“თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი” 2006 წლიდან ფუნქციონირებს და ერთდროულად 225 პაციენტის მიღება შეუძლია. ცენტრის ინფრასტრუქტურა მისი ფუნქციონირების მანძილზე ჯერ არ განახლებულა. მისი განახლება, როგორც ცენტრის დირექტორის მოადგილე, კახა ყიფიანი ამბობს, ჯანდაცვის სამინისტროს პრეროგატივაა.

გარდა ინფრასტრუქტურული პრობლემისა, ცენტრს დაფინანსების პრობლემაც აქვს, რომლის ოდენობაც წლებია არ შეცვლილა. პრობლემაა ასევე სანიტრების, ექთნებისა და ექიმების ხელფასი.

“თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის” დირექტორის მოადგილე კლინიკურ დარგში კახა ყიფიანი გამოცემა “17”-თან საუბარში ამბობს, რომ იმ ფასად, რა ფასადაც წამლების შეძენა ადრე იყო შესაძლებელი, ახლა შეუძლებელია. შესაბამისად, მკურნალობის ხარისხი იკლებს, რადგან ამ თანხით ძვირადღირებული, მეოთხე-მეხუთე თაობის წამლების შეძენა შეუძლებელია.

ყიფიანი ასევე ამბობს, რომ ის ფინანსები, რაც ზოგადად ფსიქიატრიისთვის არის გამოყოფილი, სწორად განაწილებული არ არის და სისტემა მკვდრადშობილი და მახინჯია.

“თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრს” ორი ტიპის დაფინანსება აქვს. პირველი, მწვავე შემთხვევის და მეორე – ხანგრძლივი დაყოვნების პროგრამის დაფინანსება. ხანგრძლივი დაყოვნების პროგრამა დღეში 15 ლარით ფინანსდება და ის გათბობას, ხელფასებს, წამლებს, კვებას და პაციენტის სხვა საჭიროებებს ფარავს.

მეორე, მწვავე შემთხვევის დაფინანსება 840 ლარით განისაზღვრება და მნიშვნელობა არ აქვს ცენტრში პაციენტი ერთი კვირა დარჩება, ერთი თვე თუ ერთი წელი.

ყიფიანი ამბობს, რომ მწვავეობის კრიტერიუმის ამოწურვის შემდეგ პაციენტის ხანგრძლივ დაყოვნებაზე გადასვლა მარტივი პროცესია. თუმცა, პრობლემა სხვა ცენტრებიდან ხანგრძლივი დაყოვნების პროგრამაში პაციენტების მათთან გადმოყვანაა.

“ქალაქში არსებობს სხვა ფსიქიატრიული ცენტრები, რომელსაც მხოლოდ მწვავე შემთხვევის პროგრამა აქვს და 30 ადამიანზეა გათვლილი. ხშირად მიმართავენ ასეთ მეთოდს – შემოვა პაციენტი, დააყოვნებენ 7 დღე, შემდეგ გაუშვებენ. ერთი კვირის შემდეგ, ისევ შემოვა. ის სარგებლობს იმ 840 ლარიანი დაფინანსებით, როცა შესაძლებელია, რომ არ გავუშვათ და ხანგრძლივი დაყოვნების პროგრამაში გადავიყვანოთ”, – ამბობს ყიფიანი.

კახა ყიფიანი

კახა ყიფიანი

“თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრს” დაფინანსების ალტერნატიული წყარო არ აქვს. პერსონალის ხელფასებიც პაციენტების რაოდენობაზე და მწვავე პაციენტების მიღებაზეა დამოკიდებული.

კახა ყიფიანის თქმით, ექიმების ხელფასი მაქსიმუმ 800-900 ლარს აღწევს. ხოლო, ექთნების – 450, სანიტრების კი – 350 ლარს, დაქვითვის გარეშე.

“ეს ძალიან ცოტაა დღევანდელი ინფლაციის ფონზე. თან, ცენტრში ხელფასების გაზრდის არანაირი პერსპექტივა არ არის”, – ამბობს ყიფიანი.

ცენტრის ეზოში, სადაც პაციენტები სეირნობენ, ასფალტია დაგებული. დირექტორის მოადგილე ამბობს, რომ სახელმწიფოს მის გამწვანებაზე ამ დრომდე უნდა ეზრუნა.

“ეზოში ხეები უნდა დაერგოთ და ბალახის საფარი უნდა დაეგოთ. ცენტრში ამორტიზაცია დიდია და მას მიხედვა სჭირდება”, – ამბობს ყიფიანი.

რაც შეეხება ცენტრის ბენეფიციარების კვებას, ცენტრში კვების ჯერ კიდევ ის სტანდარტები მოქმედებს, რაც მისი გახსნისას დადგინდა. კახა ყიფიანის თქმით, “არავინ კითხულობს იმას, ამდენი წლის შემდეგ, როგორ შეიძლება იმავე ფასად იმავე პროდუქციის შეძენა”.

“თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის” სოციალური მუშაკი გიორგი მინასიდისი “17”-თან საუბარში ამბობს, რომ ცენტრს ამბულატორია, სტაციონარი და მობილური ჯგუფის სერვისი აქვს.

ცენტრის ამბულატორიით ის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანები სარგებლობენ, რომლებიც ყოველთვიურად მხოლოდ წამალს იღებენ. ხოლო, სტაციონარში გამწვავებული ფსიქიკური მდგომარეობის მქონე პაციენტები ხვდებიან.

