ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტის, თამთა მიქელაძის შეფასებით, პატრიარქის განცხადება მისთვის შეწყალების უფლების მინიჭების შესახებ სეკულარული სიმეტრიის დარღვევის კიდევ ერთი მცდელობაა. მიქელაძემ “17 მაისს” უთხრა, რომ სახელმწიფო ქვეყანაში სეკულარიზმს ან არ ვერ იცავს, რადგან მისი ლეგიტიმაცია ძალიან დაბალია, საბოლოო ჯამში კი ეს ყოველივე სახელმწიფო ინსტიტუტებს დააზარალებს.

პატრიარქის განცხადება და ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული შეფასებები, რომ პატრიარქისთვის პატიმრების შეწყალების უფლების მინიჭება მისასალმებელია, ქვეყანაში სეკულარული სიმეტრიის დარღვევის კიდევ ერთი მცდელობაა.

ეკლესიას უკვე აქვს საკმაოდ მაღალი პოლიტიკური ძალაუფლება, ბოლო პერიოდში კი, სუსტი სახელმწიფოს პირობებში ვხედავთ, რომ ეს ძალაუფლება უფრო და უფრო ინსტიტუციონალიზებული ხდება და სხვადასხვა გადაწყვეტილებებში ფორმირდება. თუმცა, სეკულარული წონასწორობა ეკლესიისთვისაც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ხელისუფლებისგან გამიჯვნით ის ლეგიტიმურობას ინარჩუნებს. როცა ეკლესია ცდილობს, მოიპოვოს პოლიტიკური ძალაუფლება, ის რელიგიაზე ძალაუფლებას ნელ-ნელა დაკარგავს და რაღაც ეტაპზე მას შეიძლება სოციალური კრიზისიც კი შეექმნას.

სახელმწიფომ უნდა დაიცვას სეკულარიზმის პრინციპი პოლიტიკაში, მაგრამ ვხედავთ, რომ ეს ხელისუფლება ამას არ ან ვერ აკეთებს. მას ლეგიტიმურობის კრიზისი თვითონ აქვს და გაკოტრებულია საზოგადოებაში, ამიტომ ცდილობს ეკლესიის სოციალური კაპიტალი და მხარდაჭერა გამოიყენოს და თვითონ გაძლიერდეს. ხელისუფლების წევრები ალბათ ფიქრობენ, რომ ეს პრაგმატული გადაწყვეტილებაა, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის. პატრიარქისთვის შეწყალების უფლების მინიჭება სახელმწიფო ინსტიტუტებსაც დააზიანებს”.

თამთა მიქელაძე ამბობს იმასაც, რომ თუ საპატრიარქო შეწყალების ძალაუფლებას მიიღებს, ეს რელიგიური უმცირესობების მდგომარეობაზეც აისახება, რადგან რელიგიური პირების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები რელიგიურ არგუმენტებზე იქნება დაფუძნებული.

საპატრიარქოს, სასჯელაღსრულების სამინისტროსა და პროკურატურას შორის 2010 წელს გაფორმებული მემორანდუმი არსებობს, რომელიც, ქორეპისკოპოსის შუამდგომლობის საფუძველზე, პატიმრებს ეკლესია-მონასტრებში მსახურების შესაძლებლობას აძლევს. ასევე, ყოფილა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში რელიგიური უმცირესობების ინდოქტრინაციის მცდელობა, იყო სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლების ქრისტიანობაში კონვერტაციის შემთხვევებიც – ცალკეული პირებს რელიგიის შეცვლის სანაცვლოდ შეიძლება გარკვეული ბენეფიტები მიეღოთ.

თუ საპატრიარქო შეწყალების ძალაუფლებას მიიღებს, ეს პრობლემები კიდევ უფრო გაღრმავდება, იმიტომ რომ რელიგიური პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები რელიგიურ არგუმენტებს დაეფუძნება, რაც რელიგიური უმცირესობების მდგომარეობაზეც აისახება.

ეკლესია საერთოდ არ იყენებს კანონიკურ ან სასამართლო მექანიზმს, მათ შორის, ვნახეთ რომ 2013 წლის 17 მაისის დარბევაში მონაწილე სასულიერო პირები არ დასჯილან. ეკლესიას საერთოდ არ გააჩნია თვითკონტროლის მექანიზმი, რომელიც აუცილებელია სიჯანსაღის შენარჩუნებისთვის. ის ლოიალურია რელიგიური ჯგუფების, მათ შორის ექსტრემალური ჯგუფების მიერ გამოვლენილი ძალადობის, მაგალითად, მმკ-ს მიმართ, ეკლესია მათზე არ რეაგირებას.

შეწყალების მექანიზმი პოლიტიკური ხელისუფლების  სუვერენული უფლებაა და მაღალი ლეგიტიმურობის მქონე პოლიტიკურ პირები ფლობენ, ისეთი, როგორიც პრეზიდენტია. ეს დიდი ძალაუფლებაა, შეწყალებულ პირს ფაქტობრივად სასამართლოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ წასვლის შესაძლებლობაც კი აქვს. ამიტომ, ის ვარაუდი, რომ თუ ოდესმე შესაძლოა დანაშაულის ჩამდენი სასულიერო პირების დასჯის საკითხი დადგა, ეს რეალურად არ აღსრულდება, რადგან მას საპატრიარქო შეიწყალებს, შესაძლოა სწორი იყოს.

ასევე, ვფიქრობ, რომ თუ პატრიარქს მთავრობა ამ ძალაუფლებას მისცემს,  ეს პრემიერის მხრიდან პრეზიდენტის ძალაუფლების დასუსტების მცდელობა იქნება”, – ამბობს თამთა მიქელაძე “17 მაისთან” საუბრისას.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s