“სახეზე გვაქვს ბავშვზე სექსუალური ძალადობა. სიტყვიერი პორნოგრაფია, რომელიც არასრულწლოვანს ესმის. ეს ყველაფერი პირდაპირ ეწინააღმდეგება გაეროს ბავშვთა კონვენციას”, – ასე შეაფასა “17 მაისთან” საუბარში იურისტმა ანა აბაშიძემ მაღაზიათა ქსელის “საგას” ვიდეო რგოლი, რომელიც კომპანიამ გუშინ გაავრცელა.

აბაშიძის თქმით, ამ ფაქტზე სახელმწიფომ რეაგირება უნდა მოახდინოს. მას სრული უფლება აქვს მინიმუმ, გაფრთხილება მისცეს მშობლებსაც და იმ კომპანიას, რომელმაც ვიდეო რგოლი გადაიღო და გაავრცელა. აბაშიძის აზრით, ის, რომ ბავშვმაც და მშობელმაც თანხმობა განაცხადა რეკლამაში მონაწილეობაზე, არაფერს ნიშნავს და ამ საკითხზე პასუხისმგებლობა მშობელს ეკისრება.

“მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი თანახმა იყო და მისი სურვილის საწინააღმდეგოდ არ მომხდარა მისი ამ რეკლამაში მონაწილეობა, ამ შემთხვევაში მთავარი მაინც სრულწლოვანების მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა. ითვალისწინებს თუ არა იგი ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესს? ამ შემთხვევაში “ხელი არ უნდა დავიბანოთ” იმის თქმით, რომ ბავშვის სურვილით იყო რეკლამაში მონაწილეობა და ამიტომ გადაწყვიტეს ასე.

პირველ რიგში, ვფიქრობ, რომ ამით სოციალური სამსახური აუცილებლად უნდა დაინტერესდეს. ამის შესახებ ინფორმაცია პირადად მივაწოდე სოციალურ სამსახურს და ვიცი, რომ ისინი ამ საკითხზე მუშაობას იწყებენ. ცხადია, რომ ამ შემთხვევაში მშობლებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომელიც აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ბავშვის ინტერესებსა და ბავშვის უფლებებს”, – აღნიშნა ანა აბაშიძემ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადება სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა გააკეთა და ფაქტი მოზარდის ფსიქიკურ შესაძლებლობებზე ძალადობრივ ზეწოლად შეაფასა.

“სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ აღნიშნული ვიდეო რგოლის სიუჟეტი არ შეესაბამება მოცემული ასაკის როგორც მონაწილე, ასევე, მაყურებელი არასრულწლოვნების შემეცნებითი და ემოციური განვითარების დონეს. ომბუდსმენის შეფასებით, ვიდეო რგოლი წარმოადგენს ძალადობრივ ზეწოლას მოზარდის ფსიქიკურ შესაძლებლობებზე და უხეშად არღვევს გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციით გარანტირებული ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის პრინციპს. სახალხო დამცველი მოუწოდებს მაღაზიათა ქსელ “საგას”, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აღნიშნული რეკლამის გავრცელება, ბავშვის უფლებების, მისი ჭეშმარიტი ინტერესებისა და არასრულწლოვანთა ნებისმიერი ფორმის ძალადობისა და მავნე ზეგავლენისგან დაცვის აუცილებლობის გათვალისწინებით”, – ნათქვამია უჩა ნანუაშვილის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მაღაზიათა ქსელმა “საგამ” ვიდეო რგოლი გაავრცელა, სადაც არასრულწლოვანი სექსუალურ აქტს აღწერს. რეკლამაში არასრულწლოვანი მონაწილეობს.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s