ეძღვნება მამაჩემს და ყველა მუშას, რომელსაც ხმა წაართვეს

ჭიათურის მაღაროები მუშაობას ოთხი თვით შეაჩერებენ. გადაწყვეტილება ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის მფლობელმა “ჯორჯიან მანგანეზმა” გაურკვეველი დროის წინ მიიღო. მაღაროებში დასაქმებულმა მუშებმა კი მხოლოდ ორი დღის წინ გაიგეს, რომ სამსახურის გარეშე რჩებიან, რაც ავტომატურად შემოსავლის წართმევას გულისხმობს. როგორც ცნობილი გახდა, დასაქმებულებს ხელფასის სამოცი პროცენტი შეუნარჩუნდებათ. სახელმწიფო აქედან საშემოსავლოს წაიღებს და ადამიანები განახევრებულ ხელფასზე ნაკლებით დარჩებიან. მათ უკან კი ხშირად ოჯახები დგას. საუბარია ათასობით ბავშვზსა და მოხუცზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე, რომელთა ერთადერთი მარჩენლები ხშირად მაღაროებში დასაქმებული ქალები და კაცები არიან.

გარდა საკუთარი თავისა და ოჯახის წევრებზე პასუხისმგებლობისა, მაღაროელებს ბანკის პასუხისმგებლობებიც აქვთ – კრედიტები, რომლებსაც დიდი ალბათობით არა თუ ჩამოაკლდება რამე ამ ხნის განმავლობაში, მხოლოდ შეემატება. ოჯახები კიდევ უფრო მეტი საბანკო კრედიტით, მეტი ნისიითა და ვალით დამძიმდებიან, რაც საბოლოოდ დაადებს მონობის უღელს ათასობით მუშას, მათი ხმა კიდევ უფრო მეტად მოემწყვდევა მიწისქვეშეთში, ვეღარავინ გაიგონებს.

არ ისმოდა მამაჩემის ხმაც.

მამაჩემი მაღაროელი იყო 2006 წლიდან 2012 წლამდე.

ჩემი სოფლიდან მაღარომდე 20  კილომეტრია, ავტობუსი კი ნახევარ მანძილს ფარავდა, ზამთარში საერთოდაც არ დადიოდა ხშირად. და ასე შუაღამისას ღამის ცვლაში მიმავალი მამაჩემი მთებში თოვლიან გზას დაადგებოდა ბებერი ძაღლისა და ფარნის ამარა. სამუშაოზე მისულს რვა საათიანი ცვლა – მიწისქვეშ მუშაობა, ყოველწუთიერი რისკი, დღიურ ულუფად კი ერთი ცალი მოხარშული კვერცხი, პურის ნაჭერი და ჭიქა რძე ელოდა. ხან სად წერდა განცხადებას, ხან ვისთან მიდიოდა, ითხოვდა, ღამის ცვლის დროს, მაინც მოეკითხა ავტობუსს სოფლამდე.

არავის გაუგონია მისი ხმა.

მამაჩემი მაღაროელი იყო, ვიდრე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ორივე ფეხს დაკარგავდა.

ახლა, როცა ვიგებ, რომ მაღაროები დროებით დაიხურება და მუშები მართალია მინიმალურ ანაზღაურებას, მაგრამ მაინც მიიღებენ, ვიფიქრე, იქნებ ამ ადამიანებისთვის კარგიც იყოს-მეთქი. დროებით ამოისუნთქავენ. სამსახურში არ ივლიან და ყოველდღიურად პურის ფული ექნებათ-მეთქი. მაგრამ მე არ უნდა ვიფიქრო არავის მაგივრად, მე მამაჩემის ნაცვლადაც არ შემიძლია ფიქრი.

ამასთან დაკავშირებით ერთი ამბავიც გამახსენდა მაღაროზე, ის ხომ ზოგჯერ ერთადერთი ადგილია ათასობით დასაქმებულისთვის, სადაც დადიან, მეგობრობენ, შრომობენ, შემოსავალს იღებენ. ერთხელ მეგობრის მაღაროელმა მამამ მითხრა, ასადგომი და წასასვლელი რომ ვარ სამუშაოზე, “ტანში მზარავსო”. წარმოსადგენად მძიმეო. მერე ავტობუსის გაჩერებაზე რომ გავდივარ, სახურავის ქვეშ ვდგები, მარცხენათი სიგარეტს ვუკიდებ და ყველაფერი ლაგდებაო. სიგარეტის მოკიდების წამიდან უკვე იმათიანი ვარ, ისინი კი ჩემიანები არიან, მიყვარს ჩემი ცხოვრებაო.

მართლაც, მაღაროები ერთმნიშვნელოვნად ჯოჯოხეთის მანქანები ნამდვილად არ არიან, ისინი ინახავენ მუშების შვილების სიცოცხლეებს, იხდიან სწავლის საფასურს, ყიდულობენ ტანსაცმელს. მაღაროები ქმნიან უდიდეს პრივილეგიას იქ დასამქმებულთათვის – ავითარებენ უდიდეს მეგობრულ, სოლიდარულ კავშირებს.

დღეს კი ამ ოთხთვიანი შეჩერებით, ათასობით ბავშვის სწავლას, ჯანმრთელობას, სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ათასობით მუშა უიმედობის რისკის წინაშე დგას – რა ეშველება ვალებს? რა ეშველება შვილებს? რა გვეშველება?

მამაჩემი გადარჩენილი მაღაროელია.

სხვებიც უნდა გადარჩნენ.

ავტორი: ქეთი ხუციშვილი

ფოტო: ბექა წიქარიშვილი

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

One Comment

  1. ლია 15/01/2016, 15:38

    ვინსეტ ვან გოგის ნახატი გამახსენდა მე 19 საუკუნის ბოლოდროინდელი მაღაროელი მუშებია: “კარტოფილის მჭამელები”
    სამწუხაროდ ჩვენი ქვეყანა ისევ მეცხრამეტე საუკუნეშია ადამიანზე ზრუნვის თვალსაზრისით.

    Like

    პასუხი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s