დედათა და ბავშვთა თავშესაფარი “თბილი სახლი” რამდენიმე წელია არსებობს და სოციალურად დაუცველ ოჯახებს, უსახლკაროებს, ძალადობის მსხვერპლებს სახლის სივრცით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს.

სახლი “საერთაშორისო დემოკრატიული განვითარების ცენტრის” ბაზაზე ფუნქციონირებს და კერძო ბიზნესების შემოწირულობებით არსებობს.

თავშესაფარში ახლა 5 ოჯახი ცხოვრობს. ძირითადად, დედები და შვილები. თუმცა, ყოფილა შემთხვევა, როცა სახლმა მამა-შვილი რამდენიმე თვის განმავლობაში შეიფარა.

“თბილ სახლს” იმის მიმანიშნებელი აბრა არ აქვს, რომ თავშესაფარია. “საერთაშორისო დემოკრატიული განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელი, მიშა დოლიძე, რომელიც სახლში ტექნიკურ საქმეებს აგვარებს, “17 მაისთან” საუბარში ამბობს, რომ ამის მიზეზი საზოგადოებაში თავშესაფარში მცხოვრები ადამიანებისადმი არსებული სტიგმაა.

“მოზარდ ბიჭებზე და ბავშვებზე თავშესაფარში ცხოვრების ფაქტი ცუდად მოქმედებს. როცა ისინი მეგობრებს იძენენ და მათთან ურთიერთობას იწყებენ, შესაძლოა წამოაძახონ, რომ თავშესაფარში ცხოვრობდნენ. სხვაგან ცხოვრებისას მათ ასეთი გამოცდილება ჰქონიათ. ასეთ ადგილებში მცხოვრებთა მიმართ საზოგადოებაში სტიგმა არსებობს და ამიტომ, ვცდილობ, რომ სახლში თავშესაფრის აურა არ იყოს”, – ამბობს დოლიძე.

სწორედ ამის გამო, “თბილ სახლში” წესები არ აქვთ. ბენეფიციარებს აქ იმდენი ხნის მანძილზე შეუძლიათ ცხოვრება, სანამ საკუთარი ოჯახების საცხოვრებელი სივრცით უზრუნველყოფას შეძლებენ. სახლს არ ჰყავს მმართველი რგოლი, რომელიც მათ კვებას გააკონტროლებს და სახლის საქმეებს გააკეთებს. აქ ყველაფერს ქალები თავიანთი რესურსებით აკეთებენ.

სახლში მცხოვრები ქალების ნაწილს სამუშაო აქვს. ისინი თავიანთ შემოსავლებს კვებისთვის და სხვა საჭიროებებისთვის იყენებენ. თავშესაფარი მხოლოდ კვების ნაწილს უზრუნველყოფს. ის პროდუქტები, რომლებსაც სახლს კერძო ბიზნესები სწირავენ, პირდაპირ თავშესაფარში მიდის. მათ კი ქალები განკარგავენ.

მიშა დოლიძე ამბობს, რომ ამ მეთოდმა გაამართლა. სახლში ოჯახური გარემოა, ქალების ნაწილი დასაქმებულია და მათ იმდენი შემოსავალი აქვთ, რომ ყოველდღიური საჭიროებები დაიკმაყოფილონ. ხოლო, იმის გამო, რომ წასასვლელი არსად აქვთ, საცხოვრებლად სახლში რჩებიან.

“ადვილია, როდესაც ასეთი სახლები სახელმწიფოს ბაზაზე ფუნქციონირებს და მისი დაფინანსების ქვეშაა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ადამიანები თავს თავშესაფარში გრძნობენ და ამიტომ ვცდილობ, დაფინანსების თაობაზე განაცხადი არ შევიტანო. რთულია ადამიანებს, რომლებსაც არაფერი აქვთ უთხრა, რომ 9 თვე გავიდა და ახლა უნდა წავიდნენ”, – ამბობს დოლიძე.

“თბილი სახლი” სხვადასხვა კლინიკებთან მემორანდუმის საფუძველზე, თავის ბენეფიციარებს უფასო ან შეღავათიან ფასებში სერვისებს სთავაზობს.

ერთ-ერთი, რომელთანაც მომავალში “თბილი სახლი” ითანამშრომლებს, არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობაა”. ორგანიზაცია სახლის ბენეფიციარებს ფსიქოლოგის, ფსიქიატრის, სოციალური მუშაკის, იურისტის, გინეკოლოგის მომსახურებას სთავაზობს.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s