ლგბტ თემის, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების, ასევე ქალების უფლებების დაცვისა და მათი მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ “17 მაისის” კითხვებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სახელით პარტიის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა, გიგა ბოკერიამ უპასუხა.

ქალები ქვეყნის ამომრჩევლების უმრავლესობას წარმოადგენენ. კონკრეტულად ამ სოციალურ ჯგუფის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად რა ღონისძიებებს გეგმავს თქვენი პოლიტიკური გუნდი?

ქალთა უფლებები სერიოზული პრობლემაა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ფუნდამენტალისტური ჯგუფები გაძლიერდნენ, ძალადობრივი კლიმატი დამძიმდა, შესაბამისად გაუარესდა მდგომარეობა ქალთა მიმართ ძალადობის კუთხითაც.

არასწორია საკითხის დასმა ისე, თითქოს ეს თემა იმიტომ უნდა იყოს პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი, რომ ამომრჩეველთა უმრავლესობა ქალია – ქალთა უფლებებს თავისთავადი ღირებულება აქვს, ყოველგვარი საარჩევნო კალკულაციის გარეშე. ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესება მთელი საზოგადოებისთვისაა სასარგებლო – ეს ყველასთვის, განურჩევლად სქესისა, პოზიტიური შედეგის მომტანია.

რაც შეეხება ნაბიჯებს  – პირველ რიგში ძალადობრივი ფონი უნდა გამოსწორდეს. რასაკვირველია, დაუსჯელობის სინდრომი ძალადობას ახალისებს, თუმცა მხოლოდ დასჯა არ არის საკმარისი, პრევენცია ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროაქტიური მუშაობა და პროაქტიური გზავნილია საჭირო – ჩვენ ვცდილობთ, ამ საკითხებში ვიყოთ ყველაზე მკაფიო, თანმიმდევრული და ხმამაღალი ძალა.

მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის როლი დიდია, მხოლოდ მასზე საუბარი არასწორია. მთავრობის ვალდებულებაა, მოძალადეს და პოტენციურ მოძალადეს ადგილი მიუჩინოს – დანაშაულის ჩამდენი დასაჯოს და კანონის წინაშე თანასწორობა უზრუნველყოს. გაატაროს პოლიტიკა, რომელიც ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით არსებული სტერეოტიპების ნგრევას – კერძოდ, ჯანსაღი კლიმატი დანერგოს ბიუროკრატიულ აპარატში. მაგრამ საზოგადოების აქტიური წევრების, მათ შორის პოლიტიკოსების ვალდებულებაა, ჰქონდეთ მკაფიო და თანმიმდევრული გზავნილი იმ სტერეოტიპების წინააღმდეგ, რომლებიც ქალებს უფლებებსა და შესაძლებლობებს უზღუდავს. ხშირად სწორედ ეს არქაული სტერეოტიპები ასაზრდოებს როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ ძალადობას.

რაც შეეხება დამატებით, სპეციფიკურ ღონისძიებებს, ამ შემთხვევაში კვოტებს:

გარდა ძალიან კონკრეტული გამონაკლისებისა, კვოტირების სისტემა ძალიან სახიფათოდ მიმაჩნია. მათ შორის იმ ჯგუფებისთვის, ვისთვისაც კეთდება. კვოტირება თავისუფლების შეზღუდვაა. მესმის, რომ კეთილშობილური მიზნით, მაგრამ ამ შემთხვევაში ის მიზანი ვერ სრულდება, რაც დასახულია. სამაგიეროდ იზღუდება თავისუფლება და სტიგმა უფრო ინტენსიური ხდება. პრობლემა ოჯახებსა და თემებში გაბატონებულ დამოკიდებულებაშია, ქალთა მიმართ, ქალების აქტიურობის მიმართ დამოკიდებულებაში. ამ განწყობების შეცვლა კვოტების მეშვეობით პარლამენტში მეტი ქალის მოხვედრის შედეგად ვერ მოხდება.

