“აფხაზეთიდან დევნილები თავს კვლავაც დაჩაგრულად და სტიგმატიზებულად მიიჩნევენ – ისინი თავიანთი დევნილის სტატუსს სხვებთან საუბარში ხაზს არ უსვამენ; ადგილობრივ მოსახლეობას დევნილებზე ქორწინება არ სურს; წარმატების მიღწევის შემთხვევაშიც კი, ქართული საზოგადოება დევნილს კვლავ აგრძნობინებს, რომ სხვანაირია – უკვირთ, როცა იგებენ, რომ ისინი აფხაზეთიდან არიან – ამის შესახებ ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტისა და არასამთავრობო ორგანიზაცია “სინერგიის” მიერ ჩატარებულ კვლევაშია ნათქვამი.

კვლევა, რომელიც ფოთში, ზუგდიდში, ხონში, ქუთაისში, წყალტუბოში, გორსა და თბილისში ჩატარდა, ათ ფოკუსურ ჯგუფს მოიცავს.

კვლევაში – “დევნილთა პოლიტიკური და სოციალური მონაწილეობა საქართველოში” ნათქვამია, რომ 20 წლის განმავლობაში  სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან დევნილი ადამიანების ზიანის ღირსეული ანაზღაურება. ამ ყველაფრის ფონზე, ისინი მეტ დახმარებას მოელიან სახელმწიფოს მხრიდან და მიიჩნევენ, რომ ამ დახმარების თხოვნის კი არა მოთხოვნის უფლება აქვთ.

საცხოვრებლის პრობლემა

დევნილები მიიჩნევენ, რომ მათ სპეციფიური, განსაკუთრებული პრობლემები და საჭიროებები აქვთ. კვლევის ფარგლებში ჩატარებული დისკუსიის ყველა მონაწილემ აღნიშნა, რომ პრობლემაა საკუთარი სახლის და საკუთრების არარსებობა.

“დღეს რომ დევნილი ვარ, ეს ჩემი ბრალი არაა. ეს არაა იმის ბრალი, რომ, დავუშვათ, სკოლაში ორებზე ვსწავლობდი ან რამეს არასწორად ვაკეთებდი. ეს ამის ბრალი არ არის. ეს სახელმწიფოს არასწორი პოლიტიკის შედეგია” – (თბილისი, მდედრობითი).

გარდა ფიზიკური თავშესაფრის პრობლემურობისა, კვლევაში მონაწილეების თქმით, სახლის არარსებობამ დევნილები უფრო დამოკიდებულ ადამიანებად ჩამოაყალიბა. ბევრი დევნილის აზრით, როცა საკუთრება გაგაჩნია, მაშინ მის მოვლასა და დაცვაზე ხარ ორიენტირებული და უფრო მეტი სტიმული გაქვს დამატებითი დახმარება მოიძიო, როცა შენი რესურსი ამისთვის არასაკმარისია.

“მიუხედავად იმისა, რომ დევნილებისათვის საკუთარი საცხოვრისის და საკუთრების არარსებობა ყველაზე დიდი პრობლემაა, სახელმწიფოს მიერ ამ პრობლების მოგვარებისთვის ნაბიჯების გადადგმასაც მნიშვნელოვანი პრობლემები ახლავს. პირველ რიგში, დევნილთა შორის არის უკმაყოფილება განსახლების პროცესის დაგეგმვისა და მიმდინარეობის შესახებ”, – ნათქვამია კვლევაში.

როგორც ჩანს, დევნილთა განსახლების მიმდინარე პროექტებმა შეიძლება ხელახლა დაძაბოს ურთიერთობა დევნილებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის.

“დევნილების განსახლება აღიზიანებს ადგილობრივ მოსახლეობას. ვერ აცნობიერებენ, რომ ეს ადგილობრივი ბიუჯეტიდან არ ხდება. 21 წელი გავიდა, დევნილებმა ცუდი გზა გაიარეს, სანამ განსახლების პროექტებში მოხვდებოდნენ. ამას არ აცნობიერებს ადგილობრივი მოსახლეობა” – მდედრობითი).

ფსიქოლოგიური ტრავმა და ინტეგრაცია

კვლევაში ნათქვამია, რომ მიუხედავად იმისა, რომ დევნილები უცხო ქვეყანაში არ ცხოვრობენ, მათ მაინც ახალ და უცხო გარემოში მოუწიათ იძულებით გადასვლა და სტიგმასთან გამკლავება. განსაკუთრებით, აფხაზეთიდან დევნილებისათვის. მათი დევნილობის პირველ პერიოდში სახელმწიფო ან არასახელმწიფო აქტორების მხრიდან არასაკმარისად ეფექტური იყო ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ღონისძიებები.

“რეალურად, ომის შემდეგ არანაირი ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის მექანიზმი არ შემოუთავაზებია, არც სახელმწიფოს და არც არავის” – (თბილისი, მდედრობითი, 27 წლის).

