სოსო ჯაჭვლიანის აზრით, მის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ პარლამენტი მხარს დაუჭერს. უმრავლესობის დეპუტატი ამბობს, რომ ეს კანონი საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი. ამის შესახებ ჯაჭვლიანმა დღეს ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ეს კანონი მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ის ძალიან პოზიტიური იქნება საზოგადოებისთვის. ყველაფრის თქმა, რაც ენაზე მოგადგება, არ შეიძლება. ადამიანი იძახის, რომ თავისუფალია. თავისუფალი, ჩემი აზრით, გიჟია. თავისუფლება არ ნიშნავს, რომ ყველაფერი თქვა. თავისუფლება არ ნიშნავს, რომ რაც მოგესურვება, ის გააკეთო. რაღაცის გამოხატვას, თუ საზოგადოებისთვის მიუღებელია, უნდა მოერიდო. შესაძლებელია მე თქვენ გაკრიტიკოთ, მაგრამ გააჩნია, როგორ გაგაკრიტიკებთ. კრიტიკა მისაღებია, თუმცა შეურაცხყოფა სხვა რამეა, ამიტომ ნებისმიერი რელიგიის მქონე ადამიანის – იუდეველი იქნება, კათოლიკე, მართლმადიდებელი თუ სხვა, მათი გრძნობების შეურაცხყოფაზე გავრცელდება ეს კანონი”.

სოსო ჯაჭვლიანი ამბობს იმასაც, რომ მის მიერ მომზადებული ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში ქვეყანაში არსებული საერთო ვითარება გამოსწორდება და  რელიგიური სიწმინდეების შეურაცხყოფის ფაქტები შემცირდება.

ადამიანის შეურაცხყოფა, მისი რელიგიის შეურაცხყოფა არ შეიძლება და თუ არ გწამს ღმერთის, მაშინ უნდა იწამო კანონის. როდესაც ადამიანი პირჯვარს იწერს, როდესაც ადამიანი მეჩეთში შედის და ლოცულობს, არ უნდა შეურაცხყო. არ შეიძლება ღორის თავის მიჭედება მედრესეზე, არ შეიძლება ჯვარზე ღორის გაკვრა. ყველა რელიგიას აქვს თავის დოგმატიკა და აქედან გამომდინარე, იმის განსაზღვრა, თუ რა არის შეურაცხყოფა, ძალიან ადვილია. შეურაცხყოფაა, როცა ლოცულობ და დაგცინიან. ასევე არ შეიძლება დედის გინება. დედაზე რომ გაგინებენ, ამაზე რეაქცია უნდა გქონდეს, თუმცა უბედურება რომ არ მოხდეს, კანონში უნდა ჩაიწეროს რომ ამის გაკეთება არ შეიძლება. წადი სახლში და რამდენიც გინდა “იღადავე” და საზოგადოებაში ნუ აკეთებ ამას. სახალხოდ ნუ შეურაცხყოფ ადამიანს და მის რელიგიურ გრძნობებს.

ჩვენ მივდივართ ევროპისკენ. ჩამოვთვლი ევროპის ქვეყნებს, სადაც ეს უკვე განსაზღვრულია და ასახულია კანონში: გერმანია, ავსტრია, საფრანგეთი. ისრაელში 18-თვიანი პატიმრობაა. ჯარიმებია იტალიაში, გერმანიაში. ჩვენ არ ვიგონებთ ახალ ველოსიპედს”, – თქვა ჯაჭვლიანმა.

შეგახსენებთ, რომ დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანს საკანონმდებლო ინიციატივა აქვს, რომლის მიხედვითაც რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურისა და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა ან/და ისეთი მასალის გამოქვეყნება ან ჩვენება, რაც მიზნად მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას ისახავს, 300 ლარით უნდა დაჯარიმდეს.

ამავე ქმედებების განმეორებით ჩადენა კი 600 ლარით დაჯარიმდება.

საქმე “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” შესატან ცვლილებებს ეხება, მას 166-ე პირმა მუხლი უნდა დაემატოს. კანონპროექტის ავტორი “დემოგრაფიული განვითარების ფონდის” დირექტორი ზვიად ტომარაძეა.

კანონპროექტისვე მიხედვით, რელიგიური შენობების ან სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება ან დაზიანება 500 ლარით, განმეორებით შემთხვევაში კი 1000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.

კანონპროექტის მიღების მიზეზად “ბოლო პერიოდში გახშირებული მოქალაქეთა რელიგიური გრძნობების, არსებული რელიგიების და სასულიერო პირების შეურაცხყოფა” დასახელდა.

საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის ბიუროს გუშინდელ სხდომაზე დარეგისტრირდა.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s