ორგანიზაციების EMC და WISG შეფასებით, 2013 წლის 17 მაისის საქმეზე გამოძიებამ ძალადობრივი ქსელის სრულყოფილი გამოვლენა ვერ შეძლო, სასამართლოს დამოკიდებულება კი ტენდენციური იყო.

“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა” და “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა” 2013 წლის 17 მაისის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასეს.

შეგახსენებთ, რომ 17 მაისის საქმეზე სასამართლომ ბრალდებული მამა იოთამი, იგივე ირაკლი ბასილაია და მასთან ერთად ბრალდებული 3 ადამიანი სასამართლომ სრულად გაამართლა. გადაწყვეტილება 2015 წლის 23 ოქტომბერს მოსამართლე დავით მგელიაშვილმა მიიღო.

ამ საქმეზე გამოძიება 161-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც შეკრების ან მანიფესტაციის მოწყობის, ანდა მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ, ძალადობით, ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ხელის შეშლას გულისხმობს.

17 მაისის აქციასთან დაკავშირებით საქმის წარმოება თავდაპირველად ხუთი პირის მიმართ დაიწყო. მოგვიანებით არქიმანდრიტ ანთიმოზზე, იმავე თამაზ ბიჩინაშვილზე სამართალწარმოება შეწყდა.

2013 წლის 17 მაისს, ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით თბილისში მშვიდობიანი აქცია იყო დაგეგმილი, თუმცა, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრებმა, მართლმადიდებელმა ეკლესიამ და მის მიერ ქუჩაში გამოყვანილმა პირებმა ძალადობრივად ჩაშალეს.

EMC-ისა და WISG-ის მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით, სასამართლოს მიმდინარეობის პროცესში პრობლემა იყო ბრალდებული პირების იდენტიფიცირება, რადგან პასუხისმგებლობა რეალურად 4 პირს დაეკისრა.

გამოძიების მიერ იდენტიფიცირებული ბრალდებული პირების ვინაობა და რიცხვი სრულად არ ასახავს შეკრების ძალადობრივი დარბევისა და სხვა მნიშვნელოვან სამართალდარღვევებს და ის არაპროპორციულად მცირეა. გამოძიებამ ჯეროვნად არ შეისწავლა შეკრების ჩაშლისა და ძალადობის ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდები, მათ შორის, კონტრდემონსტრაციის ლიდერების მხრიდან პოლიციის კორდონის გარღვევის, ვაჩნაძის ქუჩაზე აიდაჰოს შეკრების მონაწილეების სამარშრუტო მიკროავტობუსზე ძალადობრივი თავდასხმის, 17 მაისს აქციის დარბევისა და მის შემდგომ პერიოდში ლგბტ თემის წევრების ან მათთან ასოცირებული პირების მიმართ ჩადენილი ძალადობის ინდივიდუალური ფაქტები.

გამოძიების ფარგლებში, პროკურატურამ არ გამოკვეთა ის ძირითადი პირები, რომელთა ორგანიზებითაც განხორციელდა კონტრდემონსტრანტების მიერ პოლიციის კორდონის ძალადობრივი გარღვევა და შეკრების დარბევის პროცესში მხოლოდ ცალკეულ ძალადობრივ ეპიზოდებში მონაწილე პირების იდენტიფიცირებით შემოიფარგლა.

თავის მხრივ, ამ პირების მიმართ პროკურატურამ ვერ შეძლო საკმარისი მტკიცებულებების შეგროვება და მაღალი სტანდარტის დაცვით, მათი სასამართლოში წარმოდგენა, რამაც საქმეზე გამამართლებელი გადაწყვეტილების მიღება განაპირობა. აღსანიშნავია, რომ შეკრების ტერიტორიაზე მობილიზებულმა პოლიციამ არ უზრუნველყო შემთხვევის ადგილზე სამართალდამრღვევი პირების დაკავება ან მათი იდენტიფიცირება, რის გამოც, როგორც საქმის მასალები აჩვენებს, გამოძიების ეტაპზე გაართულა სამართალდამრღვევი პირების ვინაობის დადგენა”.

რაც შეეხება პროკურატურას, ორგანიზაციები ამბობენ, რომ მას არასაკმარისი მტკიცებულება ჰქონდა. მათი მტკიცებით, განაჩენში არსებითად იკვეთება საქმის გამოძიების პროცესში მტკიცებულებების შეგროვებისა და გაფორმების, ასევე მტკიცებულებებს შორის წინააღმდეგობრიობისა და ფრაგმენტულობის პრობლემა.

პროკურატურამ არ უზრუნველყო სასამართლოს წინაშე ყველაზე მნიშვნელოვანი და ხელშესახები მტკიცებულებების (მათ შორის, ძალადობის ამსახველი ვიდეო მასალისა და დაზარალებულების დაზიანებების) სათანადო წესით წარმოდგენა, რითაც სასამართლოს შესაძლებლობა მისცა, აღნიშნული მტკიცებულებები დაუშვებელ მტკიცებულებად ეცნო. მაგალითად, ბრალდების შესახებ დადგენილებებზე თანდართული ვიდეომასალა, რომელიც კონკრეტულ ძალადობრივ ეპიზოდებსა და მათში ბრალდებული პირების სავარაუდო მონაწილეობას ასახავდა, პროკურატურამ სასამართლოში მათი ავთენტურობის დამადასტურებელი ექსპერტიზის გარეშე წარადგინა. ამით სასამართლოს მიერ ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის რისკები შეიქმნა.

