მიუსაფართა საკითხი საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთ მთავარი გამოწვევაა. თბილისის მერიამ და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2013 წელს მოსკოვის გამზირზე ე.წ. კარვების ქალაქი ააშენეს. უსახლკარო ადამიათა გაყინვის და ქუჩაში დაღუპვის  შემდეგ, 2015 წლის დეკემბერში მერიამ დიდი ხნის წინ დაპირებული მუდმივი თავშესაფარი გახსნა. ლილოში ახლადგახსნილი თავშესაფარი 240 მსურველზეა გათვლილი. თავშესაფარში მოხვედრა ყველა უსახლკარო ადამიანს არ შეუძლია. იმისათვის, რომ მიუსაფარი ადამიანი ზამთრის ყინვამ არ შეიწიროს. თავდაპირველად კრიტერიუმების დაკმაყოფილებას ითხოვენ:

1. უსახლკარო ადამიანი ბოლო 2 წლის მანძილზე რეგისტრირებული უნდა იყოს თბილისში და არ გააჩნდეს საცხოვრებელი ადგილი;
2. უნდა შეეძლოს თავის მოვლა;
3. არ უნდა ჰქონდეს ინფექციური და გადამდები დაავადება.

17 მაისი კრიტერიუმების უფრო დეტალური განსაზღვრებით და ზოგადად, ახალ თავშესაფარში არსებული პირობებით დაინტერესდა.

ე.წ. ლილოს თავშესაფარში მეგზურობა თავშესაფრის სოციალურმა მუშაკმა, მანანა ბიგვავამ გაგვიწია. მისი თქმით, კარვების ქალაქიდან აქ ბენეფიციარები ავტომატურად, ყოველგვარი დამატებითი შემოწმების გარეშე გადმოიყვანეს. სხვა შემთხვევაში, თავშესაფარში მოხვედრის მსურველებს დოკუმენტაციას და მათ სახელზე რეგისტრეირებულ უძრავ ქონებას უმოწმებენ.

IMG_4668

თავშესაფრის დერეფანი

“ორი ადამიანი გუშინ თავად მოვიდა, გადავამოწმეთ და იყვნენ თბილისის მაცხოვრებლები…ერთ-ერთი მათგანი ცხოვრობდა მიტოვებულ ნაგებობებში და დაექვემდებარა განთავსებას”, – ამბობს სოცმუშაკი.

ამ ეტაპისთვის თავშესაფარში ორი ქალბატონი ცხოვრობს, რომლებსაც  დოკუმენტები საერთოდ არ გააჩნიათ.

69 წლის ნონა აჭარის ერთ-ერთი სოფლიდანაა. ნონას თქმით, რამდენიმე წლის წინ მას 53 წლის შვილი დაეღუპა, მარტოობას ვერ გაუძლო და სტრესში ჩავარდნილმა, საკუთარი სახლი გადაწვა. საბუთებიც  მაშინ დაკარგა.

“მე მქონდა საბჭოთა კავშირის პასპორტი, – ამბობს მეორე უსაბუთო მარინა, – დაკარგული მაქვს მეტრიკა, რომ შემდეგ ავიღო პირადობა. მე არაფერზე ვნერვიულობ, თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. მე აქედან ხვალვე წავალ პირადობას რომ ავიღებ.”

IMG_4683

მარინა

“არ აქვთ მათ ბიუროკრატიის გადალახვის უნარი და ჩვენი ვალდებულებაა მათ დავეხმაროთ”, – განმარტავს ნანა ბიგვავა და დასძენს, რომ თავშესაფრის სოციალური მუშაკები ამ კუთხით უსახლკაროთა დასახმარებლად მზად არიან.

პირად საუბრებში თავშესაფრის მაცხოვრებლები კმაყოფილებას არ მალავენ. ისინი ამბობენ, რომ მოსკოვის გამზირის კარვების შემდეგ, აქ ცხოვრება მათთვის შვებაა. თავშესაფარში ცხელი წყალი 24 საათის განმავლობაში მოდის. ფუნქციონირებს აბაზანა, სამრეცხაო და სამზარეულო.

“იმ პირობებთან რა შედარებაა… ყველაფერი კარგია. წესრიგი, სისუფთავე… ყველაფერი არსებობს, რაც გაჭირვებულ ადამიანს დააკმაყოფილებს,” – აღტაცებული  გვიყვება კიდევ ერთი უსახლკარო, 43 წლის ნარგიზა.

