ბოლო პერიოდი ჩემს ცხოვრებაში გარდამავალი ეტაპი აღმოჩნდა. გადავწყვიტე, ის პროცესები გაგიზიაროთ, რაც ბოლო რამდენიმე წელია ჩემში ხდება.

შემოდგომის ერთ დილას, ნოემბერში მახსოვს, როგორ დამირეკა მეგობარმა და მითხრა, რომ აივ-ზე ანალიზის გაკეთება სურდა, თუმცა შიში მასზე ძლიერი იყო და ჯერ კიდევ ფიქრის პროცესში იყო, ვერ გადაეწყვიტა გაეკეთებია თუ არა. როგორც მეგობარმა “ვივაჟკაცე” და შევთავაზე, რომ წავყვებოდი და მასთან ერთად მეც გავიკეთებდი ანალიზს. მისთვის მხარი უნდა დამეჭირა.

გავიკეთეთ…

ჯერ ჩემი მეგობარი გაიყვანეს საკონსულტაციო ოთახში. უარყოფითი იყო.

ჩემი რიგი მოვიდა. მე აივ დადებითი აღმოვჩნდი!

ირონიაა ეს ყველაფერი. მეგონა, ცხოვრება დამცინოდა… ჩემთვის და ჩემს გარშემო ახალი ეტაპი დაიწყო.

საზოგადოებაში დამკვიდრებულმა სტიგმამ ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა ჩემთვის. იმდენად რთული აღმოჩნდა პირველი ეტაპი, რომ ვფიქრობდი, გამემხილა თუ არა საკუთარი მშობლებისთვის.

ეს ნაბიჯი გადავდგი. მახსოვს, როგორ ვტიროდით ყველანი ემოციებისგან.

ჩემი ცხოვრება შეიცვალა – ბევრი ბარიერის გადალახვა მომიწია ჩემს თავთან, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ საზოგადოება ქმნის სტიგმას. საკუთარ თავში ვიპოვე ის, რამაც დღემდე მომიყვანა, ჩემი მეგობრების, ჩემი ოჯახის დახმარებით, რომლებმაც იციან ჩემის სტატუსი და მე მათთვის ისევ ის ბიჭი ვარ, ვინც ვიყავი.

მაშინ პირველად განვიცადე, თუ რას ნიშნავდა გვერდში დგომა, რამხელა ძალა და რამდენად მნიშვნელოვანი იყო ჩემი სოციუმის ემოციური მხარდაჭერა ჩემთვის.

მოგვიანებით, რამდენიმე ახალგაზრდა ადამიანი მოვიძიე, რომელთაც სხვა ადამიანების დახმარება ესაჭიროებოდათ. მახსოვს, ჩემს მცირეოდენ შემოსავალს როგორ ვყოფდი მათგან მალულად და მაშინ ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიყავი მთელს პლანეტაზე.

საკუთარ თავზე მიღებულმა გამოცდილებამ მასწავლა, რომ მხარდაჭერა ყველაზე დიდი რამეა, რაც შეიძლება გაჭირვებაში მყოფ ადამიანს გაუკეთო, თუნდაც სიტყვიერი.

გოგონას, რომელიც მომწონს ჩემი ანალიზის პასუხი ვაჩვენე და მახსოვს, აცრემლებული თვალებით ვუთხარი, რომ ჩვენ ვეღარასოდეს ვიქნებოდით ერთად. არ ვიცი ამით რისი მიღება მსურდა, უბრალოდ ემოციური მხარდაჭერა მესაჭიროებოდა თუ სხვა რამ, მაგრამ ისიც მახსოვს რა მითხრა – თუნდაც 10 წელი ვიყო შენს გვერდით, მე ამისთვის მზად ვარო.

მას შემდეგ წლები გავიდა. მე ისევ ისეთი ჯანმრთელი ვარ, უბრალოდ ჩემში ცხოვრობს ვირუსი, რომელიც მე ჩემშივე დავამარცხე და არ მივეცი უფლება ჩემთვის ცხოვრება დაენგრია.

