რატომ სვამ?

პირველი ჭიქა. შეხვედრის სადღეგრძელო. ზოგჯერ ოჯახის დალოცვისაც. იწყებ ბურანში ჩაძირვის პროცესს და ჯერჯერობით ცხადად აზროვნებ.

რატომ სვამ?

მეორე ჭიქა ისხმება. უკვე ყველაფერი ტრადიციის მიხედვით მიდის. ჭიქის მიჭახუნება, ბრტყელ-ბრტყელი სადღეგრძელოები.

და საერთოდ, ვინ მოიგონა სადღეგრძელო?

ამას წინათ სუფრაზე წავაწყდი ერთ მეტად საინტერესო მოსაზრებას. ყველასათვის ნაცნობი და საყვარელი მომენტი ტრეინინგის დროს, რასაც ice breaking-ს ვეძახით, ქართული ტრადიციიდან მოდის და მისი ანალოგი ჩვენთან “შემოსწრებულისსადღეგრძელოა. ისიც ხომ მიზნად ისახავს ახალი (სხვებისათვის ჯერჯერობით უცნობი, ერთ-ორ სადღეგრძელოში კი უკვე ძმად მოხსენიებული) ადამიანის სუფრაზე დამსწრეთა შორის სწრაფ “შერევას“.

რატომ სვამ?

იწყება ინტელექტუალური საუბარი მეცნიერებაზე, განათლებაზე, უფრო მეტად კი პოლიტიკაზე. როგორც წესი, ამ დროს აღმოვაჩენთ ხოლმე ჩვენში არსებულ ფარულ ცოდნას, რომელიც ჩვენში “იმალება” და ვაფრქვევთ ისეთ მარგალიტებს, როგორიცაა “საქართველო ღვთიური ქვეყანაა და რჩეული ერი ვართ”, “ამერიკის მთელი პოლიტიკა საქართველოს დაუფლებისკენაა მიპყრობილი”, “ჩვენზე ყველა ნადირობს იმიტომ, რომ ყველაზე მაგრები ვართ” და ა.შ. აქვე აუცილებლად ვიხსენიებთ ევროპიდან სპეციალურად ქართველების გასარყვნელად ჩამოყვანილ ასობით “გეიებს“. დიახ, სწორედ ევროპიდან, რადგან ქართველი გეები არ არსებობენ, თურმე.

რატომ სვამ?

აი, უკვე იმდენად მთვრალები ვართ, რომ რელიგიას გადავწვდით.

ერთმანეთს ვუმტკიცებთ ჩვენი რწმენის სიმყარეს, არადა ამ დროს გავურბივართ იმ ათასობით შეკითხვას, რომელიც ყოველწუთიერად, არა, ყოველწამიერად გვებადება.

და საერთოდ, რისი გვწამს, ან რატომ გვწამს?

იქნებ უბრალოდ იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანაში მოვალეობაა რაღაცის ან ვიღაცის გწამდეს?!

თუ არ გწამს, ექცევი ე.წ. მორწმუნეთა კითხვების გარემოცვაში, რომლებიც ნელნელა ერთიანდებიან და ერთ დიდ მასად იქცევიან. მასად, რომელიც სამყაროს სიბნელეს წარმოადგენს.

და საერთოდ, ხომ შეიძლება საერთოდ არაფრის გწამდეს?

ხომ შეიძლება სკეპტიკურად შეხედო მერიის მიერ მახათას მონასტრისთვის გადარიცხულ 1 მილიონს იმ ფონზე, რომ ზამთარი მოდის, ქუჩაში მყოფი ადამიანების რიცხვი კი დოლარის კურსის პირდაპირპროპორციულად იზრდება?!

ხომ შეიძლება იფიქრო, რომ ყველაზე დიდი რწმენის ადგილი ადამიანის გულია და არა მოოქროვილი გუმბათებით დამშვენებული ეკლესიები?!

ხომ შეიძლება ეკლესიაში შესაწირის ყუთში ფულის ჩაგდების ნაცვლად გარეთ გამოსულმა ქუჩაში მოწყალების მისაღებად მდგომ ბავშვს ფუნთუშა უყიდო?!

რატომ სვამ?

აი, უკვე სიყვარულზე გადავედით. ათასობით ბრტყელ-ბრტყელი ფრაზა, ძმაკაცური თუ დაძმური ჩახუტებით და მტლაშა-მტლუშით გამოხატული გრძნობა, რათა ყველას დავუმტკიცოთ, რომ ჩვენთვის იგი ძვირფასია.

რა თქმა უნდა, ჰეტერონორმატიულ ჩარჩოებში!

და რა თქმა უნდა, კვლავ ევროპიდან იმპორტირებულ “გეიებს” ვეხებით.

ქართული საზოგადოებისთვის დამახასიათებელია ლგბტ დისკურსის გეებზე კონცენტრირება და ამ პროცესში  ლესბოსელების, ბისექსუალებისა და ტრანსგენდერების სრულად უგულებელყოფა. რაღა თქმა უნდა, ლოგიკურია, ჩვენთან ხომ უპირველესად კაცობა ფასობს და ამიტომ ვებრძვით მათ, ვინც “კაცობას გვაკარგვინებს”.

ხანდახან მგონია, რომ ასეთი ადამიანების წარმოდგენაში ევროპა ერთი დიდი ქარხანაა, სადაც სპეციალური დანადგარები ერთმანეთის გვერდით აწარმოებს და ექსპორტს უკეთებს კოკა-კოლას და გეებს.

