სექსუალობის, მისი სხვადასხვა ასპექტის მიმართ დამოკიდებულება დროსთან და საზოგადოებებთან ერთად იცვლებოდა.

რა დამოკიდებულება ჰქონდა ქართულ საზოგადოებას ​სექსუალობასთან, სქესობრივ და გენდერულ როლებთან და როგორ იცვლება სექსუალობის, სქესის, გენდერის, გენდერული როლების აღქმა საქართველოში, ფილოსოფოსმა ლელა გაფრინდაშვილმა ფრონტლაინ კლუბში გამართულ საჯარო ლექციაზე მიმოიხილა.

“ქალების საჯარო სივრცეში გამოჩენას და იმის თქმას, რომ ეს სივრცე მათიც არის, წინააღმდეგობა მოყვებოდა.

მინდა გამოვყო სიმონ დე ბოუვარის ორი გამონათქვამი:

ქალებად კი არ იბადებიან, ქალები ხდებიან. არც ბიოლოგიური, არც ფიზიკური თუ ეკონომიკური ხვედრი არ განსაზღვრავს იმ ხატს, რომელსაც იძენს ადამიანის მდედრი საზოგადოებაში. მარტოოდენ ცივილიზაცია აყალიბებს მთლიანობაში ამ შუალედურ წარმონაქმნს მამრსა და კასტრატს შორის”.

და

ქალის ვნება საკუთარი უფლებების ყოველგვარი, ტოტალური უარყოფაა. ქალს სურს, რომ მას დაეუფლონ, მაშასადამე ის მოითხოვს ვიღაცას, ვინც მას დაეუფლება. ვინც თვითონ არ მიეცემა (ქალი უნდა მიეცეს), ვინც საკუთარ მეს არ დაივიწყებს (კაცი), პირიქით, ვისაც სურს, თავისი მე სიყვარულში გაამდიდროს”.

ის ამბობს, რომ კაცმა შეიძლება მიიღოს სხვა, ოღონდ ეს სხვა უნდა იყოს თავისი სხვა, არა ავტონომიური, არამედ თავისი. ქალი მიეცემა და ამითი მამაკაცი ამაღლდება.

ბოუვარის აზრით, ეს არის ორი ვნების ნიველირება. ერთი ვნების დომინანტობა და მის მიერ მეორის შეჭმა არის აუცილებელი კულტურათა უმრავლესობაში.

კიდევ ერთი ავტორი, გეილ რუბინი, ქალის ვნებას, სექსუალობას და სექსუალურ აქტს უკავშირებს ქორწინებას. მას მრავლად აქვს შესწავლილი ეთნოგრაფიული წყაროები და აინტერესებს ქალის სექსუალობის დაკავშირება ისეთ ფენომენთან, როგორიც არის ტაბუ ინცესტზე. მას აინტერესებს, როდის წარმოიშვა, რამ წარმოშვა ეს ტაბუ. რუბინის აზრით, უხსოვარ წარსულში, ქალის სექსუალობა ეკუთვნოდა თემის ყველა წარმომადგენელს, მაგრამ ევოლუციის კვალდაკვალ აღმოჩნდა, რომ უნდა მოხდეს სექსუალური ურთიერთობის გასხვისება, გაყიდვა და ქალები სწორედ ამ ვაჭრობის ობიექტები გახდნენ. ამიტომ სექსს დედასთან, დასთან და თემის წარმომადგენლებთან დაედო ტაბუ, მაგრამ ქალის სექსი გახდა გასაყიდი.

თუ ქართულ სინამდვილეს გავიხსენებთ, ამ მხრივ ძალიან საინტერესოა და ეთნოგრაფები ძალიან გაურბიან ამის აღიარებას, რომ სყიდვითი ქორწინება, რომელიც დღეს მუსლიმ თემს მიეწერება, საქართველოშიც ძალიან გავრცელებული იყო. ამაზე მეტყველებს ერთ-ერთი ტექსტი, რომელიც სვანურიდან ვთარგმნე.

ეს არის 1939 წელს ჩაწერილი ამბავი, რომელშიც ერთი ქალი, სახელად მარინო თავის ცხოვრებას იხსენებს, ყვება თავის გათხოვების ამბავს, მანამდე როგორ იყო ქალიშვილი, აქ სექსუალური თავისუფლების შესახებაც არის საუბარი.

როცა ეს ტექსტი ჩაიწერა, მარინო 120 წლის იყო. ანუ მეცხრამეტე საუკუნის შუა წლების ამბებს ყვება.

მარინო გათხოვებამდე დაინიშნა. სვანური ტრადიციის მიხედვით, ის დანიშვნიდან 3 წლის განმავლობაში მამის ოჯახში უნდა დარჩენილიყო, 3 წლის შემდეგ კი მოხდებდა ე.წ ფეხების გახსნა, ანუ ის შეძლებდა ქმრის სახლში გადასვლას.

