მე საქართველოში დავიბადე, გავიზარდე და ვცხოვრობ – ეს წინადადება უკვე ბევრს რამეს ამბობს. განსაკუთრებით კი იმას, რომ ყველაფერი მთლად რიგზე ვერ არის და იმ მრავალი პრობლემიდან, რომლებიც ჩვენს ქვეყანასა და საზოგადოებაში არსებობს, ერთ-ერთზე ვისაუბრებ.

მართალია!

წესით უნდა ვიყო მხატვრული, გულშიჩამწვდომი, ორიგინალური, კრეატიული ან შეიძლება ვინმე თანამედროვე მწერლის ფრაზები მოვიშველიო, დავიმოწმო და ამით ჩემს ინტელექტუალურ შესაძლებლობებსაც გავუსვა ხაზი, მაგრამ პირდაპირ ვიტყვი – საქართველოში ყოველდღე კლავენ ზებრას.

ბევრი გაიფიქრებს – განა ამაზე მეტი პრობლემა არ გვაქვს საქართველოში? განა მხოლოდ ეს აწუხებს ჩვენს საზოგადოებას? გაიფიქრებენ, რომ ერთი მოცლილი ახალგაზრდა ვარ, რომელიც ცდილობს მეინსტრიმული იყოს და საგზაო მოძრაობის ახალი წესების ირგვლივ ატეხილი ამბების გამო, გადაწყვიტა, ამ საკითხზე ესაუბრა.

თქვენი არ ვიცი, მაგრამ ეს პრობლემა მე ყოველდღე მაწუხებს, დღეში რამდენჯერმეც კი.

როდესაც სახლიდან სამსახურში მივდივარ, ერთადერთხელ მიწევს გზის გადაკვეთა, ზებრაზე. თუმცა, როგორც ჩანს, ჩვენი შინაგანად ევროპელობა და ვიზალიბერალიზაცია ჯერჯერობით იმდენს ვერ წვდება, რომ ფენომენი – “ქვეითად მოსიარულე” ვაღიაროთ და მისი უფლებები დავიცვათ. რას ვიზამთ, დილით ყველას ისე ეჩქარება, რომ უბრალოდ ზებრას ვეღარ/აღარ ამჩნევენ. თუმცა, რატომღაც, მაინც ყველგან ვაგვიანებთ და როგორც ასეთი, არაპუნქტუალური ერის სტატუსსაც მყარად ვინარჩუნებთ.

ზებრაზე გადასვლა კომპიუტერულ თამაშს ჰგავს, სადაც მრავალი დაბრკოლება უნდა გაიარო და უვნებელი გადარჩე, ბოლოში გახვიდე და გაიმარჯვო. ზუსტად ასეა, დგამ პირველ ნაბიჯს, არ იცი წინ რამდენი “დაბრკოლებაა” და უვნებელი მიაღწევ თუ არა გზის მეორე მხარეს.

მაგრამ, რა მრავალფეროვანი და მოულოდნელობებით სავსეა სამყარო. განსაკუთრებით საქართველო და ქართველი მძღოლები. რომ გგონია, აღარაფერი გაგაოცებს, აღარაფერი გაგაკვირვებს, ჰოპ და ისეთ რამეს აწყდები, ასეთი ფიქრები მაშინვე უკან მიგაქვს.

ის, რომ ჩვეულებრივი ავტომანქანის მძღოლი გზას არ გითმობს უკვე აღარ გაოცებს, შენში მინიმუმ პროტესტის გრძნობას იწვევს და ბოლოს მაინც ეგუები, მაგრამ, როდესაც ჩვეულებრივ მოქალაქეს “სამართალდამცავისთვის” იმის ახსნა გიწევს, რომ გადასასვლელზე გზა უნდა დაგითმოს, აქ ალბათ, უკვე სისტემურ პრობლემასთან გვაქვს საქმე.

როდესაც საგზაო მოძრაობის ახალი წესების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, საზოგადოების მინიმუმ ნახევარი “ევროპულმა” აღშფოთებამ მოიცვა და “უფლებების დასაცავად” აქციაც კი გამართეს. სინამდვილეში კი უფლება არავის აინტერესებს, მთავარი კომფორტი და დისკომფორტია, რომელსაც კონკრეტული წესი, კანონი თუ აკრძალვა გვიქმნის.

ევროპის მრავალ ქვეყანაში ძალიან მკაცრი საგზაო მოძრაობის წესები მოქმედებს. მათ შორის ერთ-ერთი სწორედ ზებრა გადასასვლელებს ეხება. მაგალითად, რუმინეთში ზებრა გადასასვლელზე ქვეითად მოსიარულე ადამიანისთვის ავტომობილის მძღოლის მიერ გზის არ დათმობის გამო ჯარიმა მართვის მოწმობის ჩამორთმევაა.

არამგონია აღნიშნული წესი რუმინელი მძღოლებისთვის “კომფორტული” იყოს, თუმცა ფაქტია შედეგიანია – ქვეითად მოსიარულე ადამიანი მშვიდად და “უბრძოლველად” გადადის გზის ერთი მხრიდან მეორეზე.

საქართველოში ჩატარებული კვლევის მიხედვით მძღოლების 76% ქვეითად მოსიარულეებს გზას არ უთმობს.

დღევანდელი მდგომარეობით, დაახლოებით, ჩემი “გმირული” სიკვდილის სცენაც კი წარმომიდგება თვალწინ – სისხლის ბოლო წვეთამდე ზებრის დასაცავად.

იმედი მაქვს, შინაგანი ევროპელობა ოდესმე მაინც იხეთქებს და გავხდებით არა “ევროპელები”, არამედ, წესებისა და კანონების დამცვლები

თუმცა, ჯერჯერობით, საქართველოში ყოველდღე კლავენ ზებრას!

ავტორი: ანა სარალიძე

ამავე ავტორის სხვა ბლოგი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s