პირადი მოხმარების მიზნით მარიხუანას შეძენა/შენახვისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესახებ თბილისი მარიოტში იმსჯელეს და ხაზი მნიშვნელოვან კონსტიტუციურ უფლებებს და ხელისუფლების ინსტიტუტებთან დაკავშირებულ საკითხებს გაუსვეს.

დისკუსია საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება “ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” შეეხებოდა.

ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველოს” ადამიანის უფლებების კოორდინატორი გიორგი ბურჯანაძე “17 მაისთან” საუბარში ამბობს, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს ნარკომომხმარებლებისადმი სტერეოტიპული დამოკიდებულება აქვს. მისი თქმით, მარიხუანას დეკრიმინალიზაციას დრო სჭირდება.

“ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ნარკოტიკის მოხმარება ჯანმრთელობის ხელყოფის საფუძველი და მრავალი უბედურების სათავეა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ხალხმა, რომლებიც ამ თემის ირგვლივ მუშაობენ, გარკვეული სტიგმა უნდა დაძლიონ და დაანახონ საზოგადოებას, რომ არა მარტო ხალხი, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტებიც კი ხელს უწყობენ სტიგმას და ამ ჯგუფის მარგინალიზებას. რამდენიმე წლის წინ ჰომოსექსუალობა დასჯადი იყო, დღეს ადამიანის უფლებათა სამართალს ეს სასაცილოდაც არ ჰყოფნის. ალბათ, გავა დრო და მარიხუანას დეკრიმინალიზაციაზეც ასე იხუმრებენ”, – განაცხადა ბურჯანაძემ.

“თავისუფალი უნივერსტიტეტის” პროფესორმა, დავით ზედელაშვილმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ადამიანის თავისუფლებისა და ღირსების დაცვის თვალსაზრისით გაბედული ნაბიჯი გადადგა.

“დისკუსია საკონსტიტუციო სასამართლოს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ეხება, რომლითაც კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ იქნა მიჩნეული 70 გრამამდე მარიხუანას შეძენა/შენახვისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის სახით საპატიმრო სასჯელის გამოყენება. ეს არა მხოლოდ ამ კონკრეტული შემთხვევისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ სასამართლო ადამიანის ინდივიდუალური თავისუფლების, მისი ღირსების უფლების განმარტებისას უფრო ფართო პრინციპებს ადგენს და ამ განმარტებით საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ, სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელებაზე კონსტიტუციურ ფარგლებს აწესებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გადადგა გაბედული ნაბიჯი ადამიანის თავისუფლებისა და ღირსების დაცვის თვალსაზრისით და თქვა, რომ ეს უფლებები და ეს კონსტიტუციური ღირებულებები აწესებენ ფარგლებს, მათ შორის კანონმდებლის მხრიდან ამ დისკრეციის განხორციელებაზეც”, – განაცხადა ზედელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, 2015 წლის 24 ოქტომბერს ბექა წიქარიშვილის სარჩელი სრულად დააკმაყოფილა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეებს მარიხუანას მოხმარებისთვის არ დააპატიმრებენ.

სარჩელი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილს შეეხებოდა, რომლის მიხედვითაც, პირადი მოხმარების მიზნით დიდი ოდენობით მარიხუანას შეძენა- შენახვისათვის პირი შვიდიდან თოთხმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ აღნიშნული მუხლი საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციური იყო, რადგან საქართველოს მთავარი კანონში ნათქვამია, რომ “დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება”.

მოსარჩელეების მტკიცებით კი, მარიხუანას მოხმარებისთვის 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთა სწორედ არაჰუმანური, სასტიკი და არაგონივრულად მაღალი სასჯელია.

ბექა წიქარიშვილის დაპატიმრების საფრთხე მაშინ დაემუქრა, როცა აღმოჩნდა, რომ 70 გრამი მარიხუანა ჰქონდა შენახული.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s