მიუხედავად იმისა, რომ განათლების უფლება საქართველოს ყველა მოქალაქისთვის კონსტიტუციით გარანტირებულია, ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე განათლების თანაბარი ხარისხი და ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილი არ არის. ამ მხრივ ყველაზე მოწყვლად ჯგუფს ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა წარმოადგენს.

კვლევა, რომელიც სწორედ ამ მოწყვლად ჯგუფებს, საქართველოში გამყოფი ხაზის გასწვრივ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის განათლების უფლების საკითხს შეეხება, ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტისა და არასამთავრობო ორგანიზაცია “სინერგიის” მიერ ჩატარდა.

მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონის ტერიტორიებს საქართველოს სახელმწიფო 20 წელზე მეტია, რაც ვერ აკონტროლებს, იქ მცხოვრებ ქართველ მოსახლეობასთან კონტაქტი დღემდე არ გაწყვეტილა და საქართველოს მთავრობასაც აქვს პროგრამები, რომლებიც ქართულ მოსახლეობაში ენის და იდენტობის შენარჩუნებას ემსახურება.

2001 წლიდან გალის რაიონის ქართული სკოლების მასწავლებლებისთვის სახელმწიფო “ოკუპირებული რეგიონების პედაგოგებისა და ტექნიკური პერსონალის სოციალური დახმარების” პროგრამის ფარგლებში დახმარებას გამოყოფს, რომელიც კვარტალურად გაიცემა და 600 ლარს შეადგენს. ხოლო, 2008 წლიდან ეს დახმარება ახალგორის ქართული სკოლების მასწავლებლებზეც ვრცელდება.

გალი

ოკუპირებულ გალში ზოგადი განათლების მიღების შემდეგ იქაური მოსწავლეები ეროვნულ გამოცდებში კონკურენტუნარიანები არ არიან და დახმარებას საჭიროებენ.

მიუხედავად ამისა, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე კურსდამთავრებულთაგან, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობენ, საკმაოდ ბევრი ახერხებს მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვას.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 2013 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდაზე 128 აბიტურიენტი გავიდა. აქედან 52-მა სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა. 2014 წელს გამოცდაზე 131 მოსწავლე გავიდა. მათგან 72-მა სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა.

ბოლო 5 წლის განმავლობაში (2010-2014) რეგისტრირებულ მოსწავლეთა ყველაზე დიდი რაოდენობა 2010 და 2011 წლებში დაფიქსირდა – 188 მოსწავლე. აქედან, 2010 წელს სწავლის გაგრძელების უფლება 87-მა, ხოლო 2011 წელს 117-მა მოსწავლემ მოიპოვა.

გალის რაიონში 31 სკოლაა და მათგან 11 ქართულად ითვლება. ეს სკოლები ეთნიკურად ქართველებით დასახლებულ ტერიტორიაზე მდებარეობს და მოსწავლეების უმრავლესობაც ქართველები არიან.

კვლევის ფარგლებში, ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტისა და არასამთავრობო ორგანიზაცია “სინერგიის” მიერ გალის რაიონში 6 ფოკუსური ჯგუფი ჩატარდა, გასაუბრება მოხერხდა 2 მშობელთან, 2 მასწავლებელთან და 2 უფროს კლასელთან.

მათი თქმით, ძირითადი პრობლემა, სწავლის ხარისხთან დაკავშირებით, ენის საკითხია. ისინი ამბობენ, რომ ქართულ მოსახლეობას რუსულ ენაზე სწავლა და სწავლება უჭირს. ქართული ენის გამოყენების აკრძალვის გამო, ისინი იძულებულნი არიან მასალაში არსებული სიძნელეები მოსწავლეებს ჩურჩულით და მალულად ქართულ ენაზე აუხსნან.

გარდა ამისა, პრობლემაა ის, რომ მოსწავლეებმა რუსული ენა სათანადოდ არ იციან. აღინიშნა, რომ ბავშვები განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში არიან იმის გამო, რომ სახლში მეგრულად ან ქართულად საუბრობენ, სკოლაში კი ყველა საგანს რუსულად ასწავლიან. გარდა ამისა, უცხო ენებთან ერთად, აფხაზურსაც სწავლობენ. შედეგად კი სრულყოფილად ვერცერთ ენას ვერ ფლობენ.

კვლევის ფარგლებში გამოვლინდა, რომ მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები ერთნაირად წუხან იმასთან დაკავშირებით, რომ სკოლებში ქართული ენის პროგრამას 3 საათის ნაცვლად უკვე მხოლოდ 2 საათი ეთმობა. ისინი შიშობენ, რომ აფხაზეთის მთავრობა ამით არ დაკმაყოფილდება და ეტაპობრივად საერთოდ ამოიღებს ქართული ენის სწავლებას.

