ახალგაზრდა კაცს, გიორგი ნიბლაძეს, არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის გამო, შესაძლოა 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა შეუფარდონ.

2014 წელს იგი 15 წლის ნინო კოკაურზე დაქორწინდა, 2015 წლის სექტემბერში კი ნიბლაძე პროკურატურამ დაიბარა. რამდენიმე დღის წინ საქმის არსობრივი განხილვა დაიწყო.

აღნიშნულ ფაქტს საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება და აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი ოჯახის პირად საქმეში უხეში ჩარევაა, რომელიც ამ ოჯახის დანგრევას გამოიწვევს. ნაწილი კი ფიქრობს, რომ სამართალდამცავებმა თავიანთი მოვალეობა უნდა შეასრულონ და კანონის ფარგლებში უნდა იმოქმედონ.

“ქალთა მოძრაობის” წევრისა და იურისტის, ბაია პატარაიას აზრით, სამართალდამცავმა ორგანოებმა მსგავს შემთხვევებზე რეაგირება უნდა მოახდინონ და თუ საჭიროა, გამოძიება უნდა დაიწყონ.

პატარაია “17 მაისთან” საუბარში აღნიშნავს, რომ საუბარი იმაზე, სამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყოს, გამოძიება არ უნდა ჩატარდეს და ამ ადამიანის არანაირი პასუხისმგებლობა არ უნდა დაეკისროს – კანონის დარღვევაა.

“კანონის დარღვევებს კარგ შედეგებამდე არასდროს მივუყვანივართ და ახლა რა მდგომარეობაც გვაქვს დიდწილად იმის ბრალია, რომ სამართალდამცავი სტრუქტურები იგნორირებას უკეთებდნენ ქალთა უფლებების დამრღვევის ფაქტებს, მათ შორის, ბავშვთა უფლებების, გოგონათა უფლებების დარღვევაზე არ ახდენდნენ რეაგირებას. სწორედ ამან გაამწვავა ეს პრობლემა. იმედი მაქვს, რომ ადეკვატური იქნება ის ღონისძიებები გატარებული, რასაც სამართალდამცავები გაივლიან. ამ ადამიანისთვის ბრალის წაყენება და გამოძიების დაწყება ჩემი აზრით, არის სამართლიანი და კანონიერია”.

პატარაიას აზრით, თუ სამართალდამცავი ორგანოები მსგავს ფაქტებზე ადეკვატურ რეაგირებას არ მოახდენენ, მაშინ “დაჩაგრული და უფლებადარღვეული გოგონების არმიას მივიღებთ”.

გარდა ამისა, პატარაია ამბობს, რომ სრულწლოვანი ადამიანის მიერ არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული სექსუალური ქმედება პედოფილიაა მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობაში ეს ტერმინი არ არის. პატარაიას თქმით, არანაირი დანაშაული არ შეიძლება გამართლდეს იმ მოტივით, რომ ეს ყველაფერი ოჯახში ან ოჯახის წევრის მიმართ განხორციელდა.

“ჩვენთან იმიტომ არის ოჯახში ქალებზე ძალადობა ასეთი პრობლემური, რომ ხალხი ცდილობს პასუხისმგებლობიდან თავის დაღწევას და თავის იმით გამართლებას, რომ ეს დანაშაული ჩადენილია მათი ოჯახის წევრის მიმართ. ეს შემამსუბუქებელი გარემოება ვერასდროს ვერ იქნება. ფაქტია, რომ დანაშაული ჩადენილია და ამ შემთხვევაში, ამ დანაშაულს ხელს უწყობდნენ მშობლები, მთელი საზოგადოება. ამ ადამიანებს პასუხისმგებლობისგან თუ გავათავისუფლებთ, ყოველთვის იქნება დაჩაგრული და უფლებადარღვეული გოგონების არმია ამ ქვეყანაში”, – აღნიშნა ბაია პატარაიამ “17 მაისთან” საუბარში.

ნინო კოკაურსა და გიორგი ნიბლაძეს შვილი 2015 წლის სექტემბერში შეეძინათ. სწორედ სექტემბერში შეიტყო პროკურატურამ აღნიშნული ფაქტის შესახებ, რის შემდეგაც გიორგი ნიბლაძის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაიწყეს. გიორგი ნიბლაძეს 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლი თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სრულწლოვანის მიერ სქესობრივი კავშირის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ მოქმედების დამყარებას ითვალისწინებს და ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s