განაჩენის შესაბამისად, მტკიცებულებების მოპოვების პროცესში, პროკურატურამ ასევე არ განახორციელა ბ.ს.-ის მიერ მიკროავტობუსის საქარე მინის ჩამტვრევის ეპიზოდში მიკროავტობუსის მინის ნამსხვრევების ამოღება და ბრალდებულის სხეულზე არსებული დაზიანებების დოკუმენტირება, რითაც გართულდა ბ.ს.-ის ბრალეულობის მტკიცება. აღნიშნული ხარვეზების გათვალისწინებით, ცალსახაა, რომ მნიშვნელოვან მტკიცებულებებთან დაკავშირებით, პროკურატურამ არ მიიღო ეფექტური  და სათანადო ზომები მტკიცებულებათა მაღალი სტანდარტის შესაქმნელად და ბრალის მტკიცების პროცესი სერიოზულად დააზიანა”.

EMC და WISG აღნიშნავენ, რომ პროკურატურამ არც მნიშვნელოვანი ნეიტრალური მოწმეები დაკითხა, მათ შორის აქციაზე მყოფი ჟურნალისტები, ოპერატორები და სხვა ადამიანები, რომლებიც აქციის მონიტორინგს აკეთებდნენ და გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდება შეეძლოთ.

ამასთან, შეფასების მიხედვით, ბრალდების შესახებ დადგენილებებში პროკურატურას ჰომოფობიური/ტრანსფობიური მოტივის შესახებ მკაფიო და პირდაპირი მითითება არ გაუკეთებია

რაც შეეხება სასამართლოს, EMC და WISG ამბობენ, რომ სასამართლოს მსჯელობა არასაკმარის დასაბუთებას შეიცავს და ცალკეულ შემთხვევებში, ის ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების არასწორ ინტერპრეტაციას ახდენს.

მათი შეფასებით:

მსჯელობისას სასამართლო ცდილობს გამოიყენოს ყველა, რიგ შემთხვევაში, დაუსაბუთებელი არგუმენტები პირების ბრალეულობის გამოსარიცხად და არაგონივრულად აკნინებს და უგულებელყოფს ბრალდების მხარის მტკიცებულებებს. სასამართლოს მსგავსი მიდგომა და განაჩენში მის მიერ გამოყენებული ენის ანალიზი მოსამართლის ტენდენციურობაზე მიუთითებს”

შეფასებაში ნათქვამია, რომ სასამართლოს მხრიდან ადგილი აქვს ბრალდების შესახებ დადგენილების არასწორ ინტერპრეტაციას.

თუმცა, აღნიშნულია, რომ სასამართლომ არასწორად შეკრების ადგილი განმარტა. კერძოდ:

სასამართლო სამი პირის ბრალეულობის შეფასებისას უთითებს, რომ “ისეთ შემთხვევაშიც კი, თუ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ვიდეომასალის ავთენტურობასთან არ იქნებოდა კითხვები და წარმოდგენილი იქნებოდა სხვა მტკიცებულებებიც, სასამართლო სამართლებრივ შეფასებას ვერ მისცემდა ი.ბ-ის (ე.წ. “ტაბურეტის“ დარტყმა), ტ.დ-ის (ავტომანქანაზე ასვლა და ხელის მოძრაობა) და ბ.ს-ის (მიკროავტობუსის საქარე მინის დაზიანება) ქმედებებს, ვინაიდან ისინი შეკრების ადგილზე არ განხორციელებულა.

ყურადსაღებია, რომ სასამართლოს მხრიდან ადგილი აქვს საკანონმდებლო ნორმების არსებითად არასწორ ინტერპრეტაციას, რომლის საფუძველზეც, შეკრებისთვის ხელის შეშლის მიზნით გამოვლენილ ძალადობრივ ქმედებებს ავიწროებს მხოლოდ შეკრების ფორმალური ადგილით და სხვა სივრცეებს, სადაც იმავე მიზნით მოხდა ძალადობის განხორციელება, არ განიხილავს შეკრების ადგილად.  ამ მხრივ, ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ კოტე აფხაზისა და ვაჩნაძის ქუჩებზე გამოვლენილი ძალადობის ფაქტები კონტრდემონსტრანტების მიერ შეკრებისთვის ხელის შეშლის სქემის მნიშვნელოვან ეპიზოდებს წარმოადგენს. ხოლო ვაჩნაძის ქუჩაზე მომხდარი თავდასხმის მიზანი იყო შეკრების ფორმალურ ადგილზე აქციის მონაწილეების არ შეშვება. მხოლოდ ის ფაქტი, რომ შეკრების მონაწილეები იძულებულნი გახდნენ კონტრდემონსტრანტთა მხრიდან მასობრივი ძალადობისგან თავის არიდების მიზნით, შეკრების თავდაპირველი ადგილიდან მიმდებარე ტერიტორიებზე გადაადგილებულიყვნენ /თავი შეეფარებინათ, არ გულისხმობს რომ კონტრდემონსტრანტებს შეკრების ხელშეშლის მიზანი არ ამოძრავებდათ. სასამართლოს ამგვარმა დაუსაბუთებელმა და ფორმალისტურმა მიდგომამ მთლიანად გამორიცხა სამი ბრალდებული პირის ბრალეულობა სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში, რაც მოსამართლის ტენდენციურობისა და გულგრილობის ყველაზე ნათელი ილუსტრაციაა”, – ნათქვამია შეფასებაში.

ფოტო: დიმა ჩიკვაიძე, ტაბულა

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s