ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მონაცემებით, საქართველოში 1192 ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირია რეგისტრირებული. აქედან 233 პირს ლტოლვილის სტატუსი აქვს მინიჭებული. რაც შეეხება თავშესაფრის მაძიებელ პირებს, საანგარიშო პერიოდში ლტოლვილთა სამინისტროს თავშესაფრის მოთხოვნით 995 პირმა მიმართა. აქედან უმრავლესობა ერაყის (409 პირი) და უკრაინის (384 პირი) მოქალაქეები არიან.

2015 წლის ოქტომბრის დასაწყისის მონაცემებით, ლტოლვილის სტატუსი 66 პირს მიენიჭა. ხოლო, ჰუმანიტარული სტატუსი – 839 პირს. მათგან უმრავლესობა კვლავ ერაყისა და უკრაინის მოქალაქეები არიან. 2015 წლის იანვარ-ოქტომბერში ჰუმანიტარული სტატუსი 839 პირს მიენიჭა. მათგან 421 უკრაინის, ხოლო 382 ერაყის მოქალაქეა.

“ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” ჟენევის 1951 წლის კონვენციასა და მის 1967 წლის დამატებით ოქმს საქართველო 1999 წლიდან მიუერთდა, რითაც თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა დაცვის ვალდებულება აიღო.

“მიუხედავად არაერთი პოზიტიური ცვლილებისა, “ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონი კვლავ საჭიროებს გადახედვას. მაგალითად, ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების განსაზღვრის პროცედურებისთვის საჭირო ვადა 6 და გაგრძელების შემთხვევაში 9 თვე შესაძლოა მომდინარეობდეს; ამას ემატება სასამართლოში გასაჩივრებული საქმის შესწავლის ვადები. მიგვაჩნია, რომ საქმის განხილვის ვადები საკმაოდ ხანგრძლივია და განსაკუთრებით უარყოფითად მოქმედებს იმ თავშესაფრის მაძიებლებზე, რომლებსაც არ აქვთ საარსებო წყარო იცხოვრონ უცხო ქვეყანაში (იმ გამონაკლისების გარდა, რომლებიც ცხოვრობენ თავშესაფრის მაძიებელთა მიმღებ ცენტრში და ყოველთვიურ შემწეობასთან ერთად სხვა შეღავათებით სარგებლობენ)”, – ეს საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა  უფლებრივი მდგომარეობის შესახებ სპეციალური ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ლტოლვილმა, რომელიც იძულებით ტოვებს სამშობლოს, იშვიათია დაიკმაყოფილოს კანონიერად საზღვრის კვეთისთვის საჭირო ყველა მოთხოვნა (პასპორტის და ვიზის ქონა) თავშესაფრის ქვეყანაში შესვლისას. ხშირად პიროვნების სიცოცხლე ან თავისუფლება რისკის ქვეშ არის და საკუთარი ქვეყნიდან გამოღწევისთვის, ხშირად იძულებულია, გამოიყენოს არალეგალური საშუალებები, როგორიცაა ყალბი დოკუმენტები. ხშირად ყალბი დოკუმენტების გამოყენება ერთადერთი გარდაუვალი ქმედებაა თავის დასაღწევად.

ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ 2012 წლის მარტში ამოქმედებული “ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირზე გაიცემა სამგზავრო დოკუმენტი, რომლის ფორმასა და გაცემის წესს ადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. მისი განცხადებით, სამწუხაროდ, სახელმწიფოს აღნიშნული სახის დოკუმენტი ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებზე დღემდე არ გაუცია.

2014 წლის იანვრიდან ლტოლვილთა სამინისტროში ფუნქციონირებს წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილება, რომელიც იკვლევს, აგროვებს და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის დამდგენ სპეციალისტებს უგზავნის სანდო და საქმესთან დაკავშირებულ, ხელმისაწვდომ ინფორმაციას თავშესაფრის მაძიებელთა წარმოშობის ქვეყნის შესახებ. ასევე, დაინერგა ანკეტირებისა და გასაუბრების ელექტრონული ფორმით დაფიქსირება, ხმის ჩამწერი მოწყობილობის საშუალებით.