კვლევის მონაწილეებმა ადგილობრივ მოსახლეობაში დევნილებზე ქორწინების არასასურველობაზე ისაუბრეს. რამდენჯერმე თქვეს, რომ დევნილობაში დაბადებულ ბავშვთა ნაწილის მშობლებს არც სურთ, ბავშვებს დევნილის სტატუსი ჰქონდეთ, რაც სწორედ სტიგმას უკავშირდება.

ასევე, აღინიშნა ისიც, რომ წარმატების მიღწევის შემთხვევაშიც კი, ქართული საზოგადოება დევნილს კვლავ აგრძნობინებს, რომ სხვანაირია – უკვირთ, როცა იგებენ, რომ ისინი აფხაზეთიდან არიან.

კვლევის მონაწილეთა თქმით, ისინი თავიანთი დევნილის სტატუსს ხაზს არ უსვამენ და ამის შესახებ მხოლოდ პირადულ საუბრებში თუ გაუზიარებენ სხვებს.

სტიგმისა და ინტეგრაციის დაუსრულებლობის კიდევ ერთ მიზეზად, განსაკუთრებით დედაქალაქის გარეთ, დასაქმების პრობლემას მიიჩნევენ. დევნილთა თქმით, ადგილობრივებს ურჩევიათ, ისეთი ადამიანები აიყვანონ სამსახურში, რომლებსაც იცნობენ და ნათესაური კავშირი აქვთ.

დისკუსიებისას გამოიკვეთა დევნილების მიერ საკუთარი ჯგუფის ვიქტიმიზაციაც. დისკუსიის მონაწილეები არასოდეს საუბრობენ იმ დევნილ ადამიანებზე, რომლებიც საზოგადოებრივ სივრცეში თუ პოლიტიკურ კლასში წარმატებულები არიან. ისინი ხაზს უსვამდნენ იმას, რომ ამ სფეროში და ზოგადად, საზოგადოებაში დევნილები არ ჩანან.

დევნილთა სოციალური აქტიურობა

კითხვაზე, სოციალურად რამდენად აქტიურია თავად დევნილთა თემი – აბსოლუტურმა უმრავლესობამ კითხვა საკუთარი სოციალური პრობლემების მოგვარებისათვის აქტიურობად აღიქვა.

“ამ უიმედობის ფონზე, რომ პრობლემას მასიურად არ აგვარებენ, სტრუქტურებს არ მივმართავ ხოლმე. ალბათ, არ ვარ აქტიური და მაინც უნდობლობით მოცული ვარ სტრუქტურების მიმართ. მე თავისუფალი დროც არ მაქვს, ალბათ. 90-იანების გადმონაშთი ვარ – (ფოთი, მდედრობითი, 36 წლის).

პასიურობის მიზეზად კვლევის მონაწილეებმა ინფორმაციის ნაკლებობა დაასახელეს. კვლევაში ნათქვამია, რომ პასიურობის ერთ-ერთი მიზეზი სამოქალაქო განათლების დაბალი დონეა.

“უფლება როცაა დარღვეული, შენ თვითონ უნდა მოითხოვო და აღადგინო. სახლში არავინ მოგაკითხავს ამისთვის. თუ გააქტიურდები, ანუ მთავრობის წინააღმდეგ, მაშინ ვიღაცის მიერ მართული ხარ. მე დიდ აზრს ამაში ვერ ვხედავ” – (თბილისი, მდედრობითი, 36 წლის).

სახელმწიფო სტრუქტურებთან დამოკიდებულება

კვლევაში ნათქვამია, რომ დევნილებთან საუბარში გარკვეული გაორებული და ერთი შეხედვით, წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება გამოიკვეთა სახელმწიფოს და დევნილებთან ურთიერთობაში მისი როლისა და მოვალეობის მიმართ.

ერთი მხრივ, დევნილები თავს მიიჩნევენ სახელმწიფოს შეცდომების მსხვერპლად და ამიტომ სახელმწიფოსგან მოელიან ამ დანაშაულის გამოსყიდვას. ავალდებულებენ, რომ უნდა უზრუნველყოს მათი ყოველდღიური ყოფა. მეორე მხრივ, არსებობს იმის შეგრძნებაც, რომ სახელმწიფოზე ასე დამოკიდებულ მდგომარეობაში ყოფნით დევნილები კიდევ უფრო უძლურები და ადვილად მართვადი არიან.

“მენტალიტეტი ჩნდება დევნილებში, რომ სახელმწიფო ვალდებულია, რამე გაგიკეთოს” -(თბილისი, მდედრობითი).

“მე არც ვარ ვალდებული, მოვიდე და ვითხოვო სათითაოდ და ინდივიდუალურად. პირიქით, შენ, სახელმწიფო რომ ხარ, შენი უნიათობის გამო ვარ მე, როგორც შედეგი. შენ უნდა დარბოდე ჩემთან” – (მდედრობითი).

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

ფოტო: smoge.org

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s