არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობა” 2010 წლის 8 ნოემბერს დაარსდა და უკვე ხუთი წელია სხვადასხვა ნიშნით დისკრიმინაციის მსხვერპლი ადამიანების მიმღებლობის გაზრდისთვის მუშაობს.

ორგანიზაციის საქმიანობის მიზნებს წარმოადგენს განსხვავებული იდენტობის მქონე ადამიანთა და ჯგუფების მიმართ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის, სიძულვილის ენის მიზეზების კვლევა და აღმოფხვრისკენ მიმართული კამპანიის წარმოება. ასევე, ბავშვებისა და მოზარდების, განსაკუთრებით მზრუნველობას მოკლებული ბავშვების და კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების მიმართ არსებული დისკრიმინაციის გამოვლენა, შესწავლა და აღკვეთა. მათთვის თანაბარი უფლებებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფა და მათი საზოგადოებაში ინტეგრაცია.

ორგანიზაციის საქმიანობის კიდევ ერთი მიზანი ქალთა მიმართ არსებული დისკრიმინაციის გამოვლენა, შესწავლა და აღკვეთაა. ასევე, ლგბტქი პირების თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით უზრუნველყოფა, მათი ინტეგრაცია საზოგადოებაში და მათი ინფორმირებულობის გაზრდა ჯანსაღი სქესობრივი ცხოვრების წესის ხელშესაწყობად.

“იდენტობას” საქმიანობის მიზანი ზოგადი, ინსტიტუციონალიზებული და ინტერნალიზებული მიზოგინიის და ჰომოფობიის დაძლევასაც მოიცავს. ასევე, აგრესიული ეთნონაციონალიზმის, რელიგიური ექსტრემიზმის პრობლემისა და სეკულარული წყობის წინაშე არსებული გამოწვევების მიზეზთა კვლევა.

არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობას” ეს მისია ემყარება რწმენას, რომ საზოგადოება აუცილებლად იქნება დემოკრატიული, თანმიმდევრული და ძლიერი, ეს კი ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ინტერსექსი ადამიანების (ლგბტქი), ქალების, რომა (ბოშების), შეზღუდული ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების მქონე პირებისა და საზოგადოებისგან გარიყული ახალგაზრდების სრული ინტეგრაციის გარეშე წარმოუდგენელია.

ორგანიზაცია თავის ბენეფიციარებს სხვადასხვა მომსახურებებს სთავაზობს. ესენია, უფასო ფსიქოლოგიური კონსულტაციები ინდივიდებისა და წყვილებისათვის, მათი ოჯახის წევრებისათვის. ასევე, უფასო იურიდიულ კონსულტაციას და ადგილობრივ და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოებში წარმომაგენლობას.

“იდენტობას” სათემო ცენტრი ლგბტქი ადამიანებს სექსუალობისა და გენდერის, მიმდინარე სოციო-პოლიტიკურ საკითხებზე ღია დისკუსიებსა თუ მრგვალი მაგიდის შეხვედრებს სთავაზობს. პროფესიული და პერსონალური უნარების გაძლიერება-დახვეწის მიზნით, სათემო ცენტრი ლგბტ ადამიანებს რეგულარულად სთავაზობს უფასო ტრეინინგებს.

გარდა ამისა, სათემო ცენტრის სტუმრების განკარგულებაშია სექსუალობისა და გენდერის საკითხებში საქართველოში ყველაზე მდიდარი ბიბლიოთეკა. საკუთარი იდეების და პროექტების განხორციელებაში სათემო ცენტრი მოხალისეებს მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებითა და ადამიანური რესურსებით ეხმარება.

ირაკლი ვაჭარაძე

ირაკლი ვაჭარაძე

ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ირაკლი ვაჭარაძე ამბობს, რომ 2010 წლიდან დღემდე “იდენტობამ” საქართველოში ახალი ერა შექმნა, როდესაც საზოგადოების ყველაზე მიჩუმათებული და გარიყული ჯგუფი ჩრდილიდან გამოვიდა და არსებულ პრობლემებზე ღიად დაიწყო საუბარი.

“დაიწყო საუბარი იმ არნახულ დისკრიმინაციაზე, რასაც ეს ჯგუფი განიცდიდა. საზოგადოებაში შეიცვალა დამოკიდებულება ლგბტ ადამიანების მიმართ, ძალადობის მსხვერპლი ქალებისა და უსახლკარო ადამიანების მიმართ. ისინი აღარ არიან ყველასგან მიტოვებულები ისე, როგორებიც იყვნენ. თუმცა, მათი მდგომარეობა ჯერ კვლავ მძიმე რჩება. მიუხედავად ამისა, ისინი უხილავები აღარ არიან და ეს არის “იდენტობას” დამსახურება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ “იდენტობას” გარეშე ეს სოციალური პროგრესი არ მოხდებოდა”, – ამბობს ვაჭარაძე “17 მაისთან” საუბარში.

ქეთი ხუციშვილი

ქეთი ხუციშვილი

ორგანიზაციის სოციალური მუშაკის, ქეთი ხუციშვილის თქმით, მისი საქმიანობის ძირითადი ნაწილი ორგანიზაციის სამიზნე ჯგუფთან მუდმივი კომუნიკაცია და მათი საჭიროებების დაკმაყოფილებაა.

