არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობას” სოციალურად დაუცველმა, 2 არასრულწლოვანი შვილის დედამ თხოვნით მიმართა, თბილისის მერიის მიერ მინიჭებული საკუთრების უფლების დამტკიცებასა და საჯარო რეესტრში დარეგისტრირებაში დახმარებოდნენ.

ქალი ბავშვებთან ერთად არაადამიანურ პირობებში, ვარკეთილში ბეტონით აშენებულ გარაჟში ცხოვრობს. იურისტის თქმით, ეს გარაჟი არავის მფლობელობაში არ არის. იგი ნახევრად დანგრეულია და ადრე ნაგავსაყრელად იყენებდნენ. გარაჟი ქალმა გამოასუფთავა, რადგან არც სახლ-კარი ჰქონდა და არც თავშესაფარი. ქალი ახლა, ფაქტობრივად, ამ ყოფილ ნაგავსაყრელში ცხოვრობს.

თბილისის მერიამ ოჯახს აღნიშნული ფართი დაუკანონა და მასზე საკუთრების უფლება გადასცა. თუმცა, როგორც “იდენტობას” იურისტი ინგა არახამია ამბობს, თბილისის მერიის მიერ გაცემულ საკუთრების უფლებას საჯარო რეესტრი არ არეგისტრირებს, მიზეზად კი ნაკვეთების გადაფარვა დაასახელა.

ამის შემდეგ ეკონომიკის სამინისტრომ თბილისის მერიას მიმართა, რომ ქალისთვის საკუთრების უფლების მინიჭების გადაწყვეტილებისთვის გადაეხედა. თბილისი მერიამ და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვეტილება ხელახლა განიხილა და საკუთრების უფლება ძალაში დატოვა. რეესტრი კი ფართს კვლავ არ არეგისტრირებს, რის გამოც, ოჯახს საყოფაცხოვრებო პრობლემები ექმნება.

“ოჯახს მდუღარე წყალიც კი ენატრება. თან, ახლა უკვე ზამთარი მოვიდა და ძალიან აცივდა. იმის გამო, რომ რეესტრში არ არეგისტრირებენ, გაზი ვერ შეჰყავთ, შუქი არ აქვთ, წყალი არ აქვთ, ბავშვები გაყინულები სხედან. მეტიც, შეშასაც ვერ ანთებს ქალი, რადგან ამ გარაჟის წინ საცხოვრებელი კორპუსია. ამ კორპუსის მაცხოვრებლები კი ჩხუბობენ, რომ ბოლი აწუხებთ და სარეცხი ეჭვარტლებათ. ქალს ეშინია, აქედანაც არ გამაგდონო. შეიძლება ითქვას, რომ არაადამიანურ პირობებში ცხოვრობენ”, – ამბობს არახამია.

იურისტი ამბობს, რომ ქალს საჩივარი უკვე 3 თვეა სახალხო დამცველის აპარატში აქვს შეტანილი, თუმცა მათი მხრიდან კონკრეტული პასუხი და დახმარება დღემდე არ მიუღია. არახამიას თქმით, ერთი თვის წინ მას სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელთან, ნინო ცინცაძესთან ჰქონდა კომუნიკაცია, რომელმაც საუბრისას უთხრა, რომ აღნიშნულ საქმეზე ეკონომიკის სამინისტროსა და საჯარო რეესტრისთვის წერილები უკვე გამზადებული ჰქონდა და უახლოეს დღეებში გააგზავნიდა.