კვოტების გამართლების ერთ-ერთი რაციონალური არგუმენტი ის არის, რომ ისეთ მაგალითებს ქმნის, რომლებიც კვოტების გარეშე ვერ იარსებებდა, ანუ აჩვენებს, რომ ამ შემთხვევაში ქალი შეიძლება იყოს პარლამენტში. ჩვენ ამ გამოწვევის წინაშე არ ვდგავართ, ასეთი მაგალითები არსებობს. ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ამ პრობლემის ძირი დამოკიდებულებაშია. კვოტების შემოღებამ ეს დამოკიდებულება შეიძლება კიდევ უფრო დაამძიმოს და შექმნას შთაბეჭდილება, რომ ქალები პარლამენტში ხვდებიან არა საკუთარი უნარების, არამედ სპეციფიკური ზომების გამო.

იმისთვის, რომ ქალების დათრგუნვა გართულდეს, არა ერთადერთი, მაგრამ საკვანძო საკითხია ეკონომიკის ზრდა და მეტი ეკონომიკური შესაძლებლობების გაჩენა ყველასთვის. ფიზიკურად თუ ფსიქოლოგიურად მოძალადე ქმარმა, მამამ, ძმამ, თუ ადგილობრივი თემის წარმომადგენლებმა უნდა იცოდნენ, რომ ქალს შეუძლია სწრაფად მიიღოს გადაწყვეტილება და ეკონომიკურად დამოუკიდებლად განაგრძოს ცხოვრება. რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, თავად ქალები უნდა ხედავდნენ, რომ ეკონომიკური დამოუკიდებლობის რეალისტური შანსი აქვთ.

ჩვენი კონსტიტუცია “ბრმაა” სქესის მიმართ. ამოცანა უნდა იყოს, რომ საზოგადოებაც “ბრმა” გახდეს სქესის მიმართ. ნორმალური ვითარება მაშინ გვექნება, როდესაც ერთ არჩევნებში შეიძლება პარლამენტართა 65% ქალი იყოს, ხოლო შემდეგ არჩევნებზე – პირიქით. მნიშვნელობა იმას კი არ უნდა ჰქონდეს, რამდენი ქალი და კაცი გავიდა პარლამენტში, არამედ იმას, თუ რომელმა პოლიტიკურმა შეხედულებებმა გაიმარჯვა.

ამით იმის თქმა სულაც არ მსურს, რომ დღეს,საქართველოს პარლამენტში ქალთა მცირე რაოდენობა სწორედ პრობლემის შედეგი არ არის. უბრალოდ ამ პრობლემის აღმოფხვრის გზად კვოტებს არ მივიჩნევ.

ლგბტ თემი და მათი პრობლემები პოლიტიკური პარტიებისთვის ზრუნვის საგანი არასდროს გამხდარა. კონკრეტულად, რას პირდებით ლგბტ თემს. რა შეიცვლება ლგბტ თემისთვის საქართველოში? რის გაკეთებას აპირებთ იმისთვის, რომ ლგბტ პირთა უფლებები რეალიზებული იყოს, როგორ აპირებთ გავლენა მოახდინოთ ხელისუფლებაზე?

უნდა ვაღიაროთ, რომ ამ მიმართულებით საკმარისი ძალისხმევა ჩემმა გუნდმა ვერ გაიღო. თუმცა, იმის თქმა, რომ საერთოდ არ ყოფილა ინტერესის საგანი, სამართლიანი არ არის, რადგან მე იმ პოლიტიკურ ძალას წარმოვადგენ, რომელმაც გააკეთა მკაფიო ანტიდისკრიმინაციული ჩანაწერი კანონმდებლობაში, კონკრეტულად კი შრომის კოდექსში, ამ თემთან დაკავშირებით. ფაქტობრივად, მაშინაც იმავე ტიპის ჩანაწერი გაკეთდა, როგორც ახლა ანტიდისკრიმინაციულ კანონშია.

აღსანიშნავია ასევე სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებულ მუხლში ამ თემის ცალკე გამოყოფა.

ისე არ გაიგოთ, თითქოს ამისთვის მადლობას ვითხოვთ. ბუნებრივია, ეს ასეც უნდა ყოფილიყო და სამწუხაროა, რომ ამ ჯგუფის შეუდარებლად დიდი პრობლემები გადაუჭრელი დარჩა.

