ლგბტ ადამიანების ხმა კვლავ დახშულია. ისინი ვერ სარგებლობენ გამოხატვის თავისუფლების უფლებით, რადგანაც სახელმწიფო ვერ ან არ უზრუნველყოფს მათ უსაფრთხოებას. როგორი იყო ლგბტ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა – 17 მაისი ამ კუთხით 2015 წლის მოვლენების მიმოხილვას გთავაზობთ.

2012 წლის 17 მაისის საქმე

2012 17.05

2012 წლის 17 მაისი

2015 წლის 12 მაისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე “იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ” გადაწყვეტილება გამოიტანა და დაადგინა, რომ 2012 წლის 17 მაისს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეთერთმეტე მუხლი მეთოთხმეტესთან და მესამე მუხლი მეთოთხმეტესთან მიმართებაში დაირღვა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა მოსარჩელეთა მტკიცებულებები მის შესახებ, რომ კონტრდემონსტრანტები და პოლიციელები აქციის მონაწილეებს არაადამიანურად, არაჰუმანურად და სასტიკად მოეპყრნენ 2012 წლის 17 მაისს. ამ დღეს თბილისში გამართულ მშვიდობიანი აქცია მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრებმა და მხარდამჭერებმა დაარბიეს.
სტრასბურგმა საქართველოს მთლიანობაში 33 500 ევროს გადახდა დააკისრა.

2013 წლის 17 მაისის საქმე 

2013 წლის 17 მაისი. ფოტო: დიმა ჩიკვაიძე, ტაბულა

2013 წლის 17 მაისი. ფოტო: დიმა ჩიკვაიძე, ტაბულა

2015 წელს 2013 წლის 17 მაისის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო თბილისის საქალაქო სასამართლომ. მოსამართლე დავით მგელიაშვილმა ბრალდებულები სრულად გაამართლა. სასამართლომ ჩათვალა,  რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები ბრალდებულთა დანაშაულს ვერ ამტკიცებდა. გამოძიება 161-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც შეკრების ან მანიფესტაციის მოწყობის, ანდა მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ, ძალადობით, ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ხელის შეშლას გულისხმობს.

17 მაისის აქციასთან დაკავშირებით საქმის წარმოება თავდაპირველად ხუთი პირის მიმართ დაიწყო. მოგვიანებით არქიმანდრიტ ანთიმოზზე, იგივე თამაზ ბიჩინაშვილზე სამართალწარმოება შეწყდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პროკურატურის ცუდ მუშაობას დაუკავშირეს. “იდენტობას” იურისტმა, ნინო ბოლქვაძემ თქვა, რომ პროკურატურამ არ მოიძია საკმარისი მტკიცებულებები, არ მოახდინა დამნაშავეების იდენტიფიცირება და ა.შ. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისვე თქმით, ტენდენციური იყო მოსამართლეც, რადგან ამ ადამიანების ბრალეულობის დადასტურება წარმოდგენილი მტკიცებულებებითაც შესაძლებელი იყო.

2013 წლის 17 მაისს მმკ-ს წევრებმა, ასევე მართლმადიდებელმა ეკლესიამ და მის მიერ ქუჩაში გამოყვანილმა პირებმა ძალადობრივად დაშალეს ჰომოფობიასთან და ტრანსობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად შეკრებილი მონაწილეები.

სტრასბურგში ეს საქმეც გაიგზავნა, თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ აქვს. იურისტები ამ საქმეზეც 2012 წლის ანალოგიურ გადაწყვეტილებას უახლოეს თვეებში ელოდებიან.

2015 წლის 17 მაისი

2015 წლის 17 მაისი, ფოტო DF Watch

2015 წლის 17 მაისი, ფოტო DF Watch

2015 წელს ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღე რამდენიმე სხვადასხვა ადგილას აღინიშნა. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა 15 წუთიანი აქცია ვაჩნაძის ქუჩაზე გამართა, ლგბტ საქართველომ  – იუსტიციის სამინისტროსთან, მრგვალ ბაღში კი იდენტობას ორგანიზებით 30-მე არასამთავრობო ორგანიზაცია, 200 მონაწილე და 100 ჟურნალისტი შეიკრიბა. აქ მოსულ ადამიანებს 2012 წლის 17 მაისის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააცნეს.

იმის გამო, რომ სახელმწიფომ კვლავ ვერ უზრუნველყო აქციის მონაწილეთა უსაფრთხოება და საჯარო სივრცე მთლიანად საპატრიარქოს დაუთმო, აქციების ჩატარების დრო და ადგილი წინასწარ დაანონსებული არ ყოფილა. ორგანიზატორებმა ეს ინფორმაცია მედიას და მხარდამჭერებს ღონისძიებებამდე მხოლოდ რამდენიმე საათით ადრე მიაწოდეს და პოლიციის მოთხოვნით, აქციის დასრულებამდე ადგილმდებარეობის მკაცრად გასაიდუმლოება მოსთხოვეს.

