სირიელმა მიგრანტმა ევროპაში არალეგალურად გადაყვანისთვის კონტრაბანდისტებს ფულის ნაცვლად, ცოლის სექსუალური მომსახურება შესთავაზა.
ქმარი, რომელსაც ბულგარეთში გადასასვლელად კონტრაბანდისტებისთვის გადასახდელი ფული აღარ ჰქონდა, ფულის ნაცვლად სამი თვის განმავლობაში მათ თავისი 30 წლის ცოლის ყოველდღიური სექსუალური მომსახურება შესთავაზა. მოგვიანებით, თავად ქმარიც ჩაერთო ცოლის გაუპატიურებაში.
New York Times-ის ინფორმაციით, 4 შვილის დედა ახლა ბერლინში, შვილებთან ერთად ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ მისი ქმრის მიმართ შემაკავებელი ორდერია გამოწერილი, ქალს ეშინია, რომ ქმარი ოჯახის ღირსების შელახვის გამო მოკლავს.
გასულ წელს, ქალთა უფლებების დამცველმა ოთხმა ორგანიზაციამ გერმანიის ინტეგრაციისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართა. ოფიციალურ წერილში ისინი სახელმწიფოს მიგრანტების გაუპატიურებისა და ძალადობის შემთხვევების მონიტორინგსა და რეაგირებას სთხოვდნენ.
“ქალები და ბავშვები ყველაზე დაუცველები არიან. მსგავსი სიტუაციები ხელსაყრელია იმ კაცებისთვის, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ქალი მათი საკუთრებაა. ამ ყველაფრის შედეგად კი სახეზე გაუპატიურების, სექსუალური დანაშაულებისა და პროსტიტუციაში იძულებით ჩართვის უამრავ ფაქტს ვიღებთ”, – ნათქვამია წერილში.
ერთ-ერთმა სირიელმა ლტოლვილმა ქალმა, ეზრა ალ-ჰორანმა, New York Times-თან საუბარში აღნიშნა, რომ იგი სპეციალურად არ ბანაობდა და კაცის ტანსაცმელს იცვამდა, რათა თავი დაეცვა გაუპატიურებისა და სხვა სექსუალური თავდასხმისგან.
გერმანიის ლტოლვილთა ბანაკში მყოფმა ერთ-ერთმა სირიელმა ქალმა კი აღნიშნა: “ ყველამ იცის, რომ კონტრაბანდისტებთან ურთიერთობა მხოლოდ ორი გზით შეიძლება – ფულით ან სხეულით”.
წყარო: www.dailymail.co.uk