სამოქალაქო პლატფორმაში “არა ფობიას!” შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს მიმართავენ და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის, სანდრო ბრეგაძის თანამდებობაზე დატოვების მიზანშეწონილობის საკითხზე იმსჯელონ.

გაზეთ “ასავალ-დასავალთან” 2016 წლის 11-17 იანვრის ინტერვიუში სანდრო ბრეგაძემ განაცხადა:

“ამ არარაობების წკმუტუნი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ვერაფერს დააკლებს, თუმცა ფაქტია, რომ რატი ამაღლობელის, ნინია კაკაბაძის, გიგი თევზაძისა და მათნაირების უზნეობამ ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბეს. ესენი არიან პარაზიტები, რომლებიც ეროვნულობისა და მართლმადიდებლობის წინააღმდეგ საბრძოლველად გამოყოფილი “30 ვერცხლით” იკვებებიან. 

გიგი თევზაძის, რატი ამაღლობელის, ნინია კაკაბაძის და მათნაირი ათეისტი ექსპერტების ადგილი ჯერ ფსიქიატრიულ კლინიკაშია, შემდეგ კი ისტორიის სანაგვეზე – სერგო ორჯონიკიძის, ფილიპე მახარაძის და საქართველოს სხვა მოღალატეების გვერდით!”

არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირებმა და ყველა იმ უწყების წარმომადგენელმა, ვისი საჯარო შეფასებებიც საზოგადოებრივი ინტერესის საგანია, თავი უნდა შეიკავონ ისეთი განცხადებების გაკეთებისგან, რომლებიც ხელს შეუწყობს შეუწყნარებლობის წახალისებას განსხვავებული მოსაზრებების გამოთქმის გამო.

“უკანასკნელ ხანებში სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა – 2015 წლის 15 ნოემბერს, თავდამსხმელებისთვის მიუღებელი მოსაზრებების გავრცელების გამო, ცივი იარაღით დაჭრეს მიხეილ ხუნდაძე, ორგანიზაცია “სტუდიო კამპუსის” დირექტორი; ამავე წლის 24 და 30 ნოემბერს იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაცხრილეს; 2016 წლის 12 დეკემბრის საღამოს, ერთ-ერთ რესტორანში, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ტელეკომპანია “ტაბულას” ჟურნალისტებს. თავდამსხმელთა თქმით, ტელეკომპანია მართლმადიდებელ ეკლესიას აკრიტიკებს, აქედან გამომდინარე, თავდასხმის საფუძველი მედიის მიერ განსხვავებული მოსაზრებებისა და კრიტიკული აზრის გავრცელება იყო. უნდა აღინიშნოს, რომ ტელეკომპანია “ტაბულა” რელიგიის თავისუფლების საკითხებს სისტემატურად აშუქებს და სივრცეს უთმობს საქართველოში ყველა რელიგიური დენომინაციისა და ჯგუფის წარმომადგენლებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ მსგავსი ფაქტების გახშირება გამოწვეულია სახელმწიფოს არაეფექტური პოლიტიკით შეუწყნარებლობით მოტივირებულ დანაშაულებთან მიმართებაში და მასზე გავლენას, სავარაუდოდ, ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მიერ შეუწყნარებლობის გამოვლენა და სიძულვილის ენის გავრცელებაც ახდენს.

ორგანიზაციები სანდრო ბრეგაძის სიძულვილის ენის გამოყენებისა და ძალადობისკენ მოწოდების სხვა შემთხვევებსაც იხსენებენ.

“2014 წლის 29 ოქტომბერს პლატფორმაში “არა ფობიას!” შემავალმა ორგანიზაციებმა მივმართეთ საქართველოს სახელმწიფო მინისტრს დიასპორის საკითხებში, სანდრო ბრეგაძის ინტერვიუს თაობაზე, რომელიც გაზეთ “კვირის პალიტრის” 2014 წლის 25 ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნდა და რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობის” ხელმძღვანელის ირაკლი ვაჭარაძის მიმართ აშკარა სიძულვილის ენას და ფიზიკური ანგარიშსწორებისკენ მოწოდებას შეიცავდა. 2015 წლის 10 იანვარს კი მივმართეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს სანდრო ბრეგაძის მიერ არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობას“ წევრებისა და მისი ყოფილი ხელმძღვანელის ირაკლი ვაჭარაძის ფიზიკური განადგურების მუქარის შემცველი გზავნილების სოციალური ქსელით გავრცელების გამო. სამწუხაროდ, არცერთ შემთხვევაში ჩვენს მიმართვას ადეკვატური რეაგირება არ მოჰყოლია.

გვსურს, კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ, რომ გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღირებულება და ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გარანტრებულია საქართველოს კონსტიტუციით. დემოკრატიული სახელმწიფო არ არსებობს ტოლერანტობისა და შემწყნარებლობის გარეშე. სახელმწიფო თანამდებობის პირს, როგორც საჯარო პოლიტიკის მწარმოებელს, ეკისრება მაღალი პასუხისმგებლობა, უზრუნველყოს ამ უფლების განუხრელი დაცვა. ხელისუფლების ვალდებულებაა, დაიცვას მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლება მაშინაც კი, როდესაც გამოთქმული აზრი საზოგადოების უმრავლესობისთვის მიუღებელია. ამისთვის, პირველ რიგში, თავად თანამდებობის პირებმა უნდა შეიკავონ თავი საჯაროდ სიძულვილისა და შეუწყნარებლობის გამოხატვისგან.

მიგვაჩნია, რომ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, ერთი მხრივ, ის ფაქტი, რომ მაღალი პოლტიკური თანამდებობის პირი, რომელიც სახელმწიფოს სახელით საუბრობს, სისტემატურად აღვივებს სიძულვილს და შეუწყნარებლობას  მისთვის მიუღებელი მოსაზრებების გამო, მეორე მხრივ, ის, რომ ხელისუფლება რეაგირების გარეშე ტოვებს ამგვარ გამოხატვას, რაც ბოლო დროს გახშირებულ ძალადობრივ ქმედებებზე აისახება”, – ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობოები პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკშვილს მიმართავენ და მოითხოვენ, იმსჯელოს თანამდებობაზე სანდრო ბრეგაძის დატოვების მიზანშეწონილობის საკითხზე, ვინაიდან მათი თქმით, მთავრობის მხრიდან ბრეგაძის საჯარო განცხადებების უგულებელყოფა მათ შეწყნარებად შეიძლება იქნას განმარტებული.

განცხადებას ხელს აწერენ საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა GDI, მედიის განვითარების ფონდი (MDF), ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), იდენტობა და საქართველოს რეფორმების ასოციაცია GRASS.

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s