დაახლოებით, 1 თვის წინ “იდენტობას” გეი მამაკაცმა მიმართა. ის მსჯავრდებულია და სასჯელს ერთ-ერთ დაწესებულებაში იხდის.

ბიჭი ორგანიზაციას მაშინ დაუკავშირდა, როდესაც იურისტების დახმარების გარეშე დაწერილი სარჩელი სასამართლოში უკვე შეტანილი ჰქონდა. პატიმარი ამბობს, რომ მოთხოვნის მიუხედავად მას სახაზინო ადვოკატი არ დაუნიშნეს.

მამაკაცი ციხის ადმინისტრაციის მხრიდან მისთვის შრომის უფლების შეზღუდვას ასაჩივრებს.

სარჩელში, რომელიც “იდენტობას” ბენეფიციარმა თავად მოამზადა, ნათქვამია:

დაევალოს სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლებს, ასევე პატიმრებს ჩემ მიმართ სექსუალური ორიენტაციის გამო დისკრიმინაციის შეწყვეტა. არ მოხდეს ჩემი შეურაცხყოფა და დამცირება სექსუალური ორიენტაციის გამო, უკანონოდ არ შემეზღუდოს კანონით მინიჭებული უფლებები; არ განხორციელდეს ფსიქოლოგიური ზეწოლა და შეურაცხყოფა; სექსუალური ორიენტაციის გამო არ ჩამაყენონ განსხვავებულ, არახელსაყრელ მდგომარეობაში სხვა პატიმრებთან შედარებით, არ ვიყო მუდმივი ქილიკის, უსაფუძვლო ბრალდებების მსხვერპლი; აიკრძალოს ჩემი უფლებების შელახვა; პატივი სცენ ჩემს მორალურ და ადამიანურ ინტერესს”.

“იდენტობას” იურისტი, ნინო ბოლქვაძე “17”-თან ყვება, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულების ხელმძღვანელობამ პატიმარი სამეურნეო ნაწილიდან სხვა პატიმრების ერთობლივი განცხადების საფუძველზე ​ამორიცხა.

ციხის დაუწერელი კანონების მიხედვით, ე.წ საქათმეში მოხვედრილი პატიმრები მუშაობენ დასუფთავების სერვისში. ბიჭი ამ ნაწილიდან ამორიცხეს, მუშაობის უფლება შეუზღუდეს. ციხის ადმინისტრაციამ აღიარა, რომ ეს პატიმართა ერთობლივი განცხადების საფუძველზე მოხდა.

განცხადებაში, რომელსაც ხელს 30 პატიმარი აწერს, ნათქვამია, რომ ბიჭი არის ცოდვილი და გარყვნილი, რადგან ჰომოსექსუალია. დაწესებულებამ გადაწყვეტილებას მისთვის შრომის უფლების შეჩერებაზე საფუძვლად ეს განცხადება დაუდო”, – ამბობს ბოლქვაძე.

პატიმარს სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან სხვა პრეტენზიებიც აქვს. ბოლქვაძის თქმით, ის ზოგ შემთხვევაში სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან ისეთ საკითხებზეც საუბრობს, რომელიც შეიძლება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფარგლებს სცდებოდეს და სისხლის სამართლის დანაშაულიც კი იყოს.

ბიჭი ყვება, რომ მან საკანში თვითმკვლელობა სცადა და დაწესებულების თანამშრომელმა გადაარჩინა. თუმცა, პატიმარი თოკიანად მოხსნა, რადგას მისთვის ხელის მოკიდება არ უნდოდა. ისევ და ისევ ციხის დაუწერელი კანონებით, ჰომოსექსუალთან შეხება, მისთვის ხელის ჩამორთმევა ა.შ არ შეიძლება, ამიტომ ფაქტობრივად თოკით ათრია. სხეულზე ხელი არ შეახო და წვალებით მოხსნა თოკი. პატიმარს გონება არ ჰქონდა ბოლომდე დაკარგული და აცნობიერებდა, რომ ბადრაგი მას ქათმის სტატუსის გამო არ ეხებოდა.

ამ დროს მისი ფსიქიკური და ემოციური მდგომარეობა ისედაც მძიმე იყო, ციხის თანამშრომლის ეს საქციელი კი მისთვის ორმაგად მძიმე იქნებოდა. ამიტომ, მე ამ ფაქტს განვიხილავ, როგორც არაადამიანურ მოპყრობად, უფრო სერიოზულ დარღვევად, ვიდრე დისკრიმინაციაა.