“ვცდილობთ მათი მოთხოვნები ორგანიზაციის შიგნით არსებული რესურსებით დავაკმაყოფილოთ. ესაა – ექიმის, ფსიქოლოგის, იურისტების მომსახურება. იმ შემთხვევაში, თუ შიდა ორგანიზაციული რესურსი აღარაა საკმარისი, მაშინ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სახელმწიფო სერვისებთან ვიწყებთ თანამშრომლობას”, – ამბობს ხუციშვილი.

სოციალური მუშაკის თქმით, ლგბტ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობის კუთხით გამოწვევად რჩება ტრანსგენდერი ადამიანების პრობლემები. მათთვის ყველაზე დიდ სირთულეს საცხოვრებელი ადგილის და სამსახურის ძიება წარმოადგენს.

“ბინის ძიების პროცესი არც ისეთი რთულია, რადგან პირადობის მოწმობის ჩვენება აუცილებელი არ არის. მაგრამ, თუ სამსახურს ეძებ, ვინაიდან შენი ბიოლოგიური სქესი შენს სოციალურ სქესს არ ემთხვევა, ათიდან ათი შანსია შენი ძებნა უშედეგოდ დასრულდეს”, – ამბობს ხუციშვილი “17 მაისთან” საუბარში.

ინგა არახამია ფოტო: რადიო თავისუფლება

ინგა არახამია
ფოტო: რადიო თავისუფლება

დაარსების დღიდან “იდენტობამ” სამართლებრივი და ფსიქოლოგიური დახმარება სხვადასხვა სახის ძალადობის და ჩაგვრის მსხვერპლ ასობით ადამიანს გაუწია. ორგანიზაციის იურისტი ინგა არახამია ამბობს, რომ მათ დახმარება გაუწიეს ადამიანებს, რომლებიც არიან მსხვერპლი და არა მარტო დისკრიმინაციის, არამედ ნებისმიერი სახის ძალადობის, თაღლითობის და სხვა სახის დანაშაულის.

“ყველას ვეხმარებით, როგორც ლგბტ თემის წევრებს, ასევე ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალებს, ბავშვებს, საჯარო მოხელეებს, რომელთა მიმართაც უკანონო ქმედებები იქნა განხორციელებული და ა.შ”, – ამბობს არახამია.

“იდენტობას” აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, იურისტი ნინო ბოლქვაძე “17 მაისთან” იმ სტრატეგიულ საქმეებზე საუბრობს, რომელიც ორგანიზაციას წარმოებაში აქვს.

“ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ, 2015 წელს მიღებული გადაწყვეტილებაა, როდესაც სასამართლომ 2012 წლის 17 მაისის საქმეზე საქართველოს მთავრობის მხრიდან დარღვევები დაადგინა.

ნინო ბოლქვაძე

ნინო ბოლქვაძე

კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საქმე, რომელიც “იდენტობას” აქვს წარმოებაში ტრანსგენდერი ადამიანის საქმეა. სარჩელი, რომლითაც ის ითხოვს მისი გენდერით განპირობებული სქესის აღმნიშვნელი ჩანაწერის შეცვლას პირადობის მაიდენტიფიცირებელ დოკუმენტში. იუსტიციის სამინისტროა პასუხისმგებელი ამ პროცესებზე და ჩვენ ამ წუთას სარჩელის განხილვის ეტაპზე ვიმყოფებით”, – ამბობს ნინო ბოლქვაძე “17 მაისთან” საუბარში.

ორგანიზაციის ბენეფიციარების თქმით, მათი “იდენტობასთან” თანამშრომლობა ნაყოფიერი იყო. “17 მაისთან” საუბარში ისინი ამბობენ, რომ ორგანიზაციამ მათი ცხოვრების რიტმის დაბრუნებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

დათო, 28 წლის: “უკვე რამდენიმე წელია აქტიურად ვთანამშრომლობ “იდენტობასთან” და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ბევრ რაიმეში დამეხმარა. ჩვენი თანამშრომლობა მაშინ დაიწყო, როდესაც ჩემმა “მეგობარმა” იძულებითი ქამინგ აუთი გამიკეთა, რამაც ჩემს ფსიქიკაზე უარყოფითად იმოქმედა და ფსიქოლოგის კონსულტაციები დამჭირდა. სწორედ მაშინ გავიცანი “იდენტობა” და მისი ფსიქოლოგი, რომელიც ძალიან დამეხმარა. მან მოახერხა, რომ ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავბრუნებოდი. მაშ შემდეგ აქტიურად ვთანამშრომლობ ორგანიზაციასთან და გარდა გამოცდილებისა და ცოდნისა, ძალიან კარგი მეგობრები და ნაცნობები შევიძინე”.

გიგია, 25 წლის: “იდენტობამ” ძალიან დიდი როლი შეასრულა ჩემს ცხოვრებაში. ეს ორგანიზაცია რომ არა, ძალიან გამიჭირდებოდა. ფსიქოლოგიური დახმარება გამიწიეს და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში მნიშვნელოვნად წამწიეს წინ. პლიუს ამას, ორგანიზაციის და მისი თანამშრომლების სახით ძალიან კარგი მეგობრები შევიძინე”

ამ ეტაპზე ორგანიზაციის მისია იდეების, სოციალური ჩარევის მოდელების მოფიქრება უნდა გახდეს, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ქართულ საზოგადოებას ეფექტურად დაძლიოს ფობიები, სიღარიბე და დაეხმაროს ყველა ადამიანს კვლავ გახდნენ საზოგადოების აქტიური წევრები და აღარ იყვნენ ამოგდებულები სოციალური წესრიგიდან.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s