დღეს ჩემს სისხლში ვირუსის შემცველობა 0-ია. იმუნიტეტის მაჩვენებელი კი 1000 ერთეული.

მეც შენნაირი ვარ…

ისევ ვიღიმი…

ისევ ვმღერი…

ისევ ვცეკვავ…

ხანდახან ჩემი სევდაც მაქვს, მაგრამ ვიცი, რომ ეს უბრალოდ მდგომარეობაა, რომელმაც ჩემს შინაგან მეს ვერ გადააბიჯა და ვერ დამანგრია.

დღეს ჩემს ჯანმრთელობას უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევ.

დღეს ჩემს ოჯახს და მეგობრებს უფრო ვაფასებ.

დღეს მე უფრო აქტიური სამოქალაქო პასუხისმგებლობით გამოვირჩევი.

დღეს მე უფრო ვაფასებ თითოეული ადამიანის შრომას.

დღეს მე ისევ მე ვარ!

და ეს ყველაფერი იცით რატომ? მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მდგომარეობამ, რომელსაც აივ დადებითი ჰქვია საკუთარი თავის ძირეული, ადამიანური რესურსი მაჩვენა, რომელსაც ჩემშივე ვავითარებ.

მე ეს განსაცდელი პოზიტიურად შემოვაბრუნე ჩემს ცხოვრებაში.

არ იფიქროთ, რომ არ ყოფილა სირთულეები. წარმოიდგინეთ, წლების განმავლობაში ყოველ დილით და საღამოს იღებ წამალს, მთელი ცხოვრება და ის მუდმივად გახსენებს შენს მდგომარეობას. ხანდახან იმასაც ვფიქრობ, რომ ამ მდგომარეობაში ყოფნამდე არც მიცხოვრია.

მოდით, ამ ჩემს ფიქრებს ახლა ჩემთვის შევინახავ და გეტყვით იმ სათქმელს, რასაც ბევრი აივ დადებითი იმიტომ ვერ ამბობს, რომ ეშინია, საზოგადოებამ არ ჩაქოლოს.

ანონიმური ელ-ფოსტით გავიცანი ერთი ადამიანი, როგორც თავად მითხრა 40 წლისაა. აღმოაჩინა, რომ სტატუსით აივ დადებითი იყო. მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ არ გაუმხილა ოჯახს, რომ სტიგმატიზირებულ გარემოში ცხოვრობდა. მწერდა – “მეშინია, რას იფიქრებენ ჩემზე”. მიუხედავად ჩემი მცდელობისა, რომ სხვაგვარად შეეხედა სიტუაციისათვის, მაინც თავის პოზიციაზე იყო. უკვე 2 თვეა აღარ მწერს. მინდა, რომ ცოცხალი იყოს, თავის ოჯახთან და შვილების სიყვარულში ჩაფლულს უბრალოდ არ ეცალოს მოსაწერად.

ყველაფერში პოზიტივს, დადებითს ვეძებ.

ნუ შეგვიქმნით სტიგმატიზირებულ გარემოს! ჩვენ ჩვეულებრივ ადამიანები ვართ. უბრალოდ, განსხვავებული ჯანმრთელობის მდგომარეობით.

მინდა მოგმართოთ თქვენ, ადამიანებო – დედებო, მამებო, ძმებო და დებო, ნებისმიერი თქვენი მეგობარი ან ემოციურად ახლოს მდგომი ადამიანი შეიძლება იყოს აივ დადებითი სტატუსის მატარებელი. ნუ შექმნით ისეთ გარემოს, რომ ამ ადამიანებმა შეწყვიტონ თქვენთან ურთიერთობა. ჩვენ ისევ ისე გვიყვარს, როგორც ადრე.

მჯერა, საქართველოში დადგება დრო, როცა ადამიანები ერთმანეთს არ გარიყავენ იმის გამო, რომ ისინი აივ დადებითი არიან.

მეტი სიყვარულით ვუპასუხოთ ერთმანეთის სიყვარულს.

პატივისცემით,

მე.

ანონიმი ავტორის ბლოგი

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s