“ადამიანის უფლებათა ცენტრი” უცხოელთათვის ლტოლვილის/ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებული პრობლემების თაობაზე შეშფოთებას გამოთქვამს.

უფრო კონკრეტულად კი, ორგანიზაცია აზერბაიჯანის მოქალაქე დაშგინ აღარარლისა და რუსეთის მოქალაქეს, ეთნიკურად ინგუშ ადამ ესმურზიევის შესახებ საუბრობს. ადამიანის უფლებათა ცენტრი ამბობს, რომ მათ საქართველოს ლტოლვილთა, იძლებით გაადგილებულ პირთა და განსახლების სამინისტრომ ლტოლვილის/ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე დაუსაბუთებელი უარი უთხრა. ორგანიზაციისვე განცხადებით, სამინისტროს გადაწყვეტილებები დაშგინ აღარარლისა და ადამ ესმურზიევისათვის თავშესაფარზე უარის თქმის შესახებ უარის თქმის მიზეზებისა და საფრთხეების შესახებ დასაბუთებას არ შეიცავს.

ორგანიზაციის ინფორმაციით:

დაშგინ აღარარლი აზერბაიჯანის ოპოზიციური პოლიტიკური პარტია „მუსავათის“ წევრია. ის აზერბაიჯანის ხელისუფლებისგან განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა და ხელისუფლების პოლიტიკის აქტიური კრიტიკის გამო წლების განმავლობაში იდევნებოდა. 2013 წელს მას ბრალად გადასახადების გადახდისაგან თავის არიდება დასდეს, თუმცა გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებული იყო.

დაშგინ აღარარლი 2014 წელს, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკიდან შემოსვლისას დააკავეს. ის საქართველოში შემოდიოდა, რათა პოლიტიკური თავშესაფარი ეთხოვა.

2014 წლის მარტში, დაშგინ აღარარლიმ განცხადებით მიმართა საქართველოს ლტოლვილთა სამინისტროს და მისთვის და მისი შვილისათვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭება მოითხოვა. “ადამიანის უფლებათა ცენტრი” ამბობს, რომ საქმის განხილვა ლტოლვილთა სამინისტროში კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადების დარღვევით, თითქმის ორი წლის განმავლობაში გაგრძელდა. გადაწყვეტილება ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ უწყებამ 2015 წლის 30 ოქტომბერს გამოიტანა.

ორგანიზაციის თქმით, გადაწყვეტილებაში, ერთი მხრივ, მითითებულია, რომ  აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაბრუნების შემთხვევაში, დაშგინ აღარარლი შეიძლება დაექვემდებაროს პოლიტიკურ დევნას, ხოლო მეორე მხრივ, სამინისტრო უარს ეუბნება მას ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე და რომ ეს გადაწყვეტილება უკანონოა.

რაც შეეხება ადამ ესმურზიევს, ის 90-იან წლებში რუსეთ-ჩეჩნეთის ომში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა. ომის შემდეგ ის ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობდა. ადამ ესმურზიევმა ქრისტიანობა მიიღო, რაც მის ინგუშეთში დაბრუნებას საფრთხეს უქმნის.

ადამ ესმურზიევმა საქართველოს ლტოლვილთა სამინისტროს ლტოლვილის სტატუსის მინიჭების თხოვნით განცხადებით 2011 წლის 14 ნოემბერს მიმართა, თუმცა უარი მიიღო. სამინისტროს უარი ადამ ესმურზიევმა სასამართლოში გაასაჩივრა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ადამ ესმურზიევის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და სამინისტროს მოსარჩელის საქმის არსებითი მნიშვნელობის გარემოებათა შესწავლის და გამოკვლევის შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის კანონით დადგენილ ვადაში გამოცემა დაევალა. ლტოლვილთა სამინისტროში ადამ ესმურზიევს ჩაუტარდა რამდენიმე გასაუბრება, რომელსაც ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტიც ესწრებოდა.

2015 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ლტოლვილთა სამინისტრომ მიზანშეუწონლად მიიჩნია ადამ ესმურზიევისთვის როგორც ლტოლვილის, ისე ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭება. უარის თქმის ერთ-ერთ საფუძვლად დასახელებულია ის, რომ რუსეთში არ ირღვეოდა ადამიანის უფლებები, არ ფიქსირდებოდა შიდა კონფლიქტის შემთხვევები და ადამ ესმუზიევის რუსეთში დაბრუნების შემთხვევაში, ადგილი არ ექნებოდა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევას.

ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ ლტოლვილთა სამინისტროს არგუმენტაცია არ ასახავს რუსეთში არსებულ მძიმე მდგომარეობას ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის კუთხით, რაც არაერთ საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშშია დაფიქსირებული.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს:

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, გადახედოს ლტოლვილთა/ჰუმანიტარული სტატუსების მინიჭების პრაქტიკას და უცხოელ მოქალაქეთათვის საქართველოში თავშესაფრის მინიჭებაზე უარი დაასაბუთოს არგუმენტირებული დასკვნით;

საქართველოს პარლამენტს და მთავრობას, დაინტერესდეს უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობით და შეცვალოს როგორც კანონმდებლობა, ისე პრაქტიკა, რათა ქვეყანაში აღმოიფხვრას უცხოელთა უფლებების შელახვისა და დისკრიმინაციის ფაქტები.

“ადამიანის უფლებათა ცენტს” ლტოლვილთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა სამინისტროში უპასუხეს. უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა “17 მაისს” უთხრა, რომ ლტოლვილის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას სამინისტრო საერთაშორისო კანონმდებლობას ეყრდნობა, ორგანიზაციის ბრალდებასთან დაკავშირებით კი ამბობს, რომ უწყების ყველა გადაწყვეტილება არგუმენტირებული და დასაბუთებულია.

“თუ ვინმე კანონმდებლობის შეცვლაზე საუბრობს, ჯობია მიმართონ გაეროს და არა სამინისტროს. ჩვენ ყოველგვარი კანონის დაცვით აღვასრულებთ ყველა უფლება-მოვალეობას.

სანამ სტატუსის მინიჭების საკითხი გადაწყდება, ამ საქმეში ჩართულია უამრავი სტრუქტურა, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტრო. როგორც კი დასტურდება, რომ ამა თუ იმ ადამიანს ამა თუ იმ ქვეყანაში ნამდვილად საფრთხე ემუქრება, ვანიჭებთ სტატუსს. საქართველოშ შემოსვლისას, სტატუსის მინიჭებამდე ჩვენ მათ ვთავაზობთ სოციალურ უზრუნველყოფას და ა.შ.

თუ ჩვენ ამ ადამიანებს არ მივანიჭეთ სტატუსი, ე.ი მათ ამისთვის ყველა კრიტერიუმი ვერ დააკმაყოფილეს. კვალიფიციური პასუხი კი წერილობით მიიღეს. მათ შეუძლიათ, ამ წერილის საფუძველზე დავა გააგრძელონ სასამართლოში”, – ამბობს სამინისტროს წარმომადგენელი.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s