“ძალადობას არა აქვს გამართლება” – ამ სლოგანით “ევრაზიის ქალთა ქსელი შიდსის საკითხებზე” რეგიონალურ კამპანიას მართავს და მიზნად ისახავს აივ დადებითი ქალთა პრობლემატიკასთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერებისა და ტოლერანტობის გაზრდას.

კამპანიის ფარგლებში გავრცელებულ მასალებში ნათქვამია:

  • არ შეიძლება ძალადობის მოთმენა შემდგომში უფრო დიდი ძალადობის შიშის გამო. უნდა იპოვო გამოსავალი და მიმართო მათ, ვინც დაგეხმარებათ დააღწიოთ თავი ასეთი ცხოვრებისგან და ყველაფერი თავიდან დაიწყოთ.
  • არ შეიძლება ძალადობის მოთმენა ბავშვების გამო – ოჯახის შენარჩუნების მიზნით. ბავშვები არ სწავლობენ იმას, რაც მათ ესმით, სწავლობენ იმას, რასაც ისინი ხედავენ.
  • არ შეიძლება მოითმინო ძალადობა იმის გამო, რომ სხვა ქალებიც ითმენენ. ყველა განიცდის ტკივილს. მაგრამ მხოლოდ შენი არჩევანია, ითმინო შემდგომშიც თუ გათავისუფლდე შიშისგან და შეცვალო შენი ცხოვრება
  • არ შეიძლება ითმინო ძალადობა საცხოვრებელი ადგილის დაკარგვის შიშით. ყოველთვის მოიძებნებიან ნაცნობები, ადამიანები, რომლებიც დაგეხმარებიან დროებით თავშესაფრის მოძიებაში, სანამ თქვენი საკუთარი გექნებათ.

კამპანიის ფარგლებში ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია “აკესომ” მრგვალი მაგიდა გამართა, სადაც ნარკომომხმარებელ ქალთა ძალადობის პრობლემებსა და ოჯახში ძალადობის შემთხვევების პრევენციაზე ისაუბრეს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, ქალების მთლიანი პოპულაციის თითქმის მესამედი ფიზიკური თუ სექსუალური ძალადობის მსხვერპლია და ქალთა მკვლელობების 40% მათი პარტნიორების მიერაა ჩადენილი. საქართველო აღმოსავლეთ ევროპის იმ ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება, სადაც საზოგადოების დამოკიდებულება მოწყვლად და მარგინალიზებული ჯგუფებთან მიმართებაში მკვეთრად უარყოფითია.

აივ დადებითი ქალები საქართველოში ძალადობის და დისკრიმინაციის მსხვერპლები არიან. ისინი მუდმივად განიცდიან ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და სექსუალურ ძალადობას. გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მათმა უმრავლესობამ არ იცის კრიზისული ცენტრის, თავშესაფრის, ზიანის შემცირების სერვის ცენტრებისა და სხვა არსებული მომსახურების შესახებ და თუკი იცის, არ მიმართავს მათ დახმარებისათვის. ამის მიზეზად ასახელებენ გამჟღავნების შიშს, სირცხვილს, ქართულ მენტალიტეტს.

საქართველოში ძალადობის მსხვერპლი ქალები იზოლირებული არიან საზოგადოებისაგან, მათთვის მიუწვდომელია ჯანდაცვა, ხოლო დესოციალიზაცია და სტიგმატიზირება რიყავს მათ, როგორც საზოგადოების წევრებს და არ აძლევს სრულფასოვანი ცხოვრების საშუალებას.

სახალხო დამცველის წარმომადგენელი მერი მაღლაფერიძე ამბობს, რომ სახალხო დამცველის აპარატს საქართველოში აივ ინფიცირებულ ქალთა დისკრიმინაციის სტატისტიკური მონაცემები არ აქვს. მისი თქმით, ასეთ თემებზე მუშაობა რთულია, რადგან მსგავს შემთხვევაში აუცილებელია მომართვიანობის არსებობა. ხოლ მომართვიანობა ამ საკითხებზე ამჟამად ძალიან დაბალია.

მერი მაღლაფერიძემ ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზეც ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოში ქალის მიმართ ძალადობას განსაკუთრებული ხასიათი აქვს.

