საქართველოს ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებში ნათქვამია, რომ სასკოლო განათლებამ უნდა განუვითაროს მოზარდს პირად, ოჯახურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში დამოუკიდებელ გადაწყვეტილებათა მიღების უნარ-ჩვევები; ასევე, სასკოლო განათლებამ უნდა უზრუნველყოს მოზარდის იმ უნარ-ჩვევების განვითარება, რომლებიც მისცემს მას საშუალებას, უკვე არსებული გამოცდილება და მიღწევები გამოიყენოს ახალი მატერიალური, ინტელექტუალური თუ სულიერი ღირებულებების შესაქმნელად. 

ასრულებს თუ არა სკოლა დეკლარირებულ მიზნებს? რამდენად მზად ხვდებიან ქართველი ახალგაზრდები დამოუკიდებელი ცხოვრების ეტაპს და რამდენად უწყობს ხელს მათ მომზადებას განათლების სისტემა, ოჯახი და სოციუმი? რამდენად მზად არიან მოზარდები არჩევანის გასაკეთებლად და აქვთ თუ არა საშუალება მათი რეალიზების? – ამ საკითხებზე “ფრონტლაინ ჯორჯია კლუბის” და ჟურნალ ლიბერალის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით, დისკუსია გაიმართა.

ფსიქოლოგი ნატალია მჭედლიშვილი ამბობს, რომ ბავშვი დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ ნაბიჯების გადადგმას 3 წლის ასაკში იწყებს, როცა იჩენს ინიციატივას, თვითონ გააკეთებს რამეს. ფსიქოლოგის თქმით, თუ ამ ეტაპზე ხდება მისი სურვილის ჩახშობა, მივდივართ იქამდე, როცა უკვე ზრდასრულ ასაკში მას ინიციატივების გამოჩენის სურვილიც არ აქვს.

“აღზრდის სტილის პრობლემაც გვაქვს. საქართველოში როგორც წესი, ჰიპერ მზრუნველობას იყენებენ – შვილის მაგივრად გადაწყვეტილებას მშობელი იღებს. მშობლის ძირითადი და მთავარი შეცდომა იმაში მდგომარეობს, რომ აღზრდის პროცესში ბავშვს არ ასწავლის, გამოხატოს თავისი აზრი, მიიღოს გადაწყვეტილება. აქედან იწყება სწორედ ეს პრობლემა. შემდგომ, უკვე ბაღი და სკოლა არ არის მიმართული იქითკენ, რომ ბავშვებს არ ასწავლონ ლექსები და სოციალური უნარ-ჩვევები განუვითარონ“, – ამბობს ნატალია მჭედლიშვილი.

ფსიქოლოგი ისეთ შემთხვევებს იხსენებს, როდესაც მშობლები მათ მიმართავენ და ეუბნებიან, რომ ბავშვი დამოუკიდებლად ვერ მეცადინეობს.

“თავიდანვე დედა ცდილობს ეს პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღოს და გაკვეთილების მომზადების პროცესში თვითონ ერთვება. ბავშვს არ აჩვევს იმას, რომ დამოუკიდებლად მოამზადოს მასალა. არც მისი ქცევის წახალისებას ცდილობს. ბოლოს, აღმოაჩენს, რომ სურვილი არ აქვს ბავშვს იმეცადინოს. მთავარი პრობლემა მშობლის, სკოლისა და საზოგადოების მხრიდან ბავშვებისადმი დამოკიდებულებაა. როგორც კი დამოკიდებულების შეცვლა მოხდება, უკვე პრობლემა თავისთავად ქრება”, – ამბობს მჭედლიშვილი.

განათლების ექსპერტი გიორგი გახელაძე ამბობს, რომ ზოგადი საგანმანათლებლო სისტემა დღეს დეკლარირებულ ამოცანას, მოზარდს განუვითაროს დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარები, ვერ უმკლავდება. გახელაძის თქმით, ადამიანმა სხვებთან ურთიერთობა ადრეულ, სკოლამდელ ასაკში უნდა ისწავლოს და სკოლამდელმა დაწესებულებებმა უნდა იზრუნონ ამაზე.

“სკოლამდელი აღზრდის განათლების მომსახურებით ბავშვების მხოლოდ 46% სარგებლობს, წლიდან წლამდე. მათი სოციალიზაცია უმეტეს შემთხვევაში, სკოლაში იწყება”, – ამბობს განათლების ექსპერტი.

გახელაძის თქმით, სკოლა ჯერ კიდევ არ არის თავისუფალი და დამოუკიდებელი ადამიანების აღმზრდელი ინსტიტუტი და ის უფროსების მიერ განსაზღვრული წეს-კანონების დამორჩილებაზე ორიენტირებული ინსტიტუტია. განათლების ექსპერტის თქმით, მხოლოდ რამდენიმე გამონაკლისი არსებობს და ისიც კერძო სექტორში.