IMG_4685

სამზარეულო

თავშესაფრის მოხვედრის კრიტერიუმებიდან, 17 მაისის განსაკუთრებული ყურადღება  ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჩანაწერმა მიიპყრო. “ლილოს მიუსაფართა თავშესაფრის” მართვის სამოქმედო გეგმაში წერია, რომ თავშესაფარში ადამიანი ვერ მოხვდება (დამაბრკოლებელ გარემოებად ითვლება) თუ მას ინფექციური დაავადებები აქვს:

“გადამდები ინფექციური და არაინფექციური დაავადებები (სიფილისი, გონორეა, ტრიქომონიაზი, კანის გადამდები დაავადებები (სოკოვანი, ბაქტერიული, პარაზიტული, მუნი), სტაფილოკოკი, მუცლის ტიფი, პარატიფი, სალმონელოზი, მწვავე და ქრონიკული დიზენტერია, ეპიდემიური ჰეპატიტი, ციმბირის წყლული, ჰიმენოლეპიდოზი, ენტერობიოზი, ასკარიდოზი, ამებიაზი, ფილტვის ტუბერკულოზი (აქტიური ფორმა) და სხვა.”- ვკითხულობთ სამოქმედო გეგმაში.

რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარმა არ იცის, რომ დაავადებულია? – ამ კითხვაზე თავშესაფრის სოციალური მუშაკი გვპასუხობს, რომ თავშესაფრის სამედიცინო პუნქტში ბენეფიციარის ანამნეზი იკრიბება, რის შემდეგაც ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სურათი თვალსაჩინო ხდება.

IMG_4670

საძინებელი

“გრიპი არ არის პრობლემა. ლაზარეთი გვაქვს და მათი იზოლირება შეიძლება. უფრო პრობლემა არის ტუბერკულოზი, რომელიც შეიძლება ბენეფიციარმა დამალოს და არ თქვას”, – განგვიმარტავს სოცმუშაკი.

თავშესაფრის მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერებისას მიწაზე სახელდახელოდ მოწყობილი საწოლი დავინახეთ. გაირკვა, რომ აქ ერთ-ერთი ბენეფიციარი ცხოვრობს, რომელსაც 2015 წლის 29 დეკემბერს თავშესაფარში რეგისტრაცია შეუწყდა. როგორც თავად გვეუბნება, თავშესაფრიდან ის უსაფუძვლოდ გარიცხეს და დირექტორის, გოჩა მინდიაშვილის ბრძანებას გვაჩვენებს.

IMG_4665

მასთან ერთად თავშესაფარი კიდევ 3-მმა ბენეფიციარმა დატოვა. ამ ადამიანების თქმით, მერია მათ სხვა პირობების შეთავაზებას დაჰპირდა, თუმცა გარიცხვიდან 9 დღე გავიდა, მერიის თანამშრომლები კი მათ ჯერაც არ დაკავშირებიან.

თბილისის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურში გვიპასუხეს, რომ ოთხივე პირმა თავშესაფრის შიდაგანაწესი უხეშად დაარღვია, მრავალჯერადი გაფრთხილების შემდეგ კი, ადმინისტრაციამ მათთვის რეგისტრაციის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

“[დარღვევა] გამოიხატა მათი მხრიდან თავშესაფრის თანამშრომლების სიტყვიერ შეურაცხყოფაში, დაცვის თანამშრომლებთან ფიზიკური დაპირისპირების მცდელობასა და შეხლა-შემოხლაში, აურზაურის ატეხის მცდელობაში. მაგალითად მოვიყვანთ იმ ფაქტს, რომ ერთ-ერთმა პირმა შენობაში ჩაქუჩი და სახრახნისი შეიტანა, რაც შინაგანაწესით დაუშვებელია… აღნიშნული პირებისთვის თბილისის მერიას არანაირი დაპირება არ მიუცია, გარდა თავშესაფრით უზრუნველყოფისა.”, – განგვიმარტეს პრესსამსახურში.

საქართველოს ცენტრალურმა და თბილისის ადგილობრივი ხელისუფლებამ  მიუსაფარ ადამიანთა ზუსტი ციფრი არ იციან. ასეთი სტატისტიკა საქართველოში არ მოიპოვება. სოციალური დახმარების შესახებ საქართველოს კანონში ნათქვამია, რომ უსახლკარო ადამიანთა რაოდენობის აღრიცხვა და მათთვის სათანადო დახმარების გაწევა ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ორგანოების მოვალეობაა.

(c) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s