ბოლქვაძე იმასაც ამბობს, რომ პატიმარს დაწესებულების მიმართ ბევრი პრეტენზია აქვს და ზოგ შემთხვევაზე გამოძიებაც კი არის დაწყებული.

მაგალითად, პატიმრის თქმით, ერთხელ ციხის თანამშრომელმა მას სცემა, პირში კი მაისური ჩატენა, რომ არ ეყვირა. იურისტი ამბობს, რომ მის დაზიანებებზე ექსპერტიზაც კი არის ჩატარებულა, გამოძიება მიმდინარეობს და საქმე სასამართლოშიც არის გაგზავნილი, პატიმარი კი ამავე დაწესებულებაში რჩება. ბოლქვაძის თქმით, ეს მისთვის საფრთხის შემცველია.

ასევე, კრებულში, რომელშიც პატიმრების ლექსები ქვეყნდება, “იდენტობას” ბენეფიციარის ლექსები, სავარაუდოდ, მისი სექსუალური ორიენტაციის გამო არ გამოაქვეყნეს.

პატიმრისვე თქმით, ციხის ადმინისტრაციის მხრიდან მასზე ზეწოლა ხორციელდება იმისთვის, რომ მან სარჩელი სასამართლოდან გამოიტანოს.

ეს ბიჭი ამბობს, რომ მასზე ზეწოლას დაწესებულების თანამშრომლები სხვა პატიმრების ჩართვით ახდენენ. მაგალითად, ერთმა პატიმარმა დაწერა განცხადება, თითქოს ის მის გაუპატიურებას ცდილობდა.

ჩვენ დაწესებულების დირექტორს მოვთხოვეთ მისი გადაყვანა, მაგრამ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. შემდეგ, სამინისტროს მივმართეთ ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების თხოვნით, რაზეც დაუსაბუთებელი უარი მივიღეთ. დღეს ვამზადებთ ადმინისტრაციულ საჩივარს, რომელსაც წარვადგენთ საქართველოს მთავრობაში და გავასაჩივრებთ აქტს, რომლითაც ექსპერტიზაზე უარი გვეთქვა.

ჩვენ ვამბობთ, რომ პატიმრის უფლებაა, იყოს გადაყვანილი სხვა დაწესებულებაში. პატიმრობის კოდექსის 46-ე მუხლის მიხედვით, თუ არსებობს რისკის ფაქტორი და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საჭიროება, ან რამე სხვა მნიშვნელოვანი გარემოება, დაწესებულების დირექტორმა შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება პატიმრის სხვა დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ. ახლა, სწორედ ეს გარემოებები არსებობს, გამოძიება მიმდინარეობს იმ ადამიანების მიერ ჩადენილ დარღვევებზე, რომლებიც მუშაობენ ამ დაწესებულებაში და ეს ბიჭიც ისევ იქ რჩება.

გამოძიების დასრულებამდე პატიმარი უნდა გადავიდეს სხვაგან, რადგან აქ შესაძლოა მისი უფლებების დარღვევა გრძელდებოდეს ან შემდეგ დაირღვეს. ამის უგულებელყოფა არ შეიძლება.

რაც შეეხება აქცენტს მის სექსუალურ ორიენტაციაზე, პატიმარი ამბობს, რომ საპყრობილის თანამშრომლები მას უსვამენ ასეთ კითხვებს: აქტიური ხარ თუ პასიური? სიამოვნებას იღებ სექსუალური აქტის დროს? ნინო ბოლქვაძის შეფასებით, ზოგადად, ეს შეიძლება განვიხილოთ, როგორც სიძულვილის ენა.

თუმცა, როდესაც ასეთი დამოკიდებულება მოდის ისეთი ადამიანების მხრიდან, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ ისედაც მარგინალიზებული ადამიანების დაცვა, შესაძლოა საქმე ადამიანის თანასწორუფლებიანობის დარღვევასთან გვქონდეს. მგონია, რომ როცა საქმე ბევრ ეპიზოდს მოიცავს, ის დაცინვისა და სიძულვილის ენას სცდება და ეს ადამიანის თანასწორუფლებიანობის დარღვევაა. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ამ ადამიანს დევნიან, ეს დისკრიმინაციას სცდება.

პირველ ეტაპზე, რასაც ჩვენ სასამართლოსგან ველოდებით, არის ის, რომ საპატიმროში ამ ბიჭს შრომის უფლება უნდა აღუდგინონ”, – ამბობს ნინო ბოლქვაძე.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s