განათლების სამინისტროს აუდიტის სამსახური თბილისის 130-ე სკოლაში მომხდარ სავარაუდო რასიზმის ფაქტს რასიზმის შემთხვევად არ აფასებს. თუმცა, მასწავლებლების მხრიდან სკოლის შინაგანაწესისა და “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტებზე საუბრობს.

განათლების მინისტრის, თამარ სანიკიძის ბრძანების საფუძველზე, აუდიტის სამსახურმა თბილისის 130-ე სკოლაში 9 ნოემბერს მომხდარი სავარაუდო რასიზმის ფაქტის შესახებ ინსპექტირება დაიწყო. ფაქტის შესახებ ინფორმაცია რუსა ამირეჯიბმა ფეისბუქში გაავრცელა.

აუდიტის დასკვნა გამოცემა “17”-მა განათლების სამინისტროდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის წესით მოიპოვა.

130-ე სკოლაში ინსპექტირების პროცესში წერილობითი ახსნა-განმარტებები ჩამოერთვა სკოლის დირექტორს, დირექტორის მოადგილეს, საქმისმწარმოებელს, სკოლის მანდატურს, დღის დარაჯს, კლასის დამრიგებელს, ქართული ენის მასწავლებელს, ქიმიის მასწავლებელს, სპორტის მასწავლებელს და კლასის ყველა მოსწავლეს. ასევე, ახსნა-განმარტება ჩამოერთვა რუსა ამირეჯიბს.

კლასის მოსწავლეებისა და ქართული ენის მასწავლებლის ახსნა-განმარტებების შეჯერებით აუდიტის სამსახურმა დაადგინა, რომ 2015 წლის 9 ნოემბერს ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე მოსწავლეები ხმაურობდნენ. მათ შორის რუსა ამირეჯიბის შვილიც. მასწავლებლის განმარტებით, მან ამირეჯიბის შვილს რამდენჯერმე შენიშვნა მისცა. ხოლო, ერთ-ერთმა მოსწავლემ ბავშვებს გაჩუმებისკენ მოუწოდა, რაზეც ამირეჯიბის შვილმა მიმართა – “შენ ვისთან ხარ”. იგივე მოსწავლე მას შეეპასუხა – “მე კი ვიცი სად ვარ, მაგრამ შენ არ იცი, შენი ადგილი აფრიკაშია, საზოგადოებაში არა”. ამ სიტყვებს მოსწავლეებს შორის კამათი მოჰყვა. საბოლოოდ, კლასიდან ორივე მოსწავლე გააძევეს.

აღნიშული ფაქტი კლასის 23 მოსწავლიდან 20-მა დაადასტურა (ერთი მოსწავლე ამ ფაქტს არ შესწრებია). ასევე, ახსნა-განმარტებებში ამირეჯიბის შვილი და კონფლიქტში მონაწილე მოსწავლე, ამ ფაქტს ადასტურებენ.

განათლების სამინისტროს აუდიტის დასკვნაში წერია, რომ კონფლიქტი და სიტყვიერი შეურაცხყოფა სკოლის შინაგანაწესის 33-ე მუხლით დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს.

ასევე, დადგინდა, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილიდან მასწავლებელმა კონფლიქტში მონაწილე ორი მოსწავლე დერეფანში გაუშვა. როგორც მოსწავლეები ამბობენ, ისინი დერეფანში ერთმანეთს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და კლასიდან გაშვების შემდეგ მეთვალყურეობის გარეშე აღმოჩნდნენ, რასაც შესაძლოა კონფლიქტის გაგრძელება გამოეწვია.

განათლების სამინისტრო ამბობს, რომ ზემოაღნიშნულით დარღვეულია “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნა, რომლის თანახმად, სკოლა ვალდებულია, მოსწავლე, გაკვეთილიდან გაძევების ან სკოლიდან დროებით დათხოვნის შემთხვევაში თავისი მზრუნველობის ქვეშ ჰყავდეს. ასევე, დარღვეულია სკოლის მოქმედი შინაგანაწესის 34-ე მუხლის მოთხოვნები, რომელთა თანახმადაც მოსწავლის გაკვეთილიდან გაძევების ფაქტი უნდა ეცნობოს მანდატურს და დირექტორის მოადგილეს, რათა მოსწავლე არ იყოს მეთვალყურეობის გარეშე. ფაქტი ასევე უნდა ეცნობოს სკოლის დირექტორს და მოსწავლე დაუყოვნებლივ უნდა გამოცხადდეს დირექტორთან.

