ბოლო ორ კვირის მანძილზე საზოგადოებამ არასრულწლოვანთა სუიციდის ორი შემთხვევა გაიგო. ასეთი შემთხვევების მიმართ საზოგადოების ინტერესი ყოველთვის მაღალია და თვითმკვლელობის ფაქტებსაც მედია აქტიურად აშუქებს.

გამოცემა “17” მედიაში თვითმკვლელობის ფაქტების გაშუქებით დაინტერესდა. როგორც საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი, ნატა ძველიშვილი ამბობს, აღნიშნული თემა სენსიტიურია და შესაბამისად, ფრთხილ და დაკვირვებულ გაშუქებას საჭიროებს. ასევე, მისი თქმით, დღესდღეობით, მედიაში სუიციდის ფაქტები ზედაპირულად შუქდება და იგი, ძირითადად, სენსაციურ ელფერს ატარებს.

გარდა ამისა, ძველიშვილი ხაზს უსვამს ჟურნალისტის პასუხისმგებლობას, რომელიც მას საზოგადოების წინაშე აქვს.

როგორც ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი აღნიშნავს, თვითმკვლელობის ფაქტების გაშუქებისას ჟურნალისტის მხრიდან ხშირად ხდება უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა.

“თვითმკვლელობის გაშუქებისას, მედიამ კარგად უნდა გაიაზროს ის, რასაც მედია პროდუქტში ახლობლებზე დაყრდნობით, კომენტარის სახით ამბობს. მაგალითად, ახლობლები ხშირად აცხადებენ, რომ ეს კონკრეტული პირი თვითმკვლელობამდე მიიყვანა სხვა კონკრეტულმა პირმა და ბრალს დებენ სხვა ადამიანს. მედია კი ამას უცვლელად, კომენტარის სახით სთავაზობს ხოლმე მკითხველსა და მაყურებელს. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, ჟურნალისტებს გაცნობიერებული გვქონდეს, რომ ადამიანი ემოციურ ფონზე არარაციონალურ განცხადებას აკეთებს და ეს ყველაფერი ჟურნალისტს და მედიას არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან დაიცვას უდანაშაულობის პრეზუმფცია”, – აღნიშნავს ძველიშვილი “17”-თან საუბარში.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მსგავს საკითხზე მასალის მომზადებისას, ჟურნალისტი თავისუფალი იყოს სტერეოტიპებისა და კლიშეებისგან.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტერმინოლოგია იყოს შესაბამისი და გამოირიცხოს სტერეოტიპული დამოკიდებულება. მაგალითად, ჩვენთან არის ხოლმე ასეთი შემთხვევა – პირი იყო წარუმატებელი და გარკვეულ მიზეზებს ასახელებენ, რის გამოც, შესაძლოა მან თვითმკვლელობა გადაწყვიტა. სინამდვილეში კი საქმე ასე მარტივად და ცალსახად არ არის. ადამიანის წარუმატებლობა არ ნიშნავს იმას, რომ ის აუცილებლად სუიციდს მიმართავს. ჟურნალისტი უნდა ეცადოს, რომ ის კლიშეები და სტერეოტიპები კარგად ჰქონდეს გაცნობიერებული და არ მოექცეს ამ მათი გავლენის ქვეშ. როცა ვამბობ, რომ სიღრმისეულად უნდა გაშუქდეს სწორედ ამას ვგულისხმობ: მაგალითად, ვიღაცას ბანკის ვალი ჰქონდა და ამიტომ გადაწყვიტა მან თავის მოკვლა. ტენდენცია არ უნდა შექმნა, რომ ყველა ადამიანი, ვინც რაღაც პრობლემის გადაჭრას ვერ ახერხებს, მაინცდამაინც ამგვარ ქმედებას მიმართავს”.

აღსანიშნავია ისიც, რომ თვითმკვლელობების დაწვრილებითი გაშუქება, თვითმკვლელობის ტექნიკის აღწერა, არასრულწლოვანი მსხვერპლის ვინაობის გასაჯაროება და ა.შ. გარკვეულწილად გავლენას ახდენს სუიციდის შემთხვევების გახშირებაზე.

ფსიქოლოგი, მაია ცირამუა “17”-თან საუბარში აღნიშნავს, რომ მედიის მხრიდან ხშირად ხდება სუიციდის ფაქტის რომანტიზება, რაც განსაკუთრებით უარყოფითად ზემოქმედებს მოზარდებზე. ფსიქოლოგის თქმით, მედიამ არ უნდა დაუშვას, რომ სუიციდის მსხვერპლის ოჯახი საზოგადოების განკითხვის ობიექტად იქცეს, რადგან კვლევების მიხედვით, თვითმკვლელობების შემთხვევები მატულობს, როცა სუიციდის ფაქტი ფართო განსჯის საგნად იქცევა.

“განსაკუთრებით სახიფათოა მორალისტური განსჯები, შემთხვევის რომანტიზება და დრამატიზება. საშიშია, როცა სუიციდი მიეწოდება აუდიტორიას, როგორც “გამოსავალი” მძიმე ვითარებიდან, როგორც პროტესტი რაღაცის ან ვიღაცის მიმართ. ეს ყველაფერი უარყოფითად მოქმედებს ბავშვებსა და მოზარდებზე, რადგან მათთვის ეს პერიოდი ამბოხისა და პროტესტის ასაკია. განსაკუთრებით სახიფათოა, როდესაც თვითმკვლელობა “სცენად” გადაიქცევა და სუიციდის მსხვერპლი მოვლენების მთავარი გმირი ხდება. ეს ყველაფერი ძალიან მიმზიდველი ხდება მოზარდისთვის. შესაბამისად, დიდია რისკი იმისა, რომ ვინმემ ეს ყველაფერი გაიმეოროს, მიბაძოს და თავი მოიკლას”, – აღნიშნავს ცირამუა.

ფსიქოლოგის თქმით, მოზარდობის პერიოდისთვის სუიციდური აზრები ისედაც დამახასიათებელია და როდესაც ამ ყველაფერს მედიის მხრიდან არასწორად და არაპროფესიონალურად გაშუქებული სუიციდის ფაქტები ემატება, შესაძლოა ტრაგიკულ შედეგებამდე მივიდეთ.

მაია ცირამუა და ნატა ძველიშვილი თანხმდებიან, რომ ჟურნალისტებმა ტრაგიკული შემთხვევების, განსაკუთრებით, კი სუიციდის ფაქტების გაშუქებისას დიდი ყურადღება უნდა მიაქციონ ტერმინოლოგიას – ხომ არ გაამყარებს მისი მედია პროდუქტი საზოგადოებაში უკვე ისედაც არსებულ სტერეოტიპებს, ხომ არ ახდენს იგი ტრაგიკული ფაქტის რომანტიზებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ხომ არ ახდენს ის გაუთვიცნობიერებულად თვითმკვლელობის წახალისებას.

ანა სარალიძე

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები

2 Comments

  1. ძაან მომწონს თქვენი სტატიები ანა

    Like

    პასუხი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s