თუმცა, ამ სამი წლის განმავლობაში მას თანატოლებმა დაუწყეს დაცინვა იმის გამო, რომ ერთი კაცის ერთგული იყო. ამიტომ, როგორც მარინო ამბობს, ის იძულებული გახდა, საყვარელი გაეჩინა.

ეს სრულიად შოკისმომგვრელი რაღაც არის.

რაღაც კუთხით ეს ჩვენ შეგვიძლია სწორფრობის და წაწლობის ფენომენს შევადაროთ, თუმცა ამის შესახებ კარგი ტექსტები არ გვაქვს, გვაქვს მხოლოდ ეთნოგრაფების მიერ შექმნილი რომანტიზებული ტექსტები, რომელშიც ხმალიც მონაწილეობს, სექსი არ შეიძლება და ა.შ.

თუმცა, იყო ასეთი ადამიანი, გვარად თევდორაძე, რომელსაც აქვს ნაშრომი სახელწოდებით “5 წელი ფშავ-ხევსურეთში”. ის ექიმი იყო და ამ დროის განმავლობაში სწორედ ფშავ-ხევსურეთში მუშაობდა. როცა იქიდან დაბრუნდა, დაწერა წიგნი თავისი შთაბეჭდილებების მიხედვით. ამ წიგნში თევდორაძე ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სწორფრებსა და წაწლებს შორის ხმალი არსებობდა, “მთელი ველი სავსე იყო გაჩენილი ბავშვებით”, იმიტომ რომ “ქალები მშობიარობდნენ და ყრიდნენ ბავშვებს”, რადგან ქალის ასე დაფეხმძიმება არ შეიძლებოდა.

რაც შეეხება ისევ სვანეთს და მარინოს, ის ყვება, რომ მამამ სამჯერ გაათხოვა და სამივე ჯერზე “ძალიან მსუყე ნაჭულაში, იგივე გამოსასყიდი მიიღო, თუმცა თავად მარინოს არაფერი შეხვდა ერთი წყვილი ნაბადისგან შეკერილი “ჩუსტების” გარდა. ქონება, რომელის სინამდვილეში მისი იყო, მას არ მიყვებოდა.

საქართველოში ქალები, როგორც სხეულები, პიროვნებები, სახელები და გვარები, მე-19 საუკუნეში გაჩნდნენ. მართალია, მათი ამოცნობა ძალიან ძნელია, იმიტომ რომ წყაროებში მითითებულია მაგალითად, “ჭავჭავაძისა”, რაც შეიძლება ნიშნავდეს, რომ ჭავჭავაძის ცოლია ან ჭავჭავაძის შვილია. თუ დაწერილ ტექსტში შეგხვდება “ასული”, ე.ი ძალიან გაგიმართლა, მაგრამ მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ამ ქალებმა საჯარო სივრცის, ფაქტობრივად, ოკუპაცია მოახდინეს. ეს ძალიან ბევრი მიზეზით იყო განპირობებული, მათ შორის სოციალური, ეკონომიკური და ა.შ

მას შემდეგ, რაც საჯარო სივრცეში ქალები გამრავლდნენ, დაიწყო შფოთვა, რომ ისინი კაცებს რაღაცას ართმევენ. ზოგჯერ ეს გაცნობიერებულად ხდება, ზოგჯერ გაუცნობიერებლად, ზოგჯერ ჰქვია წართმევა, ზოგჯერ – არა. ამის გამო კი ხდება არგუმენტების ძიება, თუ რატომ არ უნდა იყვნენ ქალები იმ ადგილას, სადაც არიან.

იწყება ყველა კულტურაში ძალიან ცნობილი ბოილოგისტური არგუმენტების მოძებნა იმის დასამტკიცებლად, რომ ქალს ფიზიკურად არ შეუძლია იყოს სადმე სხვაგან, ოჯახს მიღმა. მაგალითად, რომ ადამიანი ზოგადად წელიწადში საშუალოდ 40 დღეს ავადმყოფობს, ამას კი უნდა დავუმატოთ მრავალი 40 დღე ქალის შემთხვევაში, რადგან ქალს აქვს მენსტრუაცია, ის ფეხმძიმდება. ფეხმძიმობის დროს ნაყოფი მოითხოვს სისხლს დიდი რაოდენობით, ეს სისხლი კი ტვინს აკლდება და ქალი სულელი რჩება. მენსტრუაციის შემთხვევაშიც ასე ხდება, სისხლი ორგანიზმიდან გამოდის ისეთი რაოდენობით, რომ ის, ფაქტობრივად, იცლება, აქედან გამომდინარე კი სისხლი ტვინს აკლდება.

ამ ბიოლოგისტური არგუმენტებიდან გამომდინარე იქმნება 2 პოლუსი: ქალი ან არის დედა, ან არის საჯარო სივრცეში.

ამასთან დაკავშირებით ერთი პატარა წერილი ილია ჭავჭავაძემაც დაწერა. მან ერთმანეთს ორი ცნება – ქალი და დედაკაცი დაუპირისპირა.