“თუ სკოლა ხელს უწყობს ადამიანებს მოემზადონ დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის, მაშინ კურსდამთავრებულთა შრომის ბაზარზე ან განათლების სხვადასხვა ინსტიტუციებში ახალგაზრდების გაფენა ჭარბი და მრავალფეროვანი უნდა იყოს. ჩვენთან ასე არ ხდება. ჩვენთან მე-9 კლასიდან მეათეზე გადამსვლელთა რაოდენობა 40 000-ია (48000 სკოლის მოსწავლიდან). ამ 8 ათასი მოსწავლიდან პროფესიულ განათლებაში მხოლოდ 3000 ხვდება. პროფესიული სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, შრომით ბაზარზე მხოლოდ 35 პროცენტი საქმდება. დანარჩენი თაობა, 30 000 ადამიანი, რომელიც სკოლას ამთავრებს, უმაღლეს სასწავლებელში მიდის.

სტუდენტები, რომლებიც საკუთარი შრომით საკუთარ განათლებას აფინანსებენ, მხოლოდ 12 პროცენტია. ასეთ სტუდენტთა რაოდენობის პროცენტი არ იზრდება, თუმცა რაოდენობა – კი. გვყავს სტუდენტები, რომლებიც ეკონომიკურად დამოუკიდებლები არიან, საკუთარი შრომით განათლების დაფინანსება შეუძლიათ, თუმცა სწავლას ვერ ახერხებენ და აკადემიური დავალიანების გამო, სტატუსშეჩერებულები არიან. ეს რიცხვები იმის დასტურია, რომ ჩვენი სკოლა და საგანმანათლებლო სისტემა რეალურად ვერაფერს აკეთებს და დასახულ მიზნებს ვერ აღწევს”, – ამბობს გახელაძე.

ფილოლოგი ლევან გიგინეიშვილი ამბობს, რომ ბავშვი შეიძლება შემომტანი არ იყოს ოჯახში, მაგრამ ბავშვობაში და სკოლის ასაკში უნდა ისწავლოს თავისი აზრების ჩამოყალიბება. ინერტული არ უნდა იყოს, რომ შემდეგ საკუთარ გადაწყვეტილებებზე პასუხისგება შეეძლოს.

“უცხოეთში, ჩემი სტუდენტობის პერიოდში, მახსოვს, არანაირი პრობლემა არ იყო მუშაობა. გაუგებარი იყო ის, რომ არ მუშაობდნენ. მე კატალოგისტად ვმუშაობდი და დამატებითი ფული მქონდა. დამატებითი ფული შენთვის დამატებით სივრცეებს ქმნის. ის მომენტი, რომ შენ ხარ შენი თავისთვის ეკონომიკური თავისუფლების მიმცემი – მნიშვნელოვანია.

ბრიუსელში ჩემთან ერთად საერთო საცხოვრებელში ნავთობის მაგნატის შვილი ცხოვრობდა, ტილი ერქვა. ერთხელ, ჩემთან ფულის სასესხებლად მოვიდა. ვუთხარი, შენ ჩემგან რატომ სესხულობ ფულს, მამაშენს ფულის მეტი რა აქვს, მოგცემს-თქო. არაო, მე მამაჩემს საერთოდ არ ვართმევ ფულს, ჩემით ვაკეთებ ყველაფერსო. ერთხელ, ვნახე, როგორ რეცხავდა თეფშებს სტუდენტურ საცხოვრებელში. არ ეთაკილებოდა.

ჩვენთან ინერტულობა ჩვეულებად და წესადაა მიღებული. განცდა იმისა, რომ მე ჩემი თავი შევქმნა და ჩემი ცხოვრება თვითონ უნდა შევქმნა – მკაფიოდ გამოკვეთილი არ არის”, – ამბობს გიგინეიშვილი.

განათლების ექსპერტი გიორგი გახელაძე გამოსავალს სკოლის დეცენტრალიზაციაში ხედავს. მისი თქმით, სკოლა ჩარჩოებისგან უნდა გათავისუფლდეს და დამოუკიდებელი უნდა გახდეს.

“ჩვენ, მშობლები ვართ ის თაობა, რომლებიც ვერც სკოლაში და ვერც ოჯახში ვერ ვუზრუნველყოფთ ახალგაზრდების დამოუკიდებელ ადამიანებად ჩამოყალიბებას. ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებსაც არც ამის გამოცდილება გვაქვს, ამ თვითშემოქმედების და არც გვჯერა ამ სიკეთის. ახალგაზრდებს ამის სჯერათ, მაგრამ ჩვენ ამის საშუალებას არ ვაძლევთ. სახელმწიფო სკოლას ახლა პატარა ბავშვივით ექცევა და ხელს არ უშვებს. ხელი უნდა გავუშვათ, ის სიარულს ისწავლის. ცოტას დაეცემა, ეტკინება, მაგრამ თვითმართვას ისწავლის. სკოლამ მომავალი მშობლები უნდა აღზარდოს დამოუკიდებელ ადამიანებად”, – ამბობს გიორგი გახელაძე.

(C) ’17′-ის მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s