47 წლის ნანა ჯანელიძეს მკერდის ავთვისებიანი სიმსივნე აქვს. მკერდი უკვე მოკვეთილი აქვს და საშვილოსნოც მთლიანად ამოჭრილი.

სანამ დიაგნოზს დაუსვამდნენ, საბავშვო ბაღში აღმზრდელი იყო. ახლა კი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მუშაობა არ შეუძლია.

ჯანელიძე სოციალურად დაუცველია, მასთან მარტოხელა დედაც არის, მისი გოგონა 17 წლისაა.

ოპერაციები ნაწილობრივ სადაზღვევო, ნაწილობრივ კი კერძო კომპანიებმა დააფინანსეს, მაგრამ ჯანელიძეს ოპერაციების შემდგომი მკურნალობისთვის თანხა სჭირდება. მისი თქმით, თბილისის მერია და ძველი თბილისის გამგეობა მის წამლებს ნაწილობრივ ანაზღაურებენ და რამდენჯერმე ჯანდაცვის სამინისტროც დაეხმარა.

თუმცა, მისთვის იმ თანხის გადახდაც რთულია, რომელსაც მთავრობა ვერ უნაზღაურებს, რადგან ოჯახის ერთადერთი შემოსავალი სოციალურად დაუცველისთვის გამოყოფილი, თვეში 108 ლარიანი დახმარებაა.

მერია მიფინანსებს გამოკვლევებს, რომელიც ხან ყოველ 6, ხან კი ყოველ სამ თვეში ერთხელ მჭირდება. თუმცა, ხშირად ვერ ახერხებენ, საჭიროებები სრულად ამინაზღაურონ და თანხის ნაწილს მიხდიან. გაზაფხულზე ერთჯერადად 200 ლარითაც დამეხმარნენ. ზოგჯერ მეგობრებიც მეხმარებიან. ახლა მეზობლის ვალი მაქვს 500 ლარი და სასწარაფოდ უნდა გადავიხადო. მანაც ფეხი მოიტეხა და სჭირდება, მაგრამ არც ვიცი, ეს როგორ უნდა მოვახერხო.

როცა მკერდზე რაღაც პირველად შევამჩნიე, ექიმთან არ მივედი, შემეშინდა, რას მეტყვის-მეთქი. მკერდმა ფორმა შეიცვალა. როცა ბოლოს და ბოლოს გამოკვლევაზე მივედი, აღმოჩნდა, რომ ავთვისებიანი სიმსივნე მაქვს. იგივე დამიდასტურეს სკრინინგ ცენტრშიც და მითხრეს, რომ სასწრაფოდ რადიკალური ჩარევა იყო საჭირო.

მკერდი მომკვეთეს და საშვილოსნო ამომკვეთეს, შემდეგ კი ქიმიოთერაპია დამჭირდა. ძალიან ცუდად გადავიტანე, რადგან ისედაც წნევები მაქვს, დექსამეტაზონი კი ამ წნევას კიდევ უფრო მიწევდა. ქიმიოთერაპიის ყოველი კურსის შემდეგ, 120 ლარის წამალი მჭირდებოდა, ხან ჰემოგლობინისთვის, ხან ლეიკოციტებისთვის და ა.შ.

ზაფხულში კიდევ ერთი ოპერაცია დამჭირდა. ზურგზე ჭრილობა გამეხსნა.

პრობლემებს მაღალი წნევაც მიქმნის:

ერთ დღეს ძალიან ცუდად გავხდი, ლოგინიდან ვერ ძლივს ავდექი, ძალიან მაღალი წნევა მქონდა. სასწრაფო მოვიდა და საავადმყოფოში გადაყვანა დააპირა, მაგრამ არ გავყევი, რადგან ძალიან ცუდად ვიყავი. სასწრაფო ისევ გამოვიძახეთ და “მაგნეზია” გამიკეთეს. მოგვიანებით, ულტრაბგერითი გამოკვლევა ჩავიტარე. აღმოჩნდა, რომ საძილე არტერია მაქვს დაგრეხილი. მითხრეს, რომ ინსულტს ძლივს გადავურჩი. სწორედ ამის სამკურნალო წამლების ვალი მაქვს, მეზობლის 500 ლარი.

შემოსავალი მხოლოდ 108 ლარი მაქვს თვეში. მაღაზიაში ვიღებ ვალად საჭმელს, ეს ფული რომ ჩაირიცხება, მათ ვისტუმრებ და ისევ ახალ ვალებს ვიღებ.

ცოტა ხნის წინ ეს დახმარება 3 თვის ერთბაშად, წინასწარ ავიღე. ეს სამი თვე როგორ გავატარე, ვერ აღგიწერთ.

უფასო სასადილოთი არ ვსარგებლობ, არც სურვილი მაქვს. ერთი ახლობელია, სოციალურად დაუცველი. შარშან ქათამი მომიტანა, რომელიც მას მისცეს საახალწლოდ, მთელი დღე ვხარშავდი და არ მოიხარშა, შემდეგ გადავაგდე. მირჩევნია, კარტოფილი შევიწვა და ის შევჭამო. სპეციფიკური კვება მჭირდება, რძის ნაწარმი და ხილი. თუმცა, მათი გემოც კი აღარ მახსოვს.

რამდენიმე დღის სამყოფი წამალი მაქვს. როცა დამთავრდება, ალბათ, მერია და გამგეობა ისევ დამეხმარებიან. თუმცა, წამლების თანხის ნაწილობრივ გადახდა მე მომიწევს.

ჩემი ქმარი პატიმარი იყო, საპყრობილეში 15 წელი გაატარა. ამ დროის განმავლობაში იყვნენ ადამიანები, რომლებიც ოჯახის შექმნას მთავაზობდნენ, მაგრამ ეს არ გავაკეთე. შემდეგ შვილიც გამიჩნდა. ბავშვი, ფაქტობრივად, ციხეში გავზარდე. იქ დავდიოდით და ვრჩებოდით, ბავშვი იცნობდეს მამას-მეთქი. ახლაც ამბობს ჩემი შვილი, როგორი იმედი მქონდა, მამაჩემი ციხიდან გამოვიდოდა და ყველაფერი სხვანაირად იქნებოდაო. ახლა ფსიქოლოგთან დადის, რადგან მამამისის და ჩემი ასეთი ჯანმრთელობის გამო, მისი ემოციური მდგომარეობაც მძიმეა.

ციხიდან გამოსვლის შემდეგ 4 წლის განმავლობაში ვარჩენდი. ის სულ სვამდა. ფიზიკური ძალადობა არ გაუბედავს, თუმცა საშინელ სიტყვებს მეუბნებოდა და მაგინებდა.

4 წელი მარჩენინა თავი. ყველა მეჩხუბებოდა, რატომ იკლავ თავსო. ყველა მეუბნება, რომ მას შევწირე თავი. რაც ციხიდან გამოვიდა, ძალადობა არ გაუბედავს, მაგრამ საშინელ სიტყვებს მეუბნებოდა და მაგინებდა. რამდენიმე თვის წინაც მოვიდა და საშინელი რაღაცები მითხრა, მე, ასეთ მდგომარეობაში მყოფ ქალს”.

 C) ’17’-ის მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s