გავიხსენებ 2012 წლის 17 მაისსაც, როდესაც LGBT თემს გამოხატვის თავისუფლება შეეზღუდა იმ მიზეზით, რომ სამართალდამცველები ამ კონკრეტულ ვითარებაში ადეკვატური რეაქციისთვის მზად არ აღმოჩნდნენ. ეს სამწუხარო ინციდენტი იყო, მაგრამ მეორე დღესვე ამოიწურა, როდესაც აბსოლუტურად იდენტური შინაარსის, სრულფასოვანი მსვლელობა ჩატარდა. ჩვენ შეგვიძლია შევადაროთ ეს შემთხვევა მომდევნო წლების მსგავს ვითარებებს, საზოგადოებრივ კლიმატს და ხელისუფლების დამოკიდებულებას – თვისობრივ განსხვავებებს აღმოვაჩენთ. ნათელია, რომ ამ მხრივ ვითარება გაუარესდა.

ამ თემის უფლებებთან მიმართებით ჩვენი პოლიტიკური ძალის საჯარო განცხადებები ძირითადად მკაფიო და თანმიმდევრულია. ამის დასტურია გამოცემა ’17 მაისის’ გამოკითხვაც  – შენიშნავდით, რომ ენმ იყო ერთადერთი ანგარიშგასაწევი პოლიტიკური ძალა, რომლის აბსოლუტურმა უმრავლესობამ ადეკვატური და ნათელი პოზიცია გამოხატა.

მნიშვნელოვანია, ჩვენმა საზოგადოებამ მიაღწიოს იმას, რომ პოლიტიკური სპექტრის უმრავლესობას მსგავსი პოზიცია ჰქონდეს. მიუხედავად იმისა, რომ სიტყვის აბსოლუტური თავისუფლების მომხრე ვარ და მიმაჩნია, რომ იმ ადამიანთა სიტყვაც დასაცავია, ვინც სიძულვილს ქადაგებს, (გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მათი სიტყვები ძალადობის მყისიერ საფრთხეს ქმნის), საზოგადოების სიჯანსაღის ტესტი ისაა, რომ ამ ნიადაგზე სიძულვილის მქადგებელი ჯგუფები “კეთროვნებად” იქცნენ.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ნაციონალური მოძრაობა LGBT თემთან მისი დამოკიდებულების გამო ყოველთვის თავდასხმების ობიექტი იყო ოპორტუნისტი პოლიტიკოსების მხრიდან, მაგრამ ვერ გაიხსენებთ შემთხვევას, როდესაც პირიქით მომხდარიყო და ჩვენ ეს თემა ოპონენტებისთვის პოლიტიკური ზიანის მისაყენებლად გამოგვეყენებინა.

რაც შეეხება მომავალს, აქაც, როგორც ყველა სხვა ჯგუფთან მიმართებაში, დაუსჯელობა უნდა აღიკვეთოს, ეს ადამიანები თავს დაცულად უნდა გრძნობდნენ. არ უნდა იყოს განცდა, რომ მათ მიმართ ჩადენილი დანაშაული ნაკლები ინტერესით იქნება გამოძიებული.

მნიშვნელოვანია განათლების საკითხი, იქ სადაც სახელმწიფოს როლი აქვს განათლებაში, მეტი უნდა გაკეთდეს სამოქალაქო ცნობიერების ასამაღლებლად. ეს მნიშვნელოვანია სხვა უმცირესობებთან მიმართებითაც.

ხელისუფლებაზე გავლენის მოხდენას რაც შეეხება, ოპოზიციაში მყოფ ძალას შეუძლია წნეხის ქვეშ ამყოფოს ხელისუფლება ამ და სხვა საკითხებთან მიმართებით. ესაა ჩვენი ბერკეტი და ეს ასეც ხდება. ნაციონალური მოძრაობა ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელიც ყველა ტრიბუნაზე საუბრობს უმცირესობების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ – მათ შორისაა 2013 წლის 17 მაისის “შემოქმედთა” დაუსჯელობის საკითხი.

რელიგიური, ეთნიკური უმცირესობების და სხვა მოწყვლადი ჯგუფების დასაცავად თუ გაქვთ რაიმე კონკრეტული გეგმა, რასაც განახორციელებთ?

რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის კუთხით ჩემმა გუნდმა უფრო დიდ პროგრესს მიაღწია ვიდრე LGBT თემთან მიმართებით. მკვეთრად შემცირდა ძალადობა ამ ჯგუფების მიმართ, რასაც ვარდების რევოლუციამდე რუტინული სახე ჰქონდა. პირველ რიგში ჩვენი პოლიტიკური გუნდის მკაფიო გზავნილის გამო, ბიუროკრატიის და საზოგადოების მიმართ, რომ მოძალადე, ვინც არ უნდა იყოს ის, დაისჯება.

