებთ აქ“.

დაზარალებულისა და თვითმხილველების განმარტებები, აღნიშნულ ინციდენტში, სავარაუდოდ, სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულის ნიშნების არსებობაზე მიუთითებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრალდებული დაკავებულია და გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

აღნიშნული ფაქტი არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც დომინანტი რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლები განსხვავებული იდეოლოგიისა და რწმენის ადამიანებს შეუწყნარებლობის მოტივით თავს ესხმიან, ფიზიკურად ძალადობენ მათზე და უზღუდავენ პირად თუ საჯარო სივრცეს. ასეთ დროს, ძალადობის პრევენციის მიზნით, უკიდურესად მნიშვნელოვანია, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან,  სიძულვილის მოტივით განხორციელებულ სამართალდარღვევებზე დროული და ეფექტური რეაგირება მოყვეს”, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში, რომელსაც ხელს ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი, იდენტობა, მედიის განვითარების ფონდი (MDF) აწერენ.

რაც შეეხება საქმის გამოძებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე დაკავებულია ერთი ადამიანი, გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით არის დაწყებული”.

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s