მაია ფელიშვილი წლების წინ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი იყო. მიუხედავად ოჯახში ძალადობის ფაქტებისა და იმ სტერეოტიპებისა, რომელიც ქალ პოლიციელთანაა დაკავშირებული, მან შეძლო პოლიციის აკადემიაში ჩაებარებინა და სასურველ პროფესიას დაუფლებოდა. ფელიშვილი დღეს გარდაბნის რაიონის სამმართველოს უბნის ინსპექტორი და გამომძიებელია. ის ამ პოზიციას 2007 წლიდან იკავებს და ამბობს, რომ წლების განმავლობაში გარდაბანში მუშაობა მისთვის, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული ოჯახებისა და მათდამი არსებული სტიგმის გამო, მეტად მნიშვნელოვანია.

ფელიშვილის საქმიანობა ძირითადად ოჯახში ქალზე ძალადობის შემთხვევებს ეხება. მოსამართლეები და კოლეგა გამომძიებლები ხშირად ეუბნებიან, რომ ამ შემთხვევებზე მუშაობისას ის მიკერძოებულია და ძალადობის მსხვერპლ ქალებს უჭერს მხარს. მიუხედავად ამისა, ფელიშვილი ამბობს, რომ წარსულში ძალადობამ და გავლილმა სწავლებებმა ის ამ თემებისადმი მგრძნობიარე გახადა.

გარდაბნის რაიონის სამმართველოს უბნის ინსპექტორმა და გამომძიებელმა, მაია ფელიშვილმა ქალის მიერ მსხვერპლის სტატუსის გაცნობიერებაზე, ოჯახში ძალადობის შემთხვევების პრევენციაზე, სახელმწიფოს როლზე, პოლიციელების გულგრილობასა და საკუთარ აქტივიზმზე არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობას” ოფისში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.

“სახლიდან იმ მიზეზით გამოვიქეცი, რომ ვაცნობიერებდი, შვილებისთვის ამ მდგომარეობაში ყოფნა არ იყო კარგი. დედობრივი ინსტინქტი იყო ჩემს შემთხვევაში გადამწყვეტი. შემდეგ, უკვე მუშაობის პროცესში, როდესაც სხვა შემთხვევებს ვაწყდებოდი და ჩემს წარსულთან ხდებოდა ასოცირება, გავაცნობიერე, რომ ეკონომიკური, ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი ვიყავი. იმ მომენტში, როდესაც მსხვერპლი ხარ, ამის გაცნობიერება ძალიან რთულია”.

წლების წინ მაია ფელიშვილმა ოჯახური ძალადობის შემთხვევებზე დაიწყო მუშაობა და დღემდე ამ საკითხს მიჰყვება. ამბობს, რომ თავიდან ასეთი საქმეების აღების ინიციატივას თვითონ იჩენდა. ახლა კი ამ საქმეებს ყველაზე ხშირად მას აბარებენ ხოლმე.

როგორ უნდა ვებრძოლოთ ოჯახში ძალადობას

მაია ფელიშვილი ამბობს, რომ ოჯახში ძალადობის შემთხვევების დროს ყოველთვის პოლიციას უნდა მივმართოთ.

იმისთვის, რომ ოჯახში ძალადობის შემთხვევისას კონფლიქტის ადგილას საპატრულო პოლიცია გამოცხადდეს, 112-ში შეტყობინება უნდა შევიდეს. 112-ის ოპერატორმა ინფორმაცია იმ პოლიციის სამმართველოს უნდა გადასცეს, სადაც შემთხვევა ხდება. შემდეგ სამმართველო ინფორმაციას საპატრულო ეკიპაჟს აწვდის, რომელიც თავის მხრივ შემთხვევის ადგილზე მიდის.

112-ის ოპერატორს აქვს ვალდებულება, ზარის ავტორს თავისი ტელეფონის ნომერი ჰკითხოს. აქ პირველი კონფლიქტი ხდება. დამატებით შეკითხვაზე ზარის ინიციატორი ღიზიანდება, რადგან უნდა, რომ რაც შეიძლება მალე მივიდეს პოლიციის ეკიპაჟი დანიშნულების ადგილას. უნდა ვიცოდეთ, რომ პოლიციის ოფიცრისთვის ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანია და აუცილებლად უნდა მივაწოდოთ.