სახალხო დამცველი გასაუბრების პროცესში ჩართული თარჯიმნების კვალიფიკაციისა და გადამზადების საკითხზეც საუბრობს და ამბობს, რომ მათი დახმარება საჭირო ხდება თავშესაფრის მაძიებელ პირთა რეგისტრაციისა და ლტოლვილის სტატუსის დადგენის პროცედურისას ანკეტირებისა და გასაუბრების ჩატარების დროს.

“მონიტორინგის შედეგად დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც თარჯიმანს თავშესაფრის მაძიებელთა მონათხრობის სწორად თარგმნა უჭირდა. დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც თავშესაფრის მაძიებელმა გამოთქვა უკმაყოფილება თარგმნასთან დაკავშირებით. ასევე, ადგილი ჰქონდა თარჯიმნის მხრიდან არათანმიმდევრულ თარგმნასა და საკუთარი ინიციატივით კითხვების დასმას, ან პასუხების მოკლე შინაარსის გადმოცემასა და საკუთარი აზრის გამოხატვას, რაც დაუშვებელია გასაუბრების პროცედურისას”, – ნათქვამია ანგარიშში.

თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები ცენტრი მარტყოფში 2010 წლიდან ფუნქციონირებს და 60 ადამიანზეა გათვლილი. გარდა ამისა, გამოყოფილია ქალთა, მამაკაცთა და ოჯახების განთავსების განყოფილებები, რომელიც უზრუნველყოფილია მოსასვენებელი, სამზარეულო, სამრეცხაო და სააბაზანო ოთახები. თავშესაფრის მიმღებ ცენტრში განთავსებულთა ცხოვრება უფასოა.

თავშესაფარი მაძიებელი ლტოლვილთა სამინისტროს მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტს მიმართავს განცხადებით ცენტრში ჩასახლების სურვილის შესახებ, რის შემდეგაც გადაწყვეტილებას იღებს სპეციალური კომისია. ომბუდსმენი ამბობს, რომ არ არსებობს სპეციალური წესები, რის საფუძველზეც კომისია იღებს გადაწყვეტილებას და განსაზღვრავს პირის მოწყვლადობას. არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ მოწყვლადი კატეგორიის პირი ცენტრს მიღმა აღმოჩნდეს.

ომბუდსმენი რეკომენდაციებით სხვადასხვა უწყებებს მიმართავს:

  • საჭიროა ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების დამდგენი სპეციალისტების სისტემური გადამზადება, მათ შორის ახლად აყვანილი თანამშრომლების;
  • ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის დამდგენი სპეციალისტების რიცხვის გაზრდა;
  • ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის დამდგენი პროცედურებისთვის საჭირო ცოდნისა და უნარების მქონე თარჯიმანთა აყვანა და გადამზადება ლტოლვილის კონტექსტში თარგმნის კუთხით;
  • ცენტრის ადაპტირება და აღჭურვა შშმ პირების საჭიროებებისთვის;
  • სწრაფად უნდა დასრულდეს ახალი ცენტრის მშენებლობა, რაც უზრუნველყოფს მეტი თავშესაფრის მაძიებლის დროებით განსახლებას;
  • უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მიეცეთ მეტი თავისუფლება შენობასა და მის პერიმეტრს გარეთ, ეზოში გადაადგილების დროს;
  • გასაუბრებისთვის გამოყოფილ იქნება იზოლირებული ოთახი, რომელსაც ექნება ხმა გაუმტარი კედლები და კარი, რითაც უზრუნველყოფილი იქნება კონფიდენციალური გარემო;
  • გადაიხედოს თავშესაფრის მაძიებელთათვის ვიზის გაცემის საფასურის გადახდის წესი იმგვარად, რომ ვიზის მიღებაში დაბრკოლებამ არ შეუქმნას საფრთხე თავშესაფრის მაძიებელ პირთა უფლებებს.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s