ჰო და, იმას ვამბობდი, რომ შემთვრალი ქართველების ყურება რაღაცით გეი პორნოს პრელუდიას მოგაგონებთ. ჯერ შორიდან, სიტყვებით ალერსი, შემდეგ ჩახუტება და ხელების სმა და ბოლოს კოცნა, რომლის დროსაც ხშირად “შემთხვევით” ტუჩი ტუჩს მოხვდება, რასაც რა თქმა უნდა, არ ვიმჩნევთ და ვაგრძელებთ.

რატომ სვამ?

უკვე ბახუსი გერევა, საპირფარეშოში გასულს ფეხები გერევა, მაგრამ არა, აქამდე არარსებული ღირსებით გიჭირავს შენი ღირსება და სახეზე იდიოტური ღიმილით ფიქრობ, “აი, ასეთი წუთებისთვის ღირს ცხოვრება”. იმდენს კი ვერ ხვდები, რომ გამოღვიძებულმა შეიძლება ინანო ყოველივე წინადღის ამბავი.

ბრუნდები სუფრასთან, გრაფინში ძირში დარჩენილ ღვინოს ჭიქებში შეძლებისდაგვარად თანაბრად ანაწილებ, ოჯახში რომელიმე ქალს უხმობ და გრაფინის შევსებას ავალებ. მანამდე კი ოჯახის დიასახლისის სადღეგრძელოს სვამ.

კიდევ ერთი მარაზმი. და საერთოდ, “გაპროჭვამდე” რომ ვსვამთ, ეს უკვე მარაზმია. ვადღეგრძელებთ ქალებს, ოჯახის დიასახლისებს, იმ ადამიანებს, რომლებსაც სტუმრების წასვლის შემდეგ მთელი მონდომებით მოვუკითხავთ ხოლმე მშობლებს და ახლო ნათესაობას. იმ ადამიანებს, რომელთა კისერზეც გადაივლის ყოველი ღრეობა და რომელთაც რეალურად უნდა ვუმადლოდეთ, რომ რაღაცას წარმოვადგენთ. ისინი კი მორჩილად იტანენ ამ ყველაფერს. ისე, თითქოს ეს ყველაფერი ჩვეულებრივი მოვლენა იყოს და მართლაც, ეს ყველაფერი ხომ ჩვენი სუფრისთვის ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.

გინახავთ ვინმეს, რომ დაქალები ერთად სვამდნენ ღვინოს, გრაფინს გრაფინზე ცლიდნენ და მათ რომელიმე მათგანის ქმარი ემსახურებოდეთ? მანახეთ ასეთი ოჯახი.

რატომ სვამ?

ოდნავ შემთვრალები ვფხიზლდებით და საკუთარ თავს იატაკზე აღმოვაჩენთ. ძმაკაცები გაოცებული სახით დაგვყურებენ, მეორე ნახევრები კი მზრუნველად გვაყენებენ, გვასწორებენ და ტკბილად გვთხოვენ დაწოლას და დასვენებას. თუმცა, როგორც წესი, ჩვენ მათ სამ ასოზე ვუშვებთ და ხარბად ვაგრძელებთ ღვინის ჩასხმას სტომაქში.

და აი, მომდევნო სადღეგრძელოთი კვლავ ქალებს ვადღეგრძელებთ, ოღონდ ამჯერად უკვე არსებულ ან ზოგისთვის მომავალ მეუღლეებს.

ისე, რა საინტერესო სიტყვაა მონაპოვარი. სრულად ასახავს იმ ტრაგიზმს და რეალობას, რასაც ქართველი კაცის ცოლობა ნიშნავს. მონა-პოვარი. მონა, რომელიც ამავდროულად ჩვენი პოვარი, მზარეულია. მონა, რომელსაც სახლში დაღლილი მოსულები დაუფიქრებლად ვთხოვთ წინდების გახდას და სუფრის გაშლას.

და აი, ქალებს რომ ძალიან არ გაუვიდეთ თავზე, მომდევნო სადღეგრძელო სწრაფად ისმება და თემაც იცვლება.

ვიხსენებთ ჩვენი ურთიერთობების პრელუდიას და ბავშვობის ამბებს, ვსვამთ ტკბილი მოგონებების სადღეგრძელოს და ვიხსენებთ, როგორ გადავფრინდებოდით ხოლმე მოსკოვში 37 მანეთად, სადაც კარგ რუსის ქალებს ვნახავდით, ქართული კაცობის შესაბამისად მოვექცეოდით და სავახშმოდ უკან, საქართველოში გადმოფრენილები ჩვენი ცოლების გვერდით ისე ვწვებოდით, ოდნავი დანაშაულის გრძნობაც არ გვქონდა ხოლმე. ანდაც, რა სისულელეა, რა დანაშაულის გრძნობა, ეს ხომ ჩვენი თვისებაა, კაცობის დამახასიათებელი თვისება.

ტკბილ მოგონებებს ძველი მეგობრების გახსენება მოსდევს თან და ვგრძნობთ უკვე, ნელნელა როგორ გვეცლება ფეხქვეშ მყარი იატაკი და მივფრინავთ ბურანში…

რატომ სვამ?

იატაკზე გაშხლართული, თვალებს ახელ და ხვდები, ყველა შენი მეგობარი წასულია. შენ შენი მამაკაცური ღირსების დარად მოგირწყავს მთელი ოთახი. თავზე მზრუნველი ცოლი გადგას და ყოველგვარი ზედმეტი სიტყვის გარეშე გივლის…

გათენდება მეორე დღე, მესამე დღე, მეოთხე. შენ ისევ ისე იქცევი. ისე, როგორც შენს “კაცობას” შეჰფერის, მაგრამ არ შეგიძლია პასუხი გასცე ერთ მარტივ კითხვას. კითხვას, რომელიც უკვე შენი მეუღლის თვალებში იკითხება – რატომ სვამ?

ავტორი: ლადო ბიწაძე

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s