გარდა ამისა, სამინისტრო ამბობს, რომ ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებლის მხრიდან არაჯეროვნად იქნა შესრულებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის ბრძანებით დამტკიცებული “მასწავლებელთა ეთიკის კოდექსის” რამდენიმე მუხლის მოთხოვნები.

სკოლის შენობაში დამონტაჟებული ვიდეოკამერების ჩანაწერებით აუდიტის სამსახურმა დაადგინა:

კლასიდან მოსწავლეების გაძევების შემდეგ, გაკვეთილის დასრულებამდე 7 წუთით ადრე, კონფლიქტში მონაწილე გოგო კლასში შევიდა, ტელეფონით დაუკავშირდა მშობელს, რუსა ამირეჯიბს და სკოლაში მისვლა სთხოვა. რის შემდეგაც, მან საკლასო ოთახი კვლავ დატოვა. მომდევნო გაკვეთილზე გოგო არ შესულა. ხოლო, მეექვსე გაკვეთილზე, კლასთან ამირეჯიბი და მისი შვილი მივიდნენ. გოგო კლასში დარჩა. კლასიდან გამოვიდნენ დამრიგებელი და რუსა ამირეჯიბი, რომლებიც დერეფანში ქართული ენის მასწავლებელთან საუბრობდნენ.

მოგვიანებით, კლასიდან კონფლიქტში მონაწილე ბიჭი გამოვიდა. მასა და რუსა ამირეჯიბს შორის სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო. ამ დაპირისპირებას გაკვეთილის დასრულების შემდეგ ამირეჯიბის შვილიც შეესწრო, რომელიც კლასიდან დედამ გამოიყვანა.

კონფლიქტში მონაწილე ბიჭი ინსპექტირებისას განმარტავს, რომ ის კლასიდან დამრიგებელმა რუსა ამირეჯიბთან შესახვედრად გაიყვანა.

“მე დერეფანში გავედი, სადაც გასვლისთანავე გოგოს დედა ძალიან უხეშად მომექცა. მიყვიროდა, სალანძღავი სიტყვებით მომმართავდა. მეუბნებოდა, რომ მის შვილს ვაყენებდი სიტყვიერ შეურაცხყოფას, ვეძახდი ზანგს და ამის გამო მემუქრებოდა – “სახეს აგახევ და გიჩივლებო”.

ამირეჯიბსა და ბიჭს შორის მომხდარ კონფლიქტს ადასტურებენ კლასის დამრიგებელი და ქართული ენის მასწავლებელი.

დამრიგებელმა თქვა, რომ ამირეჯიბს ამბის დეტალურად გაგება სურდა და ბიჭიც ამ მიზნით გამოიყვანა კლასიდან. თუმცა, მას ამის საშუალება არ მისცა და შეურაცხმყოფელი სიტყვები – “შე ლაწირაკო“, “რას მებლატავები“, “ყბას აგახევ” – ეძახა.

მისი განმარტებით, ბიჭი ცდილობდა აეხსნა, რომ რასისტულად არაფერი უთქვამს. თუმცა, ამირეჯიბი ყვირილს განაგრძობდა. კლასის დამრიგებელმა ისიც თქვა, რომ ამირეჯიბი მანდატურის ოთახშიც ემუქრებოდა ბიჭს.

სკოლის დირექტორის განმარტებით, მან ბიჭსა და ამირეჯიბს შორის დაპირისპირების ხმა თავის ოთახში გაიგო და სიტუაციის გარკვევა ამირეჯიბთან სცადა. ის ასევე ამბობს, რომ მზად იყო მშობლისთვის ბოდიში მოეხადა მას შემდეგ, რაც მომხდარის შესახებ ინფორმაციას მიიღებდა. თუმცა, ამირეჯიბი მათ არ უსმენდა და ყველას რასისტებად მოიხსენიებდა.

ყოველივე ზემოაღნიშულიდან სამინისტრომ დაადგინა, რომ სკოლის ტერიტორიაზე სიტყვიერი დაპირისპირება სკოლის ორ მოსწავლეს და ერთ-ერთის დედას, რუსა ამირეჯიბს შორის მოხდა. ახსნა-განმარტებებში აღნიშნულია, რომ რუსა ამირეჯიბი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მოსწავლეს.

“დაპირისპირება თავიდან იქნებოდა აცილებული იმ შემთხვევაში, როდესაც ჯეროვნად იქნებოდა გამოყენებული სკოლის შინაგანაწესის მესამე მუხლის 11-ე პუნქტი, რომლის თანახმადაც, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას აკრძალულია გარეშე პირთა სკოლის შენობაში შესვლა სკოლის დირექციასთან შეთანხმების გარეშე. იმ დღეს რუსა ამირეჯიბი სკოლის ტერიტორიაზე დირექტორის თანხმობის გარეშე იმყოფებოდა”, – ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.