“ქალზე მისი სქესის გამო ძალადობენ. ადამიანს სთხოვენ მეტს ან ნაკლებს იმიტომ, რომ ქალია. ჩვენ მიერ შესწავლილი ოჯახში ძალადობის ფაქტები და შარშანდელი ფემიციდის შემთხვევები საზოგადოების მხრიდან, ხშირ შემთხვევაში, გამართლებული იყო. საქართველოში ჩადენილი ფემიციდის უმრავლესობა კი ღირსების სახელითაა ჩადენილი”, – ამბობს მაღლაფერიძე.

2014 წელს 34 ქალი მოკლეს და აქედან 50 პროცენტი – ოჯახში ძალადობის შედეგად. ვინაიდან ძალადობის შემთხვევების შეტყობინებები ამ ქალებისგან მკვლელობამდე არ იყო შესული, პოლიცია ვერ ამბობდა, რომ მკვლელობას წინ ძალადობის ფაქტები უსწრებდა.

“34-დან 17 ქალი ოჯახში ძალადობის შედეგად იქნა მოკლული. აქედან 13 პარტნიორის, ყოფილი პარტნიორის ან მეუღლის მიერ იქნა მოკლული. 112-ის მონაცემებით, 2014 წელს 9 290 შეტყობინება შევიდა ოჯახურ კონფლიქტთან ან ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით. თუმცა, სისხლის სამართლის დევნა მხოლოდ 350 პირის მიმართ დაიწყო”, – ამბობს მერი მაღლაფერიძე.

რეაგირება ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე

მიუხედავად სახალხო დამცველის არაერთი რეკომენდაციისა, ძალადობის შემთხვევებზე პოლიციისა და შესაბამისი სტრუქტურების მიერ არასათანადო რეაგირების ფაქტები ფიქსირდება.

გარდა ამისა, ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე რეაგირებისას სამართალდამცავები ხშირად იყენებენ ისეთ მექანიზმებს, რომლებიც კანონში არ გვაქვს. მაგალითად – სიტყვიერი შეთანხმება, მორიგება და ა.შ.

ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად საია-ც მუშაობს. საია-ს წარმომადგენელი თამარ დეკანოიძე ამბობს, რომ მათ ყოველწლიურად 2000 ასეთი შემთხვევა აქვთ.

“ამ პროცესში აღმოვაჩინეთ ტენდენცია, რომ ძალადობის ის მსხვერპლი ქალები, რომლებიც მარგინალიზებულ ჯგუფებს წარმოადგენენ, არ მოდიან ჩვენთან. ამ ქალების მიმართ სტიგმა იმდენად დიდია, რომ ისინი არც კი მიდიან არასამთავრობო ორგანიზაციებში იმისათვის, რომ რაიმე სახის დახმარება ითხოვონ. მათ არ აქვთ ნდობა ფორმალური სტრუქტურების მიმართ და არ მოდიან ჩვენთან დახმარებისთვის”, – ამბობს დეკანოიძე.

მარგინალიზებულ ქალებში იგულისხმება ის ქალები, რომლებიც თავიანთი სქესის გარდა, სხვადასხვა რამის გამო განიცდიან სტიგმას და დისკრიმინაციას. ესენი არიან სექსმუშაკები და ნარკოტიკების მომხმარებელი, აივ ინფიცირებული ქალები.

“ქალებისთვის, რომლებიც გენდერული ნიშნის ძალადობის  მსხვერპლები ხდებიან, სამართლებრივი დახმარების ხერხები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ისევე, როგორც ეს ხელმისაწვდომია სხვა ქალებისთვის და მამაკაცებისთვის”, – ამბობს თამარ დეკანოიძე.

ევრაზიის ქალთა ქსელი რეგიონალურ კამპანიას ატარებს იმიტომ რომ:

  • ქალთა მიმართ ძალადობა ადამიანის უფლებების დარღვევაა.
  • ქალებმა, რომლებმაც განიცადეს ძალადობა მიეკუთვნებიან აივ ინფიცირებულთა მაღალი რისკის ჯგუფს.
  • ყველაზე მეტად ძალადობის მსხვერპლად გვევლინებიან ქალები, რომლებიც მიეკუთვნებიან მაღალი რისკის ჯგუფებს და აივ ინფიცირებული ქალები.
  • ძალადობა ზღუდავს აუცილებელი სერვისების ხელმისაწვდომობას და ხელს უწყობს ეპიდემიის განვითარებას.

ფოტო: სტუდია კადრი

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s