ილია წერს, რომ “ქალი უფარხმალო დედაკაცია, დედაკაცი – უფარხმალო ქალია და სად მოვლენ ერთმანეთთან. ვაი, რომ დედაკაცნი წავიდნენ, აღარ გვყვანან, მარტო ქალებიღა დაგვრჩნენ და ჩვენის ფიქროთ, აქ არის სათავე მთელის უბედურებისა”.

როდესაც ის ქალზე ლაპარკობს, ვნებას უშვებს, თუმცა შემდეგ  ამას “აშაყირებს” და ამბობს, რომ ქალი არის რუსული “ბაბა”.

“ქალი” ილიამ ფაქტობრივად აკრძალა, ეს კი უკვე თვითცენზურას ნიშნავდა.

ისეთი აქტიური ქალიც კი, როგორიც ეკატერინე გაბაშვილი იყო, თავის ხელნაწერებში, სადაც კალამი წასცდებოდა და ქალს წერდა, შემდეგ გადახაზავდა მას და წერდა დედაკაცს. ეს არის არა მხოლოდ თვითცენზურა, არამედ დათანხმებაც ილიას აზრზე.

მოგვიანებით, ისეთი ფემინისტი ქალიც კი, როგორიც არის კატო მიქელაძე, იყენებდა სიტყვა დედაკაცს და არა ქალს და ფაქტობრივად, სიტყვა დედაკაცის კულტურული ლეგიტიმაცია მოხდა.

ძალიან საინტერესო შემთხვევა მოხდა ქუთაისიში 10-იან წლებში – უფროსკლასელმა ქალებმა წმინდა ნინოს გიმნაზიიდან ფრანგული ენის მასწავლებელი კონსტანტინე კაპანელი (ჭანტურია) გააგდებინეს. ის ამბობდა, რომ განათლება საფრანგეთში მიიღო. მან გამოაქვეყნა ნაშრომი “ტანჯვა და შემოქმედება”, რომელსაც  როგორც კატო მიქალძემეროტომანული” უწოდა.

“ტანჯვა და შემოქმედებით” კაპანელმა ქართველი ქალები გააკრიტიკა იმისთვის, რომ ისინი ამაზონურ კულტურას მოსწყდნენ (მისივე თქმით, ამაზონები კოლხი ქალები იყვნენ) და თქვა, რომ ამაზონები, რომლებიც გაუსწორდნენ ეგვიპტელებს, იყვნენ სამაგალითო ქალები ჩვენი კულტურისთვის. კაპანელის აზრით, ქალი ან ამაზონელი უნდა იყოს, ან მეძავი. ის დედობაზეც ნაკლებად ლაპარაკობს. კაპანელისთვის არის ქალის ორი ტიპი: ერთი, ბრძოლის ჟინით შეპყრობილი, დეფემინიზებული ქალი და მეორე, სუპერ ფემინიზებული, თუმცა მხოლოდ ვნების კომპონენტში და მხოლოდ მამაკაცის სხვა, არა ავტონომიური ვნების მქონე ადამიანი. გიმნაზიელი ქალების პროტესტი სწორედ ამან გამოიწვია.

კატო მიქელაძემ თავის გაზეთში “ხმა ქართველი ქალისა” მას რამდენიმე სტატია მოუძღვნა და რამდენიმე სხვა, იმ პერიოდის ინტელექტუალი კაციც “მიაყოლა”.  ერთ-ერთი იყო გრიგოლ რობაქიძე, რომელიც იმ პერიოდის ემანსიპირებულ ქალებს, სწორედ მისი ეროტომანობის გამო, არ მოსწონდათ. გრიგოლ რობაქიძისგან განსხვავებით, კაპანელიგოიმია” თანამედროვე სიტყვებით რომ ვთქვათ, უფრო გულახდილია იქიდან გამომდინარე, რომ “გოიმია”, რაღაცების თქმას ნაკლებად ერიდება, მაშინ როცა რობაქიძე, “გველურად იქცევა”, როგორც ამას კატო მიქელაძე ამბობს. მიქელაძე საშინლად გაბრაზებულია რობაქიძის ეროტომანული იდეების გამო. იმის გამო, რომ მისთვის ქალი არის რეპროდუქციის ჭურჭელი და რომ ის შეიძლება იყოს ან ჰეტერა (ძველ საბერძნეთში განათლებული გაუთხოვარი ქალი, რომელიც თავისუფალ, დამოუკიდებელ ცხოვრებას ეწეოდა), ან დედა, რომ სხვა არჩევანი მას არ აქვს და რომ საჯარო სივრცეში მისი ყოფნა მავნებელია არა მხოლოდ ქალისთვის, არამედ კაცობრიობისთვის”.

შეგახსენებთ, ამ თემაზე ლელა გაფრინდაშვილმა გუშინ, ‘ქალთა ინიციატივების ხმარდამჭერი ჯგუფის’ მიერ ორგანიზებულ საჯარო ლექციაზე “სექსუალობა და გენდერი – ტრანსგრესიის შესაძლებლობა” ისაუბრა.

 (C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s