“დაწესებულებაში, რომელშიც წარმოებს ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურები ადამიანის კანის საფარველზე, მიკროორგანიზმების გავრცელების მაქსიმალური შეზღუდვისთვის, უნდა იცავდნენ ხელების ადეკვატურ ჰიგიენას; იყენებდნენ ხელთათმანებს; გარემო ობიექტები, ზედაპირები, აღჭურვილობა რუტინულად უნდა იწმინდებოდეს; დაწესებულებებში უნდა არსებობდეს სტერილიზაციისა და დეზინფექციის კარგი პრაქტიკა; ნარჩენები უსაფრთხოდ უნდა გროვდებოდეს; ინსტრუმენტებისა და სხვა საგნების რეცხვა-დამუშავებისას მომსახურე პერსონალი ყოველთვის უნდა იყენებდეს ინდივიდუალური დაცვის საშუალებებს, რათა დაცული იქნეს დაბინძურებული სითხის შხეფების მოხვედრისაგან კანსა და/ან ლორწოვან გარსზე” – ეს იმ წესების ნაწილია, რომელთა დაცვაც სილამაზისა და ტატუ სალონებს მოუწევთ.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სილამაზისა და ტატუ სალონების მონიტორინგს იწყებს. ჯანდაცვის სამსახურები, რომლებიც ყველა მუნიციპალიტეტში არსებობს, ესთეტიკური და კოსმეტოლოგიური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციებისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელებას შეამოწმებენ.

შემოწმდება სხვადასხვა ესთეტიკური და კოსმეტოლოგიური პროცედურა: აკუპუნქტურა, პირსინგი, ელექტროლიზისი, მიკროპიგმენტაცია, ფრჩხილების მანიკური და პედიკური, ტატუირება, ვაქსინგი და თმის მოვლა/პარსვა ადამიანის კანის საფარველზე. მონიტორები შეაფასებენ, სუფთავდება თუ არა სათანადოდ ზედაპირები, ხორციელდება თუ არა იმ ინსტრუმენტების სტერილიზაცია-დეზინფექცია, რომლებიც გამოიყენება ინვაზიური პროცედურებისას, ერთჯერადი ხელსაწყოები რეალურად ერთჯერადად გამოიყენება თუ არა და ა.შ.

ტექნიკური რეგლამენტი საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარული ნორმების დამტკიცების შესახებ, რომელიც 2015 წლის 14 სექტემბერს დამტკიცდა, ინფექციური დაავადებების გავრცელების პრევენციისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით შემუშავდა.

რეგლამენტი ძალაში 2016 წლის იანვარს შევიდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის პროგრამების მონიტორინგის სამსახურის უფროსი, ნათია ნოღაიდელი “17”-თან საუბარში ამბობს, რომ დაწესებულებებს რეგლამენტის გასაცნობად და მოსამზადებლად სამი თვე ჰქონდათ.

მისივე თქმით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სილამაზის და ტატუ სალონები რეგულირების გარეშე ფუნქციონირებდა. შესაბამისად, არც მათი მაკონტროლებელი უწყება არსებობდა.

ამ ეტაპზე ამ დაწესებულებების მონიტორინგი იწყება. მოხდება ინფექციის კუთხით არსებული მოთხოვნების შეფასება, მათთვის რეკომენდაციების მიცემა და ა.შ. ეს იქნება მხოლოდ მონიტორინგი და არ არის მიბმული სანქციებთან ან ჯარიმებსა და კონტროლთან.

სილამაზის სალონებს მუნიციპალიტეტის საშუალებით გადაეცათ ინსტრუქციები. რეგლამენტის მიღების დღიდან ამ დროის განმავლობაში ისინი გვიკავშირდებოდნენ, რათა სრულყოფილი ინფორმაცია მიეღოთ”, – ამბობს ნოღაიდელი.

ნოღაიდელი ამბობს, რომ ქვეყანაში სისხლით ინფექციების გადადების ალბათობა მაღალია, ამაში კი დიდი წვლილი არა მხოლოდ სამედიცინო, არამედ კოსმეტიკურ და ესთეტიკურ პროცედურებს მიუძღვით.

როდესაც ვლაპარაკობთ ინფექციების, მათ შორის C ჰეპატიტის პრევენციაზე, შეუძლებელია მივაღწიოთ მიზანს, თუ არ მოხდება ყველა იმ რისკის იდენტიფიცირება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება”, – ამბობს ნოღაიდელი.

შეგახსენებთ, რომ სილამაზისა და ტატუ სალონების მონიტორინგამდე ჯანდაცვის სამინისტრომ სტომატოლოგიური კაბინეტები შეამოწმა. სტომატოლოგიური კაბინეტების შემოწმების შედეგად, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ 223 დარღვევა აღმოაჩინა. სააგენტომ მთლიანობაში 477 სტომატოლოგიური დაწესებულება შეამოწმა.

თამრი სხულუხია

 (C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s