აღსანიშნავია ასევე რელიგიური ორგანიზაციების სტატუსის შესახებ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, თავდაპირველად მათ არაკომერციულ ორგანიზაციებად რეგისტრაციის შესაძლებლობა მიეცათ, მოგეხსენებათ, რომ ვარდების რევოლუციამდე ისინი საერთოდ ვერ რეგისტრირდებოდნენ, როგორც ორგანიზაცია. ხოლო შემდეგ მივიღეთ საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მათ რელიგიურ ორგანიზაციებად დარეგისტრირების შესაძლებლობას აძლევს.

აღსანიშნავია, რომ ეს ცვლილებებიც ძალიან დაძაბულ ატმოსფეროში მივიღეთ – მაშინაც მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა პირი შეკრა და ჩვენზე არაჯანსაღი თავდასხმებით ცდილობდნენ სენსიტიური თემით პოლიტიკური კაპიტალის დაგროვებას.

რაც შეეხება მომავალს – ერთი ის, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჩვენ მოგვიწევს გასული სამი წლის რეგრესის შემობრუნება და იმ განცდის ხელახლა დამკვიდრება, რომ უმცირესობებზე ძალადობა დაუშვებელია და მოძალადე პასუხს აგებს კანონის წინაშე. მეორე – ქონების რესტიტუციის საკითხი, რომელიც ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაიძრა, მაგრამ ვერ გადაიჭრა. მესამე – განათლების დე-ფაქტო სეკულარიზაცია საჯარო სკოლებში, რათა უმცირესობების წარმომადგენლები გარიყულად და სტიგმატიზებულად არ გრძნობდნენ თავს.

ემხრობით თუ არა ქორწინების თანასწორობას, როგორია თქვენი პოლიტიკური გუნდის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით?

აქ ალბათ სექსუალური უმცირესობების საკითხი იგულისხმება, ჩემი პირადი აზრით, ამ შემთხვევაში პარტიის სახელით არ ვლაპარაკობ, სახელმწიფო საერთოდ არ უნდა ერეოდეს იმაში, ორი ინდივიდი ერთმანეთთან ურთიერთობის რა ფორმას აირჩევს. რომელიმე ერთი ჯგუფისთვის ქორწინების უფლების მინიჭებაზე უფრო სწორი, ამ საკითხის დერეგულირება მგონია. ადამიანები თვითონ წყვეტენ, რა არის მათთვის ქორწინება და ოჯახი. ქორწინების სამართლებრივ შედეგებს რაც შეეხება, ესეც ინდივიდუალური, სამართლებრივი შეთანხმების საგანია.

რა განგასხვავებთ თქვენ უმცირესობების დაცვის საკითხებში სხვა პოლიტიკური პარტიებისგან?

ამაზე უკვე ვისაუბრეთ. კმაყოფილების და თავმოწონების საფუძველი არ მაქვს, რადგან პრობლემები დავტოვეთ. ბოლო სამ წელიწადში ეს პრობლემები მნიშვნელოვნად დამძიმდა.

პირველ რიგში განგვასხვავებს ის, რომ თანმიმდევრულები და პრინციპულები ვიყავით უმცირესობებთან მიმართებით ხელისუფლებაში მოსვლამდე, ხელისუფლებაში ყოფნის დროს და თანმიმდევრულები ვართ ახლაც, როცა ოპოზიციაში ვართ.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ისეთი კომპრომისი დავუშვით, რაც რაც ჩემი აზრით დაუშვებელი იყო, ჩვენ ვართ ერთადერთი ძალა, რომელიც არასოდეს იყენებდა და იყენებს ამ თემას პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. პირიქით – მიუხედავად იმისა, რომ დარტყმებს ვიღებდით, ყოველთვის ვცდილობდით დაგვეცვა უმცირესობების ინტერესები. თუმცა მიმაჩნია, რომ მეტი შეგვეძლო და უნდა გაგვეკეთებინა.

მკითხველს ასევე შეუძლია იხილოს თავისუფალი დემოკრატებისა და გირჩის პოზიცია ამავე თემაზე.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s