თამარ კორძაია: ძალიან რთულია გამოხვიდე და ემოციების გარეშე ისაუბრო ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციის 5 წლიან მიღწევებზე იმიტომ, რომ ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვას უკავშირდება ყოველთვის ემოციებთანაა დაკავშირებული.

ვეცდები, რომ არ მქონდეს პოლიტიკური ტექსტი. ვეცდები, ის უფრო მეტად ემოციურად და ადამიანურად იყოს დატვირთული.

პირველ რიგში მინდა გავიხსენო ის ფაქტი, როდესაც ჩემი, როგორც პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ცნეს 2013 წლის 17 მაისს და ეს იყო მძიმე დღე. ვისხედით პარლამენტში, ქუთაისში, მაშინ, როდესაც თბილისში საოცარი მოვლენები ხდებოდა. ეს უკავშირდება სწორედ იმ პასუხისმგებლობას, რაც შემდგომში მე, როგორც პარლამენტის წევრმა უნდა დავინახო ჩემს საქმიანობაში. არ იყო ეს მარტივი გასააზრებლად და ადამიანურად განსაცდელად.

ამ დარბაზში თითოეულ თქვენგანს გაქვთ ინდივიდუალური გამოცდილება თანასწორობისთვის ბრძოლის. ზოგს ეს გაგიხმოვანებიათ, ზოგს – არა, მაგრამ ამ ბრძოლაში ყველას გესმით ის, რას ნიშნავს თანასწორობისთვის ბრძოლა. ვიცით ის, რომ ყოველი ნაბიჯი, რომელიც თანასწორობისთვის ბრძოლას უკავშირდება არის მძიმე და რთული იმიტომ, რომ ყოველი კონკრეტული და ყველაზე მარტივი შემთხვევაც კი უკავშირდება სტერეოტიპების ნგრევას. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენთან ეს სტერეოტიპები რთულად დაძლევადია.

მეორე მძიმე ემოციური პერიოდი პარლამენტში, რა თქმა უნდა, უკავშირდებოდა სწორედ ამ სტერეოტიპების ნგრევის შესახებ კანონპროექტს, რომელიც ჩვენ მაინც მივიღეთ – ეს იყო ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება. ბრძოლა ამ კანონის მისაღებად იყო დაუნდობელი როგორც გარედან, ასევე შიგნიდან. ჩვენ ეს მაინც მივიღეთ. ვფიქრობ, რომ ასე ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ წინსვლა შეიძლება არ აკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნებს, იუბილარ “იდენტობას”, მაგრამ დღეს ჩვენ ინსტრუმენტების გაძლიერებაზე ვსაუბრობთ.

პირველი ნაბიჯი იმისა, კანონმდებელს საქართველოში ეღიარებინა, რომ ყველა თანასწორია განურჩევლად გენდერული იდენტობისა და სექსუალური უმცირესობისა, შედგა. თუმცა, დღესაც არის ზოგიერთი პარლამენტის წევრის მხრიდან საუბარი იმაზე, რომ ეს ტერმინები ამოვიღოთ ამ კანონიდან. დღეს ჩვენ ეს მდგომარეობა გვაქვს, ეს ვაღიარეთ და დღეს ჩვენ უნდა გადავდგათ შემდეგი ნაბიჯი, როდესაც ჩვენ შევქმნით რეალურ ინსტრუმენტებს მათი დაცვისთვის.

თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ მხოლოდ და მხოლოდ სამართლებრივი ინსტრუმენტების არსებობა არ არის საკმარისი. ინდივიდუალურ ბრძოლაში მე პირადად მიგრძვნია, რომ არ მელაპარაკებიან როგორც თანასწორს მხოლოდ იმიტომ, რომ ქალი ვარ. იმიტომ, რომ ჰგონიათ, მე ეს საკითხები არ მაინტერესებს, შეიძლება არ მოვისმინო და ვერც გავიგო, რაც კიდევ უფრო შეურაცხმყოფელია. ამიტომაც, ვფიქრობ, რომ მხოლოდ და მხოლოდ სამართლებრივი ცვლილებები არ არის საკმარისი. მე მგონი, ჩვენ ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ იმაში, რომ ვიპოვოთ საკუთარ თავში ძალა, ენერგია და სწრაფვა, რათა შევცვალოთ და დავინახოთ ის, ვისაც ვერ ხედავენ. მჯერა, რომ ჩვენ ამას შევძლებთ იმიტომ, რომ არსებობს “იდენტობა”. იმიტომ, რომ არსებობს თითოეული თქვენგანი, რომლებიც ამ დარბაზში სხედხართ და ყველა თქვენგანის მეგობარი, რომელსაც ამის სჯერა. თუ ვერ ვირწმუნებთ, რომ შევცვლით, ვერაფერსაც ვერ შევცვლით.

მჯერა, რომ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის საფუძველი ნამდვილად არის ადამიანის უფლებები და თანასწორობა. ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ამ თანასწორობას.


თამარ კორძაია – საპარლამენტო უმრავლესობის წევრი. “იდენტობას” 5 წლის იუბილეზე სიტყვით გამოსვლისას. 18 იანვარი, 2016.

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s