როდესაც რამდენიმე ადამიანი ერთი და იმავე ინფორმაციას ერთმანეთს გადასცემს, თავისდაუნებურად მის არსს ამახინჯებს და ბოლო ადრესატამდე ის დამახინჯებული სახით მიდის. პოლიციელი ინფორმაციის მიღების შემდეგ ისევ ზარის ინიციატორს უკავშირდება, რომელიც უკვე ძალიან ბრაზდება და ჩვენს ადგილზე გამოცხადებას ითხოვს. ეს უკვე მეორე კონფლიქტია, რადგან მას მოლოდინი აქვს, რომ პოლიციელი სადმე ახლოსაა და დანიშნულების ადგილას მალე მივა.

შეხვედრის ადგილზე მისვლის შემდეგ, პოლიციელი ვალდებულია ყველა ოთახი დაათვალიეროს და ეს არ არის ჩხრეკა. ფელიშვილი ამბობს, რომ მან არასდროს იცის, რა დახვდება ოჯახში და უნდა შეამოწმოს – შესაძლოა იყოს იარაღი, ან დაზარალებული ადამიანი, რომელსაც მოძრაობა არ შეუძლია, ან კონფლიქტში მონაწილე მესამე პირი და ა.შ. ასევე, გარედან უნდა დაათვალიეროს ადამიანები და მათ ამის უფლება აქვთ. ფელიშვილის თქმით, ესეც აუცილებელი პროცედურაა.

იმ შემთხვევაში, თუ ზარი პოლიციელების შემთხვევის ადგილას მისვლამდე გაუქმდა, მათ აქვთ ვალდებულება და მითითება, მაინც მივიდნენ და ოჯახი გადაამოწმონ. თუ ზარის ინიციატორად დაფიქსიებულია მამაკაცი ან ქალი და სახლში მისვლისას კარს სხვა ადამიანი აღებს, მაშინ პოლიციელს გონივრული ეჭვი უნდა გაუჩნდეს, რომ ზარის ინიციატორს რაიმე დაუშავეს და ყველაფერი უნდა შეამოწმოს.

არ ვამბობ, რომ ყველა ჩემი კოლეგა მოტივირებულია ამ დანაშაულების გასახსნელად და მთელი შს სამინისტრო კვალიფიციურია, ყველას სჭირდება გადამზადება, მაგრამ მოტივირებული ადამიანი ასეთ დროს შიგნით აუცილებლად შევა. თუმცა, არის ისეთი შემთხვევები, როდესაც უკანაც ბრუნდებიან კარიდან.

ხშირად მქონია შემთხვევები, როდესაც სურათი ასეთია – ქალი ზის, ტირის, ჭურჭელი დამსხვრეულია და მამაკაცი გვეუბნება, რომ არაფერი მომხდარა. ქალიც იგივეს იმეორებს. ასეთ დროს მე ჯვარედინი დაკითხვის მეთოდს ვიყენებ, რადგან სრული სურათის მისაღებად ეს აუცილებელია. ჩვენ ვისმენთ მათ აზრებს, შემდეგ მე და ჩემი პარტნიორი ვცვლით აზრებს და ვცვლით დაკითხვის ობიექტებსაც. ამ დაკითხვის შემდეგ ჩვენს პოზიციებს ვაჯერებთ და თუ ჩვენი აზრები ემთხვევა, მაშინ სწორად განგვისაზღვრავს, თუ ვინაა მოძალადე.

პოლიციის ეკიპაჟის ოჯახში მისვლის შემდეგ გასაუბრების ოქმს ფურცელზე ადგენენ და ოჯახის წევრებს ხელს აწერინებენ. ფელიშვილი ამბობს, რომ ოჯახის ყველა წევრი უნდა გამოიკითხოს, რადგან ყველას აზრი მნიშვნელოვანია.

ევროპასა და ამერიკაში, ოჯახში ძალადობის შემთხვევაში, პოლიციელები ადგილზე მისვლისას ფოტოგადაღების ტექნიკას იყენებენ. იმ შემთხვევაში, თუ ძალადობის მსხვერპლს გარეგნული დაზიანებები აღენიშნება, ან ოთახში ჭურჭელია დამსხვრეული, პოლიციელს აქვს შესაძლებლობა მსხვერპლსაც და ოთახსაც ფოტოები გადაუღოს. თუმცა, ამ ტექნიკას საქართველოში არ იყენებენ.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ეს პრაქტიკა დანერგილი არ არის, მე ის რამდენჯერმე გამოვიყენე. თუ პოლიციელს უნდა, აქვს ფოტოგადაღების უფლება. ეს ფოტოები აუცილებლად უნდა იყოს დადასტურებული ოჯახის წევრის მიერ. მქონდა პრაქტიკაში ასეთი შემთხვევა, მქონდა ოჯახის წევრის დასტური, რომ ნამდვილად მათ სახლში გადავიღე ფოტოები და ორ ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებულ საქმეს დავურთე, – ამბობს ფელიშვილი.

