2014 წელს, მსოფლიოს მწეველებმა დაახლოებით 5.8 მილიარდი ღერი სიგარეტი მოიხმარეს. თამბაქოს მოხმარება ქვეყნების მიხედვით განსხვავებულია. 2014 წლის მონაცემებით, პირველ ადგილზე რუსეთი და ჩინეთი იყოფენ. ამ ქვეყნებში, ერთი ადამიანი, წლის განმავლობაში, საშუალოდ 2500 ღერ სიგარეტს ეწეოდა. რუსეთისა და ჩინეთის შემდეგ, მწეველთა რაოდენობით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები და თურქეთი მოდიან.

საქართველოში 15 წელზე ზემოთ ასაკის მწეველებმა 2014 წელს, საშუალოდ 1378 ღერი სიგარეტი მოიხმარეს. საქართველოში 1 კოლოფის ფასი საშუალოდ 3 ლარი იყო, თითო კოლოფში კი 20 ღერი სიგარეტია. საშუალოდ, თითო ღერი სიგარეტი საქართველოში 0.15 ლარი ღირდა. 2014 წელს, საშუალო ქართველმა მწეველმა სიგარეტში დაახლოებით 207 ლარი გადაიხადა.

207 ლარი მოწევის მხოლოდ ინდივიდუალური ხარჯია. მკვლევრების გარკვეული კატეგორიის მოსაზრებით, თუ მოწევის სოციალური ხარჯი კოლოფის დადგენილ ფასზე მეტია, სიგარეტის ფასი უნდა გაიზარდოს.

ეკონომისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ მომხმარებელმა უკეთ იცის საკუთარი ფინანსური მდგომარეობის შესახებ და თავად გადაწყვეტს, რაში რამდენი დახარჯოს. მათი თქმით, გადასახადები არ უნდა იჭრებოდეს მომხმარებლის პირად ცხოვრებაში მაშინ, როცა ისინი საკუთარი ქცევით სხვა მოქალაქეებს ზიანს არ აყენებენ. ეკონომისტების მეორე ჯგუფის აზრით, ეს წესი სიგარეტის მოწევაზე არ უნდა გავავრცელოთ. მათი თქმით, კვლევები ამტკიცებს, რომ სიგარეტის მომხმარებელი ინფორმაციას ფლობს მხოლოდ მოწევის სიკეთეებზე. კერძოდ, მწეველმა იცის, რომ მოწევა მას სიამოვნებას ანიჭებს, ეხმარება მოდუნებაში და ა.შ. თუმცა, დაბალ და საშუალო შემოსავლიან ქვეყნებში თამბაქოს მომხმარებლებს არ აქვთ ინფორმაცია მოწევის რისკ- ფაქტორებზე და შესაძლო ნაადრევ სიკვდილზე.

ეკონომისტების მეორე ჯგუფის მოსაზრებას სტატისტიკაც უმაგრებს ზურგს. მაგალითად, 1996 წელს ჩინეთში მწეველების 61 %-ს სჯეროდა, რომ თამბაქო მათ ჯანმრთელობაზე ნეგატიურად ვერანაირად ვერ იმოქმედებდა. მდგომარეობა არც მაღალშემოსავლიან ქვეყნებშია რადიკალურად განსხვავებული. აქ, ინფორმაციის არსებობის შემთხვევაშიც კი, მისი უგულებელყოფა ხდება, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. შემოსავლის ორივე ტიპის ქვეყნებში, გამოვლინდა, რომ ნიკოტინზე დამოკიდებულება მოზარდობის ასაკიდან იწყება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით საქართველოში 13-15 წლის ახალგაზრდების 12.3 % თამბაქოს რეგულარული მომხმარებელია.

მოწევას ფინანსური და არა მხოლოდ ფინანსური ხარჯი აქვს არამწეველთათვისაც. ეს შეიძლება იყოს გამოხატული ე.წ. “პასიურ მოწევასთან” დაკავშირებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით, სიგარეტის კვამლის სუნის აუტანლობით და გაღიზიანებით. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, სამთავრობო დაწესებულებებში, რესტორნებში, კაფეებსა და ბარებში, საჯარო ტრანსპორტში მოწევის საკანონმდებლო საკითხები საქართველოში მოუწესრიგებელია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია თამბაქოზე ფასების ზრდას თამბაქოს გლობალური ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო მექანიზმად მიიჩნევს. კვლევები ადასტურებენ, რომ მომატებული ფასის სიგნალზე მომხმარებელი სამგვარად პასუხობს: მოწევას საერთოდ ანებებს თავს,  ამცირებს მოწეული ღერების რაოდენობას ან საერთოდ არ იწყებს მოწევას.