საქართველოს სახალხო დამცველმა წლის შეჯამებისას თქვა, რომ “ლგბტ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობის კუთხით, 2015 წლის ერთადერთი პოზიტიური ცვლილება, ყოველგვარი ძალადობის გარეშე 17 მაისის აღნიშვნაა, თუ შეიძლება ეს პროგრესად ჩაითვალოს”.

საბი ბერიანის საქმე

საბი ბერიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქცია იუსტიციის სახლთან. 10 ნოემბერი 2015

საბი ბერიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქცია იუსტიციის სახლთან. 10 ნოემბერი 2015

2015 წელს სასამართლომ კიდევ ერთი გადაწყვეტილება გამოიტანა, რომელიც ლგბტ თემისთვის განსაკუთრებით სენსიტიური და მნიშვნელოვანი თემა გახდა. საქმე საბი ბერიანის მკვლელობას ეხება. ტრანსგენდერი ქალის მკვლელობისთვის ბრალდებული ლევან კოჭლაშვილი სასამართლომ გაამართლა. მას ტრანსგენდერი ქალის, ბიანკა შიგუროვას ცემისა და საბი ბერიანის სახლში ნივთების დაზიანებისთვის მიესაჯა სასჯელი და სასტიკ მკვლელს მხოლოდ 4 წლით აღეკვეთა თავისუფლება.

ტრანსგენდერი ქალი, საბი ბერიანი 2014 წლის 10 ნოემბერს, პეკინის 14 ნომერში მოკლეს. მისი ცხედარი მაშველებმა მის ბინაში ცეცხლის ჩაქრობის შემდეგ იპოვნეს. საბის დანით 9 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. საბის დედის თქმით, მისი შვილი ჯერ მოკლეს და ხანძარი ამის შემდეგ, კვალის დაფარვის მიზნით გააჩინეს.

საბი ბერიანის საქმეზე თბილისი საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოშია გასაჩივრებული. საბი ბერიანის დაღუპვიდან 1 წლისთავთან დაკავშირებით ლგბტ აქტივისტებმა იუსტიციის სახლთან აქცია გამართეს და მკვლელის დასჯა მოითხოვეს.

ტრანსგენდერი ადამიანების ბრძოლა ადამიანის უფლებებისთვის

იუსტიციის სახლთან კიდევ ერთი აქცია გაიმართა – აქტივისტები ტრანსგენდერი ადამიანების პირადობის დოკუმენტებში სქესის ჩანაწერის შეცვლას ითხოვდნენ. მათი განმარტებით, ტრანსგენდერი ადამიანების სოციალური სქესი დოკუმენტებში აღნიშნულს არ ემთხვევა, რის გამოც ისინი ყოველდღიურ ცხოვრებაში მრავალ პრობლემას აწყდებიან.

ტრანსგენდერი ადამიანებისთვის დაბადების აქტში სექსის შესახებ ჩანაწერის ცვლილების უფლებისთვის ‘იდენტობა’ დიდი ხანია იბრძვის. ამ ეტაპზე ერთ-ერთი ტრანსგენდერი კაცის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საქალაქო სასამართლო სარჩელს არ დააკმაყოფილებს, ‘იდენტობა’ არ გამორიცხავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსაც მიმართოს.

გამოძიება გეი კაცის ტოტალურად დევნის ფაქტზე

რამდენიმე თვის წინ, საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში გეი ადამიანის ტოტალურად დევნის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

კაცს დაახლოებით 1 წლის განმავლობაში სახლიდან გასვლის საშუალება არ ჰქონდა და იმალებოდა, რადგან მას სექსუალური ორიენტაციის გამო დევნიდნენ. იდენტობის იურისტმა ნინო ბოლქვაძვემ ეს ფაქტი გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვად, პირადი ცხოვრების ხელყოფად და არაადამიანურ მოპყრობად შეაფასა. გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე მუხლით დაიწყო, რაც ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის გამო ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევას გულისხმობს. იურისტის შეფასებით, ეს სწორი კვალიფიკაციაა, რაც თავის მხრივ პოზიტური ფაქტია.

პოლიტიკოსები და ლგბტ საკითხები

ირაკლი ღარიბაშვილი ასავალ-დასავლის პირველ გვერდზე, 29 ივნისი, 2015

ირაკლი ღარიბაშვილი ასავალ-დასავლის პირველ გვერდზე, 29 ივნისი, 2015

2015 წლის 29 ივნისს საქართველოს ახლა უკვე ყოფილმა პრემიერმინისტრმა გაზეთ ‘ასავალ-დასავალთან’ ინტერვიუში თქვა, რომ ის ყველაფერს გააკეთებდა, რათა კონსტიტუციაში ქორწინება ჩაწერილიყო, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობა.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ქორწინება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას ემყარება (თავი 1. მუხლი 36), სამოქალაქო კოდექსის მიხედვით კი ‘ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია’.