იმ შემთხვევაში, თუ კონფლიქტში მყოფი ორი ადამიანი ერთად ცხოვრობს და მათ საქმეს გამოძიება სჭირდება, არსებობს შემაკავებელი ორდერი, რათა ისინი განცალკევდნენ. ეს სახელმწიფოს ყველაზე ძლიერი ბერკეტია, რომელსაც პოლიციელი შემთხვევის ადგილზე გამოსცემს. ორდერის გამოწერის პროცესი მეორე დღესაც გრძელდება და 24 საათის განმავლობაში ის სასამართლოში უნდა წარადგინონ.

ვფიქრობ, რომ ეს უბრალოდ ბიუროკრატიაა და სასამართლოში მისი წაღება სავალდებულო არ უნდა იყოს, ეს წესი მალე აღმოიფხვრება, – ამბობს ფელიშვილი.

შემაკავებელი ორდერი ძალაში მისი გამოცემისთანავე შედის. ორდერი ძალაში შედის მაშინაც, როცა მოძალადე არ არის ადგილზე. თუ მსხვერპლი ქალი ამბობს, რომ მისი შვილებისთვის ამ სახლში ყოფნა მიზანშეწონილია, მაშინ ის სახლში რჩება. იმ შემთხვევაში, თუ მოძალადე სახლში ბრუნდება და მას არ აქვს ინფორმაცია შემაკავებელი ორდერის გამოწერის თაობაზე, პოლიცია ვერ დააკავებს.

არსებობს დამცავი ორდერიც, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოს (მოსამართლის) მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გამოცემული აქტია, რომლითაც განისაზღვრება ოჯახში ძალადობის შემთხვევაში ძალადობის მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს სისხლის სამართლებრივი დევნის აღძვრის საფუძველი და პირს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა. დამცავი ორდერის გამოწერის ვალდებულება პოლიციელს არ აქვს. ის სასამართლოს უფლებამოსილებაა და ამისთვის მსხვერპლმა სასამართლოს უნდა მიმართოს. ამ ორდერის ძირითადი არსი იმაში მდგომარეობს, რომ თუ ის გამოიცა, მოძალადეს არ აქვს უფლება მსხვერპლს მიუახლოვდეს.

აკრძალვები არის შემდეგნაირი – არ მივიდეს მის საცხოვრებელ სახლთან, სამუშაო ადგილთან და ყველგან, სადაც ის შეიძლება იმყოფებოდეს. არსებობს ასევე კომუნიკაციის შეზღუდვა, თუ მსხვერპლს ის მოკლეტექსტური შეტყობინებით უკავშირდება და აწუხებს.

ძალადობის მსხვერპლ ქალს საშუალება აქვს, სახელმწიფო თავშესაფრით ისარგებლოს, სადაც უფასო იურიდიულ და ფსიქოლოგიურ დახმარებას გაუწევენ.

თუ მსხვერპლს ეს სურს, ჩვენ იქ გადაყვანას ვთავაზობთ. ხშირ შემთხვევაში გვიჭირს მსხვერპლის დარწმუნება, რადგან მათ თავშესაფარი მოუწესრიგებელი და არაჰიგიენური სივრცე ჰგონიათ, სადაც განთავსებას არ არჩევენ. თუმცა, დეტალურად ვუხსნით, თუ რა პირობებში მოუწევთ ცხოვრება, – ამბობს ფელიშვილი.

იმ შემთხვევაში, თუ დედამ თავშესაფარში განთავსება მოითხოვა, მაშინ არასრულწლოვანი პირი, რომელიც მასზე დამოკიდებულია, მსხვერპლთან ერთად მიდის თავშესაფარში. თუ ქალი სახლში დარჩენას ითხოვს, მაშინ მოძალადე გაჰყავთ სახლიდან ერთ თვემდე ვადით.

ფელიშვილის თქმით, “რეგიონში მოძალადის სახლიდან გაყვანა სირთულეებთანაა დაკავშირებული. ხდება ისე, რომ შემდეგ მოძალადე სახლში ბრუნდება და ჩვენ გვიწევს ის ორდერის დარღვევისთვის დავაკავოთ”.

ოჯახში ძალადობა და ბავშვები

იმ შემთხვევაში, თუკი ოჯახში ძალადობის დროს ამ ფაქტს ბავშვები ესწრებიან და მსხვერპლი აცხადებს, რომ არაფერი მომხდარა, ყველაფერი რიგზეა –  მისი პასუხისმგებლობაც შესაძლოა დადგეს, ვინაიდან ის დანაშაულს მალავს. ბავშვზე ძალადობად მიიჩნევა კონფლიქტის დროს მისი ოთახში ყოფნა და შესწრება.