2014 წელს 11 – მა ქვეყანამ თამბაქოს ფასი საცალო ფასი 75 %-ით გაზარდა. ჯამში, ეს რეგულაცია მსოფლიოს 33 ქვეყანაში მოქმედებს. კიბოს შესწავლის საერთაშორისო სააგენტოს ეკონომიკურმა კვლევებმა თამბაქოს ფასსა და მოხმარებას შორის უკუპროპორციული ძლიერი კავშირი აჩვენა. სააგენტოს მონაცემებით, ინფლაციის გათვალისწინებით თამბაქოს ფასის 50 %-ით გაზრდა მის მოხმარებას დაახლოებით 20 %-ით ამცირებს როგორც განვითარებულ, ისე დაბალ და საშუალო შემოსავლიან ქვეყნებში. გაზრდილი ფასები საუკეთესო პრევენციად ითვლება ღარიბ და დაბალი განათლების მქონე ჯგუფებში, რადგანაც ახალგაზრდები, რომლებსაც აქამდე სიგარეტთან ურთიერთობა არ ჰქონიათ, თავს შეიკავებენ მოწევის დაწყებისა და თამბაქოს რეგულარული მოხმარებისაგან.

აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოს 30 წელზე მეტი დასჭირდათ ზრდასრულ ადამიანებში სიგარეტის მოხმარების თითქმის ორჯერ შემცირებისთვის. ფასების მკვეთრი ზრდის მექანიზმით საფრანგეთმა და სამხრეთ აფრიკამ მოხმარება 15 წელიწადში გაანახევრა. 1990 წლიდან 2005 წლამდე, ინფლაციის გათვალისწინებით, საფრანგეთმა სიგარეტის 1 კოლოფის ფასი გაასამმაგა – ყოველწლიურად მინიმუმ 5 %-ით იზრდებოდა თამბაქოს გადასახადი. თითქმის იმავე პერიოდში, სამხრეთ აფრიკამ ასევე გაასამმაგა სიგარეტის ფასი, რის შედეგადაც მომხმარებლების შემცირების გარდა, გაორმაგდა ბიუჯეტში თამბაქოდან შემოსავალი.

თამბაქოზე ფასის ზრდის მოწინააღმდეგეთა მთავარი არგუმენტი ისაა, რომ აღნიშნული პოლიტიკა ახალისებს არალეგალურ იმპორტსა და შავი ბაზრის ამოქმედებას, სადაც მსურველებს სიგარეტის ყიდვა დაბალ ფასად მაინც შეეძლებათ. გაერთიანებულ სამეფოში უკანონო თამბაქოთი ვაჭრობამ პიკს 2000-2001 წლებში მიაღწია როდესაც არალეგალური თამბაქოს ბაზრის წილი 21 % იყო. თუმცა სახელმწიფოს მიერ შემუშავებული სტრატეგიის შედეგად შავი ბაზრის წილი 10 %-მდე დაეცა. საერთაშორისო ორგანიზაციის Action on Smoke and Heath (ASH) 2015 წლის აპრილის კვლევის მონაცემებით კი, 2000-2001 წლებში თამბაქოს შავი ბაზრის წილი 63 %-იდან 2014-2015 წლისთვის 35 %-მდე შემცირდა.

სიგარეტის მოხმარების შემცირების მთავარ არგუმენტად რჩება ის ფაქტი, რომ მოწევა სერიოზულ ზიანს აყენებს მწეველების ჯანმრთელობას. ამ თემაზე ჩატარებული უამრავი კვლევა აჩვენებს, რომ მომხმარებელთა 2/3-ის სიკვდილის მიზეზი სწორედ სიგარეტი და მისგან გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემებია. მწეველებში სამი ყველაზე გავრცელებული ჯანმრთელობის პრობლემა ფილტვების კიბო, ფილტვების ქრონიკული დაავადებები და გულის იშემიური დაავადებებია.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s