რუსა ამირეჯიბის შვილი თავის ახსნა-განმარტებით ბარათში უთითებს, რომ სკოლაში კანის ფერის გამო შეურაცხყოფა ორჯერ მიაყენეს. კერძოდ, ის ახალი გადასული იყო 130-ე სკოლაში, როდესაც სპორტის მასწავლებელმა თქვა, “ვაა ზანგი 130-ე სკოლაში?” გარდა ამისა, მან განმარტა, რომ 2014 წელს თანაკლასელმა მას მიმართა სიტყვით – “ზანგო“, რის თაობაზეც კლასის დამრიგებელს აცნობა. აღნიშული ფაქტი სკოლის სპორტის მასწავლებელმა უარყო და განმარტა:

“მე პირადად მეგობრები მყავს ფერადკანიანები. მათთან მაქვს კარგი ურთიერთობა. ერთად ვვარჯიშობთ ფეხბურთზე და არასდროს მქონია მათთან ამასთან დაკავშირებით პრობლემა. შესაბამისად, სკოლაში ფერადკანიანი მოსწავლის დანახვა ჩემთვის არ გამოიწვევდა გაოცებას და გაკვირვებას”.

  • სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტს მიზანშეწონილად მიაჩნია, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, თბილისის 130-ე სკოლას, მიეცეს წერილობითი გაფრთხილება;
  • სკოლას დაევალოს მოახდინოს რეაგირება დასკვნაში მითითებულ დარღვევებზე და გატარებული ღონისძიების შესახებ ანგარიში წარმოადგინოს შიდა აუდიტის დეპარტამენტში.
  • სკოლას დაევალოს დამატებითი ღონისძიებების გატარება – ინფორმაციის მიწოდება მოსწავლეებისთვის სხვადასხვა ნიშნით დისკრიმინაციისა და რასიზმის აკრძალვებზე, სკოლის თანამშრომლების ინფორმირება სავარაუდო დისკრიმინაცია/რასიზმის ფაქტებზე.

შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბერს სოციალურ ქსელში გავრცელდა წერილი, რომელიც სკოლაში კანის ფერის ნიშნით დისკრიმინაციას ეხებოდა.

რუსა ამირეჯიბი 130-ე სკოლაში თავისი შვილისადმი განხორციელებული დისკრიმინაციის ფაქტის შესახებ საუბრობდა.

ამირეჯიბის თქმით, 130-ე სკოლის დირექტორი და მასწავლებლები რასისტები არიან, ვინაიდან მის შვილს კანის ფერის გამო, შეურაცხყოფა მიაყენეს.

“აფრიკაში წადი, საზოგადოებაში შენი ადგილი არაა, ველურებში უნდა იყო და ა.შ”.

ამირეჯიბი განმარტავდა, რომ ბავშვებისთვის მასწავლებლებს არ უთქვამთ, რომ აღნიშნული საქციელი ცუდია.

“მიმის სამი სკოლა გამოვუცვალე, ხან რომელი მასწავლებელი ამოიჩემებდა, ხან რომელი, ხან რომელი მოსწავლე მიაძახებდა სასწაულებს. რცხვენოდეს ყველა ასეთ პედაგოგს და განათლების სისტემაში მომუშავე ადამიანს. ასეთი მსოფლმხედველობისა და აზროვნების ადამიანმა ჩემს შვილს ან თქვენს შვილებს რა უნდა ასწავლოს? მაინც არ მეგონა, პედაგოგებთან თუ მექნებოდა კონფლიქტი ამის გამო. ველოდებოდი, რომ შეწუხდებოდნენ და იმ ბავშვს დაარიგებდნენ ჩემ თვალწინ, მე ბოდიშს მომიხდიდნენ, 5 მასწავლებელი დირექტორის ჩათვლით ეცა მიმის, ჩემ თვალ წინ ატირეს! დანამდვილებით ვიცი, დღევანდელი ინციდენტის გამო, ამოიჩემებენ, როგორც სხვა სკოლებში, მიმის – აღარც კუთვნილ ნიშანს დაუწერენ და ხელსაც შეუშლიან. 5 ქალი, მანდატურის ჩათვლით, მეცა ყელში, ვიმეორებ, იმის ნაცვლად შერცხვენოდათ და თავი ჩაეღუნათ, მიმის ეჩხუბებოდნენ. ქართულის მასწავლებელმა მაკამ, მე ეგ თემა არ მეხებაო ასე გამომიცხადა”, – ამბობს ამირეჯიბი.

(C) ’17’-ის მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s