ასეთ დროს ვალდებულება მაქვს, შემაკავებელი ორდერი გამოვცე – ამბობს ფელიშვილი.

არის შემთხვევები, როდესაც პოლიციელები თავიანთ უფლებებს შემაკავებელი ორდერის გამოწერის თაობაზე არ იყენებენ და სხვა ხერხებით ცდილობენ საქმეების მოგვარებას. მაგალითად – მორიგებით, სოფლის რწმუნებულის ჩარევით, პირადი ნაცნობობით და ა.შ. აღნიშნული ფაქტები სახალხო დამცველის ანგარიშებშიცაა ნახსენები. ფელიშვილის თქმით, ასეთი შემთხვევები არსებობს, თუმცა იცნობს ისეთ კაც კოლეგებსაც, რომლებიც აქტიურად გამოწერენ შემაკავებელ ორდერებს.

ხშირად პოლიციელები მიდიან ოჯახებში და მსხვერპლებს ეუბნებიან – ალბათ, გააბრაზე და იმიტომ; რა მოხდა თუ შეგაგინა და ა.შ. ამის გამო შესაძლებელია ორდერი არ გამოწერონ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რისი უფლება გვაქვს და რა შეგვიძლია მოვთხოვოთ გამოძახებაზე მოსულ პოლიციელს, – ამბობს ფელიშვილი.

კონფიდენციალობის დაცვა

თუ თქვენ ხართ მესამე პირი, რომელსაც გესმით ოჯახში ძალადობის შესახებ და ამასთან დაკავშირებით რეკავთ პოლიციაში, თქვენი კონფიდენციალობა დაცული უნდა იყოს. ეს კანონით გარანტირებული უფლებაა.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენს შესახებ ინფორმაციას პოლიციელი გათქვამს, მაშინ მას შეგიძლიათ უჩივლოთ და საქმესაც მოიგებთ. ვფიქრობ, მიზანშეწონილი იქნება, თუ ზარის ინიციატორ პირსა და პოლიციელს შორის გასაუბრება მხოლოდ ტელეფონით შედგება. თუმცა, ამ ეტაპზე ასეთი წესი არ გვაქვს. მას არ აქვს უფლება, თქვენი ზარი და განმარტება კონფლიქტის შესახებ გაახმოვანოს.

ჩვენ გვაქვს პრეცედენტი, როდესაც პირმა პოლიციელს კონფიდენციალობის დარღვევეისთვის უჩივლდა და საქმე მოუგო კიდეც – ამბობს მაია ფელიშვილი.

თუ ფიქრობთ, რომ  პოლიციელი დაკისრებულ მოვალეობას არ ასრულებს ან მისი შესრულების თავიდან აცილებას ცდილობს, უნდა დარეკოთ ნომერზე 126, გენერალურ ინსპექციასთან და ფაქტის შესახებ უნდა განაცხადოთ. 

რა არის ოჯახში ძალადობა

“ეს არის ხე. შემთხვევაზე გასულებს გვაქვს ნაყოფი, რომელიც ტოტებზეა მიმაგრებული. ამ ტოტების შემაერთებელი ნაწილია ბარჯი, იქამდე ჩვენ ამ ტოტების საშუალებით უნდა მივიდეთ და გამოვარკვიოთ, რა სახის დანაშაულთან ან ძალადობასთან გვაქვს საქმე. ამ ხეს აქვს ფესვებიც, შესაბამისად ჩვენ თუ გვინდა, რომ ამ ადამიანებს ნამდვილად დავეხმაროთ, ამ ფესვებამდე უნდა ჩავიდეთ და კონფლიქტის რეალურ მიზეზებს ჩავწვდეთ”, – ამბობს ფელიშვილი.

მაია ფელიშვილის თქმით, მიუხედავად ურთულესი ბრძოლისა, ნებისმიერი ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა სახელმწიფოს შექმნის მამოძრავებელი ძალაა და მნიშვნელობა არ აქვს, როგორი სახის იქნება ის.

ადამიანის ფუნდამენტური უფლების დარღვევა სახელმწიფოს შენების პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი რღვევაა. ამას თუ ყველა გაიაზრებს, განსაკუთრებით ძალაუფლების მქონე ადამიანები, რისი იმედიც მე უახლესი ათწლეულების განმავლობაში არ მაქვს, მაშინ ვიქნებით სახელმწიფო – ამბობს გარდაბნის რაიონის სამმართველოს უბნის ინსპექტორი და გამომძიებელი მაია ფელიშვილი.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s