“ამის შემდეგ, მესამე ორშაბათია, რაც ქალბატონ ცინცაძესთან ვრეკავთ და მეუბნებიან, რომ ავადმყოფობის ბიულეტენზე არის გასული. ამაში არაფერია გასაკვირი, შეიძლება ადამიანი გახდეს ცუდად, მაგრამ როდესაც ასე დიდხანს გიგრძელდება ავადმყოფობა, ხომ შეიძლება, იმის გამო, რომ არ დაზიანდეს მოქალაქეების ინტერესები, ვინმემ ჩაიბაროს აღნიშნული საქმე. ამის შემდეგ დამაკავშირეს თათული თოდუასთან. როდესაც ამ ქალბატონს ავუხსენი არსებული მდგომარეობა, უეცრად მეუბნება ასეთ რამეს – “მე არ მაქვს ფუფუნება, რომ თქვენ ამდენი გელაპარაკოთ”. ეს იყო მათი საბოლოო პასუხი”, – აღნიშნავს ინგა არახამია.

არახამიას განცხადებით, თუ სახალხო დამცველის მხრიდან არ იქნება სწრაფი რეაგირება, იძულებულები გახდებიან, რომ სასამართლოს მიმართონ და სასამართლოს საშუალებით იბრძოლონ ფართის დაკანონებისთვის. ეს ყველაფერი კი დამატებით დროს წაიღებს, რაც მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს, რადგან ზამთრის დადგომასთან ერთად სოციალურად დაუცველი ოჯახის ცხოვრების პირობები კიდევ უფრო უარესდება.

“17 მაისი” სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელს, თათული თოდუას დაუკავშირდა, რომელმაც ჟურნალისტთან საუბრისას აღნიშნა, რომ ამ კონკრეტულ საქმეზე სახალხო დამცველის აპარატი 2 მიმართულებით მუშაობს და მხოლოდ მას შემდეგ გაავრცელებენ დეტალურ ინფორმაციას, როცა საქმის საბოლოო პასუხი იქნება ცნობილი როგორც უშუალოდ განმცხადებლისთვის, ისე სხვა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

“საქმე ორი მიმართულებით განვიხილეთ. პირველი, ეს იყო უშუალოდ ინდივიდუალური განმცხადებების ინტერესების გათვალისწინებით შესაბამისი რეაგირება და მეორე, პრობლემის სისტემურობის გამორკვევა.

პრობლემის სისტემურობასთან დაკავშირებით, ჩვენ მოვამზადეთ მიმართვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგნეტოს სახელზე, რომელიც გაიგზავნა კიდეც და მივიღეთ შესაბამისი პასუხი. ამ პასუხს სჭირდებს დამუშავება და ამის შემდეგ დავგეგმავთ კონკრეტულ სამუშაო ნაბიჯებს.

რაც შეეხება კონკრეტული განმცხადებლის ინტერესებს და ასე ვთქვათ, მისი კანონიერი ინტერესებისა თუ უფლებების გათვალისწინებას, ამასთან დაკავშირებით ვამზადებთ დოკუმენტს და მას შემდეგ, რაც გაიგზავნება შესაბამის უწყებაში, მოვახდენთ განმცხადებლის ძალიან დროულ და დაუყონებლივ ინფორმირებას” , – აღნიშნა თათული თოდუამ.

“17 მაისი” ქონების მართვის სააგენტოს დაუკავშირდა. აღნიშნული სამსახურის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მათ საკრებულოსა და თბილისის მერიისგან წერილი არ მიუღიათ, რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება სოციალურად დაუცველ მოქალაქეს აღნიშნული მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადაეცეს. ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა ჟურნალისტთან საუბრისას აღნიშნა, რომ მათი სააგენტოდან საკრებულოში წერილი აღნიშნული საქმის კიდევ ერთხელ გადასინჯვის მოთხოვნით ჯერ კიდევ 2015 წლის 23 სექტემბერს გააგზავნეს, თუმცა საბოლოო პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ. რის გამოც, სოციალურად დაუცველი მოქალაქისთვის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების დაკანონება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

გარდა ამისა, გამოცემა თბილისის საკრებულოს წარმომადგენლებსაც დაუკავშირდა, თუმცა მათ ამ საკითხზე ჯერჯერობით პასუხი არ აქვთ.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s