მამაჩემი მოძალადეა და დედაზე ხშირად ძალადობს.

ბავშვობაში ძალადობა რას ნიშნავდა არ ვიცოდი, მაგრამ ვიცოდი, რა მწარე იყო დედაჩემის ცრემლიანი და სისხლიანი სახის დანახვა.

მამაჩემს არ უყვარდა დედას რომ ნამტირალევს ხედავდა და უფრო მეტად ურტყამდა. დედაც უფრო მეტს ტიროდა და ეს ყველაფერი დაუსრულებელ წრეს ემსგავსებოდა.

თავიდან მეც ვტიროდი, როდესაც მშობლების ჩხუბს ვუყურებდი, მაგრამ მერე ალბათ, ჩემმა ორგანიზმმა ცრემლების მარაგი ამოწურა.

13 წლის ვიყავი ბოლოს რომ ვიტირე.

მას შემდეგ მშრალი, არაფრისმთქმელი გამომეტყველებით ვუყურებდი გაცხოველებული მამაჩემის სიველურეს და გულში ვფიქრობდი – “ერთ დღესაც ყველაფრისთვის გადაგიხდი სამაგიეროს, ნაბიჭვარო”.

არც მაშინ მიტირია, როდესაც სახლში ნასვამმა დაბრუნებულმა მამაჩემმა დედა სასტუმრო ოთახში გააუპატიურა, ჩემს თვალწინ. თან მთელ ხმაზე აგინებდა და ურტყამდა – რატომ ტირიო.

14 წლის ვიყავი პირველად რომ ჩავდექი დედაჩემსა და მამაჩემს შორის. იმ დღეს გაჩნდა პირველი იარა ჩემს ზურგზე. მეორე დღეს სკოლაში ვერ წავედი, მარჯვენა თვალი და გვერდები დალურჯებული მქონდა.

დედა ყოველი ასეთი ჩხუბის მეორე დღეს ხმას არ სცემდა მამაჩემს. ჰოდა, ისიც უფრო აგრესიული ხდებოდა.

მეც სულ უფრო ხშირად ვიდექი მათ შორის და დღითიდღე იზრდებოდა ჩალურჯებები ჩემს ტანზე და სახეზე.

მახსოვს თეფში, ჭიქა, შუშის ტოლჩა და… სკამი.

ოჯახში მწირი ავეჯი გვქონდა და სიგრძეზე სამ მოზრდილ უზურგო სკამს ერთმანეთს მივადგამდი ხოლმე და იმაზე ვიძინებდი. ჰო, ბოლო წლები სკამებზე მეძინა მანამ, სანამ მამაჩემმა ერთ-ერთი ჩხუბისას ეს სკამი არ მესროლა და იმდენად ძლიერად, რომ კედელზე მოხვედრისთანავე დაიშალა.

თუმცა ესეც, ისევე როგორც ბევრი წინა შემთხვევა, უსიტყვოდ გადავყლაპეთ მე და დედამ.

დრო გადიოდა, აგრესია არათუ ნელდებოდა, პირიქით, მატულობდა.

ჰოდა, 18 წლისამ პატრულში დავრეკე.

პატრულის რამდენიმე ეკიპაჟი მოვიდა. მე და დედა განყოფილებაში წაგვიყვანეს, განცხადების დასაწერად. იქ ერთ-ერთი თანამშრომელი ქალის მაგიდასთან ვისხედით, ეს ქალი კი გვესაუბრებოდა. როდესაც ვუთხარი, რომ ეს პირველი შემთხვევა არ იყო და ამას სისტემატიური ხასიათი ჰქონდა, ოქმს ჩახედა, მისამართი ნახა, მომიტრიალდა და მითხრა: “იცით, მე თქვენს გვერდით კორპუსში ვცხოვრობ. თუმცა, არასოდეს გამიგია თქვენი ბინიდან რაიმე ხმაური”…

და მაშინ მომინდა მისთვის სათითაოდ გადამემტვრია თავზე ჭიქა, თეფში, შუშის ტოლჩა და… სკამიც.

თავი შევიკავე.

მამას შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს და სახლიდან წავიდა. ჩვენ დავისვენეთ. ამოვისუნთქეთ. ეკონომიკურად დამოუკიდებლები ვიყავით, არ გვილხინდა, მაგრამ პურის ფული გვქონდა.

მას მერე დიდი დრო გავიდა და მამაჩემზე არაფერი გამიგია. არც ვინტერესდებოდი. ფეხებზე მეკიდა.

მეგონა დედაჩემსაც ფეხებზე ეკიდა. ნუ, ასე მაჩვენებდა თავს მანამ, სანამ ერთ დღეს არ გამომიცხადა, რომ მამაჩემი უახლოეს მომავალში დაბრუნებას აპირებს. ოჯახში.

მაშინ ვერ მივხვდი, რომელ ოჯახს გულისხმობდა. მერე დედას თვალებში ჩავხედე და პირდაპირ ვუთხარი, რომ არჩევანის გაკეთება მოუწევდა, ან მე, ან მამაჩემი…

ახლა, როდესაც ამას ვწერ, ვიცი, რომ მალე ჩანთის ჩალაგება მომიწევს, რადგან დედაჩემმა თავისი არჩევანი ვერ გააკეთა და ამის გაკეთებაც მე მომიწია.

მამაჩემი მოძალადეა…

დედაჩემს სტოკჰოლმის სინდრომი აქვს…

ანონიმი ავტორი

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s