2015 წლის 23 დეკემბერს დუშეთის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პანსიონატის ბენეფიციარმა, თინათინ ბლიაძემ, სოციალურ ქსელში თავისი ფოტო გაავრცელა, რომელზც მას სახეზე დაზიანებები აღენიშნება. ბლიაძემ ფოტოს კომენტარიც დაურთო და აღნიშნა, რომ დაზიანებები პანსიონატის სხვა ბენეფიციარმა მიაყენა.

დუშეთის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პანსიონატი ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ტერიტორიული ერთეულია. ფონდის პრესსამსახურის წარმომადგენლის, ქეთევან ბეროშვილის ინფორმაციით, ბენეფიციარი არ უცემიათ და უბრალოდ, კონფლიქტური სიტუაცია იყო.

ბეროშვილმა “17”-ს განუმარტა, რომ სიტუაცია ბლიაძის მიერ იყო ინიცირებული და ის ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

“პატარა შელაპარაკება მოხდა ტაგიროვასა და ბლიაძეს შორის. სამწუხაროდ, ჩვენი დაწესებულება ღია ტიპისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ დღის განმავლობაში ბენეფიციარები დაწესებულებას ტოვებენ და საღამოს ბრუნდებიან. ჩვენი დებულების მიხედვით, დაწესებულებაში ალკოჰოლის მიღება აკრძალულია, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ღია ტიპისაა, დაწესებულების გარეთ ბენეფიციარების კონტროლი არ ხდება”, – ამბობს ბეროშვილი.

მისი თქმით, აღნიშნული ინფორმაცია ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის სახელმწიფო ფონდს პანსიონატში მყოფი თანამშრომლებისგან და ადმინისტრაციისგან აქვს.

“როგორც ვიცი, ტაგიროვამ აიქნია ხელი და მოხვდა ბლიაძეს, რის შემდეგაც ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა. ახლა ტაგიროვა სხვა სათემო ორგანიზაციაშია გადაყვანილი არა იმიტომ, რომ დამნაშავე იყო, არამედ თავად მას სურდა, გადასულიყო. ამ ეტაპისთვის ინციდენტი ამოწურულია”, – ამბობს ბეროშვილი და პანსიონატში ძალადობრივი ფაქტების არსებობას უარყოფს.

ფაქტის შესახებ თინათინ ბლიაძემ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს სოციალური ქსელის მეშვეობით გააგებინა, რის შემდეგაც ომბუდსმენმა საქმის შესწავლა დაიწყო.

სახალხო დამცველის აპარატის შშმ პირთა უფლებების დეპარტამენტის უფროსი ირინე ობოლაძე “17”-თან საუბარში ამბობს, რომ ბენეფიციარის მხრიდან ფიზიკური ძალადობის სავარაუდო ფაქტის მოკვლევის მიზნით ისინი პანსიონატს 29 დეკემბერს ესტუმრნენ.

“ჩვენი გასაუბრებებისა და ბენეფიციარებთან ინტერვიუების შედეგად გამოიკვეთა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა. ბლიაძემ ჩვენთან კომუნიკაციისას განაცხადა, რომ ასეთი ფაქტები ხშირად ხდება მის მიმართ და სხვა ბენეფიციარებს შორის.  საქმის შესწავლის შემდეგ, შსს-ს მცხეთა მთიანეთის სამმართველოს მივმართეთ. ასევე, მივმართეთ ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარების სახელმწიფო ფონდს. მოვიკითხეთ, რა რეაგირება განხორციელდა ამ ფაქტთან დაკავშირებით და ზოგადად როგორ ხდება ბენეფიციარებს შორის ძალადობის ფაქტებზე რეაგირება. ველოდებით ჩვენს წერილებზე უწყებებიდან რეაგირებას”, – ამბობს ობოლაძე.

11 იანვარს, მომხდარი ფაქტიდან 19 დღის შემდეგ, თინათინ ბლიაძე აცხადებს, რომ პანსიონატში ყოფნას გარეთ ყოფნა სჯობს. ბლიაძე სოციალური ქსელით “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” იურისტს ანა არგანაშვილს დაუკავშირდა და პანსიონატში არსებული მდგომარეობით დაინტერესება მას და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს სთხოვა.

