იუსტიციის სამინისტრომ ძალადობის აღმოფხვრის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მოამზადა. ცვლილებები დაახლოებით 20 კანონს ეხება. კანონპროექტის საბოლოო ვარიანტი პარლამენტის საგაზაფხულო სესიის დასაწყისში ჯერ მთავრობას, შემდეგ კი პარლამენტს გადაეგზავნება.

საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი იუსტიციის მინისტრმა დღეს თელავის იუსტიციის სახლში გამართულ შეხვედრაზე თელავში, გურჯაანში, საგარეჯოში, ყვარელში, ახმეტასა და პანკისის ხეობაში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო.  

თეა წულუკიანის თქმით, ამ კანონპროექტების დამტკიცებასთან ერთად პარლამენტმა სტამბულის კონვენციის რატიფიცირებაც უნდა მოახდინოს, რომელსაც მინისტრმა ხელი 2014 წლის 19 ივნისს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან ერთად სტრასბურგში მოაწერა და რომლის მიზანიც ძალადობისგან ყველა ადამიანის დაცვაა.

იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებული ცვლილებებით, სისხლის სამართლის კოდექსში შემოდის ახალი ცნება − ადევნება, რომელიც დასჯადი ქმედება ხდება. ის მოიცავს უკანონო თვალთვალს, სატელეფონო, ელექტრონული ან სხვა საშუალებებით არასასურველ კომუნიკაციას, რომელსაც სისტემატური ხასიათი აქვს, შეიცავს მუქარას ან შეურაცხყოფას მსხვერპლის (განურჩევლად სქესისა) ან მისი ოჯახის წევრების მიმართ და აიძულებს პირს, მნიშვნელოვნად შეცვალოს ცხოვრების წესი. მაქსიმალურ სასჯელად ამ ქმედებისათვის ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა განისაზღვრება.

აბორტის იძულებასთან ერთად, რომელსაც სისხლის სამართლის მოქმედი კოდექსი დანაშაულად აცხადებს, სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება სტერილიზაციის იძულებაც.

ასევე, იზრდება ქალთა მიმართ ძალადობრივი დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებათა ჩამონათვალი. ის მოიცავს ქმედებებს, რომლებიც მიმართულია მეუღლის ან ყოფილი მეუღლის, ან პარტნიორის მიმართ, ასევე უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ან მის მიმართ, განმეორებით, ჯგუფურად, იარაღის მუქარით ან იარაღის გამოყენებით, ფიზიკური ან ფსიქიკური ზიანის მიყენებით, განსაკუთრებული სისასტიკით, ასევე მსგავსი დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ.

წულუკიანის თქმით, ცვლილებების პაკეტი უფრო ეფექტურს ხდის ძალადობის მსხვერპლ ქალთა დაცვისა და დახმარების მექანიზმებს.

რაც შეეხება „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს, აქ ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული ნორმების მოქმედების სფერო ფართოვდება. ის მოიცავს არა მარტო ოჯახის წევრ ქალთა მიმართ, არამედ, საზოგადოდ, ქალის მიმართ გამოვლენილ ძალადობას. ქალი დაცული იქნება როგორც ოჯახში, ისე მის მიღმა. კერძოდ, თუკი დღევანდელი რედაქციით, ოჯახში ძალადობის მსხვერპლს აქვს უფლება, ისარგებლოს უფასო იურიდიული კონსულტაციით, დროებით საცხოვრებელში (თავშესაფარში) ყოფნის პერიოდში კი ეძლევა 30-დღიანი შვებულება, ეს უფლება გავრცელდება ოჯახს მიღმა ძალადობის მსხვერპლზეც.

იუსტიციის მინისტრისვე თქმით, უფრო სწრაფი და ეფექტიანი გახდება ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის  მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის შეზღუდვის დროებითი ღონისძიება, იგივე “შემაკავებელი ორდერი”. თუ მოქმედი კანონმდებლობით პოლიციის ოფიცრის მიერ გაცემული შემაკავებელი ორდერი სასამართლოს მიერ დამტკიცებას მოითხოვს, ცვლილებების ამოქმედების შემდეგ სასამართლო ჩართულობა ამ საკითხში საჭირო აღარ იქნება და შემაკავებელი ორდერი ძალაში გამოცემისთანავე შევა. ეს ცვლილება, იუსტიციის სამინისტროს აზრით, გააძლიერებს პოლიციას ამგვარი ტიპის ძალადობასთან ბრძოლაში და შემაკავებელი ორდერი უმოკლეს დროში შედეგის მომტანი გახდება.

ძალადობის მსხვერპლი, თუკი ის არ არის საქართველოს მოქალაქე, არაოჯახური ძალადობის შემთხვევებშიც შეძლებს, მიიღოს დროებითი ბინადრობის ნებართვა. სამართალწარმოების დასრულებამდე დაუშვებელი იქნება უცხოელის გაძევება საქართველოდან, თუკი ის ძალადობის მსხვერპლია.

ცვლილებები ძალადობის მსხვერპლი ქალებისათვის მოძალადის სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ ინფორმაციის დროულად მიწოდების ვალდებულებასაც აწესებს. დღემდე ეს ვალდებულება მხოლოდ ოჯახში გამოვლენილი დანაშაულის მსხვერპლის მიმართ არსებობდა. „პატიმრობის კოდექსში“ ცვლილებების თანახმად, საპატიმროს ადმინისტრაცია ვალდებულია, მოძალადის გათავისუფლებამდე 3 თვით ადრე წერილობით შეატყობინოს საუბნო პოლიციას დანაშაულის ჩადენის ადგილის მიხედვით; თავის მხრივ კი, პოლიცია, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით,  ვალდებული იქნება, ქალთა მიმართ ძალადობის  მსხვერპლს აცნობოს ამ პირის გათავისუფლების თაობაზე.

ფართოვდება სამედიცინო პერსონალისა და ადვოკატის უფლებამოსილებაც − ძალადობის ფაქტების შესახებ აცნობონ სამართალდამცველებს, რაც ძალადობის ნებისმიერი გამოვლინების შემთხვევაში იმოქმედებს. დღევანდელი კანონმდებლობით,  ეს დათქმა მხოლოდ  ოჯახში ძალადობის მსხვერპლთან მიმართებით არსებობს.

ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრაში საზოგადოების ჩართულობის უზრუნველსაყოფად ფართოვდება იმ პირთა წრე, ვისაც შეუძლია ან აქვს ვალდებულება,  სამართალდამცველებს მიაწოდოს ინფორმაცია ძალადობის ფაქტების შესახებ. ამის შესაძლებლობა ექნებათ საჯარო სკოლების მასწავლებლებს, დირექტორებს, მანდატურებს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიურ პერსონალს. ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე რეაგირება შეეძლებათ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსაც.

ძალადობის ჩამდენ პირებს აეკრძალებათ პირად საკუთრებაში არსებული იარაღის ტარება, შეეზღუდებათ ან აეკრძალებათ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარება; ხოლო თუკი პირი უკვე ფლობს იარაღს დამცავი და შემაკავებელი ორდერების მოქმედების ან დამცავი და შემაკავებელი ორდერებით განსაზღვრულ პერიოდში, მას იარაღი ჩამოერთმევა. ცვლილებების თანახმად, ეს ნორმაც ნებისმიერი ძალადობრივი დანაშაულის შემთხვევაში იმოქმედებს და მხოლოდ ოჯახურ დანაშაულზე არ გავრცელდება.

ფოტო: იუსტიციის სამინისტრო

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s