“მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პ-სთან დაკავშირებით უდანაშაულობის პრეზუმფცია შსს-მ და მედიამ დაარღვია. რეალურად, ქალი ამ ეტაპზე მხოლოდ ბრალდებულია და ასე იქნება, სანამ სასამართლო განაჩენს არ გამოიტანს – ასე შეაფასა არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობას” იურისტმა მარიამ გელაშვილმა 20 დეკემბერს თბილისში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით მიმდინარე ამბები.

მკვლელობის დღეს, შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ფაქტი ცხელ კვალზე გაიხსნა და მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პ დააკავეს. ვიდეოში შსს-ს წარმომადგენელი მიუთითებდა, რომ დაკავებული შვილისა და მეუღლის მკვლელი იყო.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მეორე განყოფილების უფროსი, ავთანდილ გალდავა ამბობს:

დავაკავეთ ქალბატონი, რომელმაც მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი მოკლა. დაკავებულმა აღიარა, რომ მოკლა მეუღლე და არასრულწლოვანი შვილი, კვალის დაფარვის მიზნით კი, ცხედრები კორპუსის წინ გაიტანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს“.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულმა მაგდა პ-მ მიმდინარე წლის 20 დეკემბერს, გამთენიისას, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლეს, 1988 წელს დაბადებულ ომარ ქ-ს ბლაგვი საგნით თავის არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. შემდეგ მაგდა პ-მ გაგუდა მცირეწლოვანი შვილი. მან, კვალის დაფარვის მიზნით, ცხედრები თავისი საცხოვრებელი ბინიდან კორპუსის წინ ეზოში გაიტანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მარიამ გელაშვილი ამბობს, რომ ეს სახელმწიფო უწყების მიერ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის პირველი ფაქტი არ არის და იური ვაზაგაშვილის მკვლელობის შესახებ პროკურატურის განცხადებას იხსენებს. გელაშვილის თქმით, პირი ითვლება უდანაშაულოდ მანამ, სანამ მისი ბრალეულობა სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენით არ დამტკიცდება.

უდანაშაულობის პრეუმფცია სისხლის სამართლის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპია. სამართალდამცავ ორგანოებს, მედიას და სასამართლოსაც ევალებათ, ეს პრინციპი დაიცვან. უდანაშაულობის პრეზუმფცია გულისხმობს, რომ ქალი ამ ეტაპზე მხოლოდ ბრალდებულია და ასე იქნება, სანამ სასამართლო განაჩენს არ გამოიტანს. იქამდე ის ბრალდებულად ითვლება და მისი დადანაშაულება არ შეიძლება”, – ამბობს გელაშვილი.

რაც შეეხება შსს-ს ოფიციალურ განცხადებას, იურისტი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში სამართალდამცავმა ორგანოებმა დაუდევრობა გამოიჩინეს. მისი თქმით, ასეთ სიტუაციაში რთულია, ჟურნალისტებს უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვა მოსთხოვო.

“რატომ მოკლა ახალგაზრდა ქალმა ქმარი და 5 წლის შვილი?” “მკვლელია თუ არა მაგდა პ?” “მოკლავდა ეს გოგო თავის ქმარს და შვილს?” – ეს და სხვა სათაურები ინტერნეტსივრცეში მკვლელობის შემთხვევიდან რამდენიმე საათში გაჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილება მიღებული ჯერ კიდევ არ არის, ქალი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს – მედიამ ის არა მკვლელობაში ბრალდებულად, არამედ მკვლელად მოიხსენია. უდანაშაულობის პრეზუმფცია ამ საქმესთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ დაირღვა.

გარდა იმისა, რომ მედიამ უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია, ქალის მიმართ აგრესიის დონეც გაზარდა და არ დაინტერესდა იმით, რომ შესაძლოა ის მკვლელი არ იყოს. იმ შემთხვევაში, თუ ქალი გამართლდება, საზოგადოებაში მაინც იქნება განწყობა, რომ ის მკვლელია”, – ამბობს გელაშვილი.

იმ შემთხვევაში, თუ მკვლელობაში ბრალდებული ქალი ბრალს აღიარებდა, შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ ის დამნაშავეა და ყველას აქვს უფლება, მის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვიოს, მაგრამ ეს არასწორია. გელაშვილი ამბობს, რომ უდანაშაულობის პრეზუმფციის მოქმედება დანაშაულის აღიარებაზეც კი არ არის დამოკიდებული და მედიას მისი მკვლელად მოხსენიების უფლება ბრალის აღიარების შემთხვევაშიც არ აქვს.

აღიარება, თუ  ის სხვა მტკიცებულებებით არ დასტურდება, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისი ვერ იქნება”, – ამბობს იურისტი.

საქართველოს კონსტიტუციის 40-ე მუხლში წერია, რომ “პირი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით”.

გარდა ამისა, მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მიხედვით, დანაშაულის ან ანტისოციალური ქმედების გაშუქებისას მაუწყებელმა არ უნდა დაუშვას უსაფუძვლო პანიკის შექმნა საზოგადოებაში, ჭორების ან უსაფუძვლო ვარაუდების გავრცელება, რამაც შეიძლება გაუმართლებელი ზიანი მიაყენოს პირის რეპუტაციას ან კანონიერ ინტერესებს. ასევე, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების ან სასამართლო პროცესის გაშუქებისას, მაუწყებელმა უნდა გააშუქოს საბოლოო განაჩენი და მიიღოს ყველა გონივრული ზომა ადამიანის რეპუტაციისთვის გაუმართლებელი ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით.

მაგდა პ-ს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შვილისა და მეუღლის მკვლელობისთვის ბრალდებული მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხზე საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s