სკოლის შემდგომ განათლებასთან დაკავშირებით გალის მაცხოვრებლები დედაქალაქში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობაზე ინფორმირებულები არიან. ისიც იციან, რომ მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვის შემთხვევაში 100%-იანი სახელმწიფო გრანტი გარანტირებულია. თუმცა, გალელი მოსწავლეების წინაშე რამდენიმე პრობლემა დგას:

პირველი, ქართული ენის არასათანადოდ ცოდნაა. აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართულენოვანი წიგნების შეტანა რთულია და მოსწავლეებისთვის გამოცდებისთვის მომზადება ძნელია. გარდა ამისა, მათთვის უცხოა ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება. ადგილობრივი ქართველი პედაგოგებიც არ არიან მომზადებულები, რომ ბავშვებს ზოგადი უნარების მომზადებაში დაეხმარონ.

საქართველოში სწავლის გაგრძელებასთან დაკავშირებით კიდევ ერთი ფაქტორია გადამწყვეტი – აფხაზეთში ქართული დიპლომით სამსახურის შოვნა შეუძლებელია. იმისთვის, რომ მათ აფხაზეთში სამსახურის დაწყება შეძლონ, დამატებითი განათლების მიღება და იქ კოლეჯში სწავლა სჭირდებათ.

პრობლემაა სტუდენტის თბილისში სასწავლებლად გამოშვება. ფოკუსური ჯგუფის დროს მშობლები აღნიშნავენ, რომ თბილისში, ქუთაისში და ბათუმში მათ ნათესავი არ ჰყავთ და არც შვილისთვის ბინის დასაქირავებელი შემოსავალიც.

დისკუსიის ფარგლებში ყველა ჯგუფს ჰკითხეს, თუ რა მოთხოვნით მიმართავდნენ საქართველოს ხელისუფლებას. ყველა ჯგუფის შემთხვევაში პირველადი მოთხოვნა ქართული ენის სწავლების შენარჩუნებაში დახმარება და ქართულისათვის მეტი საათების დათმობა დასახელდა.

სამხრეთ ოსეთი, ცხინვალის რეგიონი – გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლები

ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტისა და არასამთავრობო ორგანიზაცია “სინერგიის” მიერ ჩატარებული კვლევის ფარგლებში, ამ რეგიონში სამი ფოკუსური ჯგუფი ჩატარდა მოსწავლეებთან, მშობლებთან და მასწავლებლებთან.

კვლევის მიხედვით, გამოიკვეთა მძიმე სოციალურ ფონთან დაკავშირებული სირთულეები, რომლებიც განათლების ხარისხზე და ხელმისაწვდომობაზეც აისახება.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებაში ყველაზე დიდ სირთულედ მოსწავლეები მძიმე ფინანსურ მდგომარეობას მიიჩნევენ, რის გამოც, კერძო მომზადება რთულია. გამოცდების წარმატებით ჩასაბარებლად კი რეპეტიტორთან სიარულს ყველა ჯგუფი გადამწყვეტად მიიჩნევს.

ფინანსური ხელმისაწვდომობის გარდა, აღმოჩნდა, რომ ტრანსპორტის შეზღუდულად მუშაობის გამო, რაიონული ცენტრისკენ გადაადგილება რთულია. მოსწავლეები ამბობენ, რომ საკმაო მანძილის გავლა ფეხით უწევთ. შესაბამისად, ზამთრის წვიმიან დღეებში სოფლებს შორის მოძრაობა ძალიან რთულია და სკოლის გაცდენა უწევთ.

ეკონომიკური პრობლემების გარდა, გამოიკვეთა, რომ ცხინვალის რეგიონის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას უსაფრთხოების განცდა არ აქვს. ამ სიტუაციას ისიც ემატება, რომ ადგილზე ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელია – არ არის გზები და ტრანსპორტი. გარდა ამისა, განათლების მიღებას ბიბლიოთეკის არარსებობა და ინტერნეტთან მიუწვდომლობა აფერხებს..

კითხვაზე, თუ რა დახმარებას ითხოვდნენ ისინი მთავრობისგან აღნიშნავდნენ, რომ გზისა და ტრანსპორტის, წყლისა და დასუფთავების პრობლემის მოგვარება და სოფლისთვის სასწრაფო დახმარების მანქანის გამოყოფა იყო აუცილებელი.

გარდა ამისა, კვლევის ფარგლებში გამოკითხული ​ყველა რესპონდენტი ხელისუფლებას განათლების ხარისხის ამაღლებაში ხელშეწყობას – როგორც მასწავლებლების გადამზადების, ისე სახელმძღვანელოების მიწოდების მხრივ – სთხოვს.

აღნიშნულმა კვლევამ დაადასტურა, რომ საქართველოს არ აქვს ერთიანი და თანმიმდევრული ხედვა და პოლიტიკა ოკუპირებული და გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე ტერიტორიებზე ქართული განათლების ხელშეწყობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, განათლების უფლებით სარგებლობა ამ ჯგუფებისთვის შეზღუდულია.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s