უმრავლესობის დეპუტატმა, სოსო ჯაჭვლიანმა ცვლილებების შეტანა “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონში” მოისურვა და შესაბამისი კანონპროექტი დაარეგისტრირა. ცვლილებები კანონიდან ტერმინების “გენდერული იდენტობა” და “სექსუალური ორიენტაცია” ამოღებას ითვალისწინებს.

ჯაჭვლიანმა თქვა, რომ “ანდიტისკრიმინაციული კანონის” მიღებით პარლამენტმა მხარი “მამათმავლობის, უკანონო ცხოვრების წესის დაკანონებას დაუჭირა” და რომ “აუცილებელია, ჩამონათვალიდან ამოვიღოთ მამათმავლობის განმსაზღვრელი ტერმინები – „გენდერული იდენტობა“ და „სექსუალური ორიენტაცია“, რათა მომავალში ვეღარ დაშენდეს მასზე, იქნება ეს ერთსქესიანთა ქორწინება, ერთსქესიანი წყვილების მიერ ბავშვის აყვანა და ასე შემდეგ”. მისივე თქმით, ამ კანონპროექტის დარეგისტრირებით მან მონანიება დაიწყო.


საგანი “მე და საზოგადოება”
განათლების სამინისტროს ინიციატივით სკოლებში საგნის “მე და საზოგადოება” სწავლება 2015-2016 სასწავლო წელს უნდა დაწყებულიყო, თუმცა ეკლესიის ნეგატიური პოზიციის გამო საგნის სწავლება მომდევნო წლისთვის გადაიდო. განათლების სამინისტროს განმარტებით ახალ საგანში ძირითადი აქცენტები მოსწავლის და მის გარემომცველ სამყაროზე გაკეთდება და ხელს შეუწყობს მისი მსოფლმხედველობის განვითარებას.

საგნის კონცეფციის შემუშავებაში სამღვდელობა თავიდანვე ჩართული იყო. ამიტომაც, არავისთვისაა გასაკვირი, რომ საპატრიარქო კვლავ ეწინააღმდეგება სახელმძღვანელოში ისეთი ტერმინების ხსენებას, როგორიცაა “ოჯახში ძალადობა”, “გენდერული იდენტობა”, “სექსუალური ორიენტაცია”.

საპატრიარქო კიდევ უფრო შორს წავიდა, როდესაც განაცხადა, რომ სახელმძღვანელოში მოცემული ტერმინები “ლიბერალიზმი” და “დემოკრატიული ღირებულებები” ბავშვების “პოლიტიკურ ინდოქტრინაციას ახდენს.”

რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას სხვა ქვეყნების მთავრობებისაგან

მიმდინარე წელს, გაეროს პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში, ლგბტ პირთა უფლებების დაცვის საკითხებზე რეკომენდაცია საქართველოს 8 ქვეყანამ მისცა.

რეკომენდაციები მოუწოდებს სახელმწიფოს, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციის დაძლევისათვის, ეფექტურად აღასრულოს ანტიდისკრიმიანციული კანონმდებლობა; მიიღოს ზომები სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით სოციალური სტიგმატიზაციის, სიძულვილის ენის, დისკრიმინაციისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების აღმოფხვრისათვის.

სახელმწიფოებმა საქართველოს მოუწოდეს, სასამართლო სისტემის წარმომადგენლების ცნობიერების ამაღლებისა და ტრენინგების უზრუნველყოფის მიზნით ადეკვატური რესურსები გამოყოს და ხელი შეუწყოს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციის დასაძლევად არსებული მექანიზმების ეფექტურად განხორციელებას.

თუმცა, საქართველომ რამდენიმე რეკომენდაცია არ მიიღო, მათ შორის:

  1. ლგბტ პირთა მიმართ ძალადობისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების მიზნით, სპეციალური უწყების შექმნა, რომელიც ასევე ითანამშრომლებს ლგბტ თემთან და ორგანიზაციებთან, რაც ხელს შეუწყობს ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების ჩამოყალიბებას (შვედეთი);

2 .  სპეციალური სტრატეგიის მიღება და შესრულება სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების მონიტორინგის, გამოძიებისა და დასჯის მიზნით და სახალხო დამცველისთვის შესაბამისი ძალაუფლებისა და რესურსები გადაცემა ამ კუთხით მისი საქმიანობის გაძლიერებისთვის (დიდი ბრიტანეთი და ჩრდილოეთ ირლანდია);

3. ლგბტ პირთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფისთვის ძალისხმევის გაორმაგება და ამ მიზნით, ჰომოსექსუალობის, ბისექსუალობისა და ტრანსსექსუალობის სოციალური სტიგმატიზაციის, სიძულვილის ენის, დისკრიმინაციისა და სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე, სიძულვილით მოტივირებული ძალადობის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა (ურუგვაი).

ზემოთ მითითებულ ღია რეკომენდაციებზე საქართველომ საკუთარი მოსაზრებები გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის 31-ე სესიაზე, არაუგვიანეს 2016 წლის მარტისა უნდა წარადგინოს.

ფოტო: DF Watch

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s