“17”-თან საუბარში არგანაშვილმა განმარტა, რომ მსგავსი ტიპის დაწესებულებებში ბენეფიციარების გარემოსთან კომუნიკაცია უკიდურესად გართულებულია. მისი თქმით, ამ ადამიანებს არ აქვთ საშუალებები, მათ შორის ეკონომიკური, რომ ჰქონდეთ მობილური ან ინტერნეტ კავშირი.

იურისტი მომხდარზე პასუხისმგებლობას სახელმწიფოს აკისრებს. მისი თქმით, ყველა სახელმწიფო დაწესებულებაში მყოფი ადამიანის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელია სახელმწიფო, იმიტომ, რომ ეს დახურული ტიპის დაწესებულებაა და იქ შესვლა არასამთავრობო ორგანიზაციებს თავისუფლად არ შეუძლიათ. შესაბამისად, მაკონტროლებელი მხოლოდ სახელმწიფოა.

“ეს არის ძალიან მანკიერი პრაქტიკა. გაეროს შშმ პირთა კონვენციაში ჩაწერილია, რომ ესაა ამ ადამიანების უფლებების დარღვევა. წარმოიდგინეთ სიტუაცია, როდესაც ხარ ჩაკეტილ სივრცეში, შენზე ძალადობენ და საშუალება არ გაქვს თავი დაიცვა”, – ამბობს იურისტი.

ანა არგანაშვილი ამბობს, რომ ამ ადამიანებს აუცილებლად სჭირდებათ სამართლებრივი დაცვა და არასამთავრობო ორგანიზაციებს უნდა ჰქონდეთ მათთან რეგულარული კომუნიკაციის შესაძლებლობა.

“ბლიაძე დაწესებულებაში არ უნდა ცხოვრობდეს. მას სახელმწიფომ უნდა მისცეს დამოუკიდებელი საცხოვრისი საზოგადოებაში. ეს წერია შშმ პირთა სოციალური დაცვის შესახებ კანონში. მათ კანონით აქვთ ამის უფლება და არ უნდა იყვნენ იზოლირებულები. მთავარი დარღვევა ისაა, რომ ისინი იქ ცხოვრობენ, მათ არჩევანი არ აქვთ, არც პირადი ცხოვრება აქვთ, არც სამსახური, არც ადეკვატური კვება და მოვლა. ისინი უბრალოდ იქ გამოკეტეს”, – ამბობს არგანაშვილი.

იურისტის თქმით, პრობლემურია ის ფაქტი, რომ დაწესებულებაში 4 წელია მონიტორინგი არ ჩატარებულა. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, პანსიონატში კომპლექსური მონიტორინგი 2015 წელს არ ჩატარებულა და მხოლოდ რამდენიმე ვიზიტი ჰქონდათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას ითვალისწინებს და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან  180 საათამდე, ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თხუთმეტ თვემდე.

“შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ” გაეროს 2006 წლის კონვენციის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, სხვა პირთა თანაბრად აქვთ: ექსპლუატაციის, ძალადობისა და შეურაცხყოფისაგან თავისუფლების უფლება, დამოუკიდებელი ცხოვრებისა და საზოგადოებაში ჩართვის უფლება, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, საცხოვრებლისა და ოჯახის პატივისცემის უფლება, განათლების უფლება, შრომისა და დასაქმების უფლება, ცხოვრების ადეკვატური სტანდარტის და სოციალური დაცვის უფლება, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება.

“შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად კი: სახელმწიფო მიერ უზრუნველყოფილ უნდა იქნას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამედიცინო, პროფესიული და სოციალური რეაბილიტაცია (მუხლები 13–16); შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს სახელმწიფო უქმნის აუცილებელ პირობებს განათლებისა და პროფესიული მომზადებისათვის (მუხლები 17–20); შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უფლება აქვთ იმუშაონ შრომის ჩვეულებრივი პირობების საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად (მუხლი 21).

თამრი სხულუხია

(C) ’17′-ის მასალების გამოყენების პირობები

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s