მობილური ჯგუფის მომსახურებას ის ადამიანები იღებენ, რომლებიც ცენტრის ამბულატორიაში მიდიან და პარალელურად ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა გამწვავებული აქვთ.

3მობილური ჯგუფის სერვისი ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების 2015-2020 წლის სამოქმედო გეგმის ნაწილია. გარდა ამისა, ამ გეგმის მიხედვით გაწერილია დეინსტიტუციონალიზაცია, რომელიც სტაციონარების დაშლას და მოკლევადიან სტაციონირებას ითვალისწინებს.

გიორგი მინასიდისი ფიქრობს, რომ სტაციონარი უნდა იყოს დაწესებულება, სადაც გამწვავების შემთხვევაში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირი მივა, მიიღებს სერვისს და მას დასტაბილურებული მდგომარეობით დატოვებს.

“ვფიქრობ, თემზე ორიენტირება უფრო მიზანშეწონილია. ადამიანს, რომელიც აქედან გადის, არც სოციალური კომპეტენცია აქვს და საზოგადოებაში ყოფნისთვის აუცილებელი უნარებიც დაკარგული აქვს. როდესაც თემში  მიდიხარ, ოჯახთან და იმ სოციუმთან მუშაობ, სადაც ბენეფიციარი ცხოვრობს, რაც მეტად მნიშვნელოვანია. სოციალური მოდელი სწორედ ამით სჯობს სამედიცინო მოდელს”, – ამბობს მინასიდისი.

“თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის” ექთანი საიდ აჯიანცი ამბობს, რომ მობილური ჯგუფი სამი ადამიანისგან შედგება – ფსიქიატრი, ექთანი და სოციალური მუშაკი.

“ჩვენ მივდივართ თემში, მიგვაქვს მედიკამენტები და ვმუშაობთ მათი სოციალური პრობლემების აღმოფხვრაზეც. მომსახურება რეგიონების მიხედვითაც უნდა გაიზარდოს. აბსურდია, რომ მაგალითად ადამიანი მცხეთაში ცხოვრობს, აქ არ არის  დაწესებულება, სადაც წამალს მიიღებს და ამისთვის თბილისში მოდის. მობილური ჯგუფი ამ პროცესს გააადვილებს”, – ამბობს აჯიანცი.

“თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში” ბენეფიციარებისთვის არტ თერაპიის განყოფილება ფუნქციონირებს. ბენეფიციარები ფსიქოლოგის მომსახურებასაც იღებენ, მუშაობენ “მანდალებზე” და ა.შ. ცენტრის სოციალური მუშაკი  ამბობს, რომ ამ ყველაფერს მუსიკალური თერაპია და კარაოკე დაემატება. მისივე თქმით, თერაპიის ეს მეთოდები მათ ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას უწყობს ხელს.

“ასევე, ვიწყებთ “ზღაპრით თერაპიის” (fairy tale therapy) დანერგვას. ყოველი კვირის ბოლოს ჩვენი მიზნობრივი ჯგუფისთვის X-box ცეკვის კარაოკეს დახმარებით განხორციელდება “ცეკვის თერაპიის” (dance therapy) პროცედურა, ხოლო თვეში ორჯერ ბენეფიციარებს საშუალება ექნებათ დაწესებულების წარმომადგენლობასთან ერთად გამართონ ე.წ “slumber party-ები,” რაც საღამოს ერთად შეკრებას, სახალისო ფილმების ნახვასა და ჩაის მირთმევას გულისხმობს. ეს აქტივობები ხელს შეუწყობს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა სოციალური უნარებისა და სოციალური კომპეტენციის დასწავლა-გაუმჯობესებას და ბენეფიციარებს დღიური რუტინის სასიამოვნოდ წარმართვაში დაეხმარება”, – ამბობს მინასიდისი.

საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ არსებული ოფიციალური მონაცემებით 2013 წელს: 100 000 მოსახლეზე ფსიქიკური აშლილობების პრევალენტობა წარმოადგენს 1536-ს. ამავე პერიოდში დიაგნოსტირებული იყო ფსიქიკური აშლილობის 3020 ახალი შემთხვევა (67.3 შემთხვევა 100,000 მოსახლეზე)

“ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის და 2015-2020 წლის სამოქმედო გეგმის” მიხედვით, გეგმის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს მოსახლეობის ფსიქიკურ კეთილდღეობას, მოახდინოს ფსიქიკური დარღვევების პრევენცია, დაიცვას ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა უფლებები და შეამციროს საქართველოში ფსიქიკური აშლილობით გამოწვეული ავადობა და სიკვდილიანობა, უზრუნველყოს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა თვითგამორკვევა და საზოგადოებაში ინტეგრირება.

ამ მიდგომის თანახმად, რეგულარულად უნდა ხდებოდეს ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა საჭიროებების შეფასება, არსებული სამსახურების ანალიზი და, რეალობის გათვალისწინებით (ფინანსური შესაძლებლობები, კადრების მომზადების ხარისხი და სხვა) უნდა დაიგეგმოს პროცესი, რომელიც უზრუნველყოფს ჰოსპიტალური მკურნალობის დაბალანსებას (სასურველია ზოგადი პროფილის საავადმყოფოებში) და თემზე დაფუძნებული ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების გეგმაზომიერ განვითარებას.

თამრი სხულუხია

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s