მოსკოვის გამზირზე ე.წ. კარვების ქალაქი თბილისის მერიამ დეკემბერში გააუქმა, იქ მცხოვრები მიუსაფარი ადამიანები კი ლილოს ახალ თავშესაფარში გადაიყვანა. 17 მაისი კარვების ქალაქის ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობით დაინტერესდა. ადგილზე მისულებს იქ სიბინძურე და ანტისანიტარია დაგვხვდა. ტერიტორია სავსეა გამოუსადეგარი ნივთებით – ძველი ტანსაცმლით, ლეიბებით, მატრასებით, საკვების ნარჩენებით.

IMG_4648

მერიაში გვითხრეს, რომ ტერიტორია მათ აღარ ეკუთვნით და დასუფთავების საკითხზე ეკონომიკის სამინისტროსთან გადაგვამისამართეს.

“მერიამ რახან ახალ თავშესაფარში გადაიყვანა ბენეფიციარები, შესაბამისად ეკონომიკის სამინისტროს მისწერა წერილი, რომ ტერიტორია მათ დაუბრუნეს და შესაბამისად დასუფთავების საკითხზეც მათ უნდა დაუკავშირდეთ”, – აღნიშნეს პრესსამსახურში.

​ეკონომიკის სამინისტროში ჩვენი ზარი გაუკვირდათ. გარკვეული დროის ლოდინის შემდეგ დაგვიდასტურეს, რომ ოფიციალური წერილი მერიისგან მათ 7 იანვარს შეუვიდათ. პრესსამსახურის განმარტებით, სიტუაციის შესასწავლად ადგილზე მობილური ჯგუფები იმავე დღეს, 7 იანვარს გავიდნენ.

IMG_4650

“დღეს შემოვიდა წერილი ოფიციალურად. მობილური ჯგუფები ადგილზე არიან გასულები და სწავლობენ რა ვითარებაა. წესით დასუფთავება მერიის და დასუფთავების სამსახურის პრეროგატივაა. ცოტა უცნაურია, რატომ მოგვცეს ასეთი დაუსუფთავებელი ტერიტორია”, – უწყებას ჩვენ 7 იანვარს დავუკავშირდით.

თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურში განგვიცხადეს, რომ ე.წ. კარვების ქალაქი ოფიციალურად 24 დეკემბერს დაიხურა, ტერიტორიის დაბრუნების შესახებ კი ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალური წერილით 4 იანვარს ეცნობა, რაც წინააღმდეგობაში მოდის ეკონომიკის სამინისტროსგან მიღებულ ინფორმაციასთან. მერიისვე განმარტებით, 24 დეკემბრიდან 4 იანვრამდე კარვების დემონტაჟი მიმდინარეობდა.

​სოციალური მომსახურების სააგენტოს პრესსამსახურს ჩვენ ეკონომიკის სამინისტროს პასუხი გავაცანით კერძოდ, ის, რომ კარვების ტერიტორიის დასუფთავება არა ეკონომიკის სამინისტროს, არამედ თბილისის მერიის პრეროგატივა იყო. სააგენტოში გვიპასუხეს, რომ ტერიტორია “თბილსერვისმა” უკვე დაასუფთავა.

IMG_4658

​ანტისანიტარიის გარდა მოსკოვის გამზირზე კარვებიც დაგვხვდა. ტერიტორიაზე დგას ქვის შენობაც, რომელშიც სამი მიუსაფარი მამაკაცი ამ დრომდე ცხოვრობს. სამგორის მაჟორიტარი დეპუტატის ლია ჯახველაძის თქმით, ამ პირებმა ლილოს თავშესაფარში გადასვლაზე უარი თქვეს.

“ერთი იძახის, არ გადავალ იქ იმიტომ, რომ მყავს ძაღლი და ძაღლს თავშესაფარში ვერ ჩავაბარებ იქ [ლილოს თავშესაფარში] კი არ შეიძლება ცხოველის შეყვანა. მეორე იძახის, საბუთს ველოდებიო. მესამე გორის მაცხოვრებელია, იქ ბინა დაკარგა და ჩამოვიდა. ეს ადამიანები არავის კონტროლის არეალში არ არიან მოქცეულები. გამოსავალიც არ არის, სანამ არ დაიშლება ეს კარვები,” – ამბობს ჯახველაძე.

IMG_4664
​მისივე თქმით, ახალი წლის დღეებში აქ ორი ადამიანი გაყინვით გარდაიცვალა. ამასვე ამბობენ კარვების ქალაქში დარჩენილი ბენეფიციარები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი ეს ადამიანები არ გაყინულან, ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალნენ და ოჯახს პრეტენზია არ გამოუთქვამს.

ე.წ. კარვების ტერიტორიის დასუფთავების საკითხი “ცისფერი მთების” სიუჟეტს გვაგონებს. ეკონომიკის სამინისტრო ამბობს, რომ დასუფთავება მერიის კომპეტენციაა. მერიაში კი გვეუბნებიან, რომ ტერიტორია თბილსერვისმა უკვე დაასუფთავა, პასუხისმგებლობას დღევანდელ მდგომარეობაზე კი ეკონომიკის სამინისტროს აკისრებს. “დასუფთავებული” ტერიტორია მკითხველმა 17 მაისის ფოტორეპორტაჟიდან უკვე იხილა. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე ეკონომიკის სამინისტროს მობილური ჯგუფი ადგილზე მდგომარეობას სწავლობს. მონიტორინგის შედეგებისა და დასუფთავების გეგმის შესახებ 17 მაისი უახლოეს მომავალში მოგაწვდით ინფორმაციას.

(C) ’17′-ის